ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები: BBC VS MCN

AutoSharing Option
"პორტუსა" და "ლივერპულის" ფანებმა გვაპატიონ, მაგრამ მათ გარდა თითქმის ყველა მადრიდულ დაპირისპირებას ელის.

"რეალისა" და პსჟ-ის წყვილზე მას შემდეგ ლაპარაკობენ, რაც ეს გუნდები ერთმანეთს წილისყრაზე "გადაეყარნენ", "რეალი"-პსჟ-ს მოუთმენლად ელიან...

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ხვდება გუნდს, რომელიც "მანჩესტერ სიტისთან" ერთად ახლა ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს და რომლის შეჩერება ძნელი წარმოსადგენია. მაგრამ, როგორც ზინედინ ზიდანმა თქვა, "სამეფო კლუბი" ასეთი თამაშებისთვის არსებობს.

დიახ, ახლა ისინი სულაც არ არიან ფავორიტები პსჟ-სთან დაპირისპირებაში, მაგრამ "რეალმა" კარგად იცის, როგორ გაიაროს ეს ბარიერი. ყველას აინტერესებს, რას იზამს
კრიშტიანო რონალდო; როგორ ითამაშებს მადრიდში ნეიმარი, მაგრამ მთავარი ბრძოლა შუახაზში გვგონია.

კროოსის, მოდრიჩისა და კაზემიროს ტრიო ტოპ-ფორმაშია და მას ყველაფერი შეუძლია მოედანზე, მაგრამ არც პარიზულ ტრიოს დაეწუნება რამე. მით უფრო, ვარაუდობენ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ექსმადრიდელი ლასანა დიარა ითამაშებს, ვერატისა და რაბიოს გვერდიგვერდ.

"რეალის" შეტევაში ვარაუდობენ ცნობილ BBC-ს (ბეილი, ბენზემა, კრიშტიანო), რაც უკვე იშვიათი ხილია. სტუმრებიც სუპერტრიოთი შეუტევენ - MCN ისე არ ჟღერს, თითქოს, თუმცა მბაპეს, კავანისა და ნეიმარის კომბინაციაც ძალიან საშიშია.

მოკლედ, მთელი საფეხბურთო სამყარო გარინდებულია და ამ დაპირისპირებას ელის. "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის გარდა, ყველაფერი დაკარგა ამ სეზონში (ჩემპიონი ვეღარ გახდება, კოპადან სამარცხვინოდ გამოვარდა) და მას დასაკარგავი აღარაფერი აქვს, პსჟ კი უკვე მომწიფდა ძალიან დიდი მიზნებისთვის.

მომწიფდა კი? დღეს და 6 მარტს გავიგებთ. მაშ ასე, ფრანგი ფრანგების წინააღმდეგ, ესპანელი კი - ესპანელების...

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "არ ვფიქრობ ფრანგულ კლუბზე, ჩემთვის ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. მხოლოდ ის მაინტერესებს, თუ როგორ ფეხბურთს ითამაშებს "რეალი".

დიახ, მარსელელი ვარ და პარიზელებთან მუდმივი ქიშპობა გვაქვს მარსელელებს, მაგრამ ეს მადრიდია და არა მარსელი. არანაირი ზეწოლა. ჩვენ გვიხარია ამგვარი თამაშები, ჩვენ ვცოცხლობთ ასეთი თამაშებისთვის. ფანებს დიდი მატჩის ნახვა სურთ, მხოლოდ დიდი მატჩის".

უნაი ემერი (პსჟ-ის მწვრთნელი): "ჩვენი სურვილი შემდგომი "გაზრდაა". 12-გზის ჩემპიონების წინააღმდეგ ნოკაუტსისტემით თამაში კი ამის უებარი საშუალებაა. ეს არის კარგი შესაძლებლობა, ვნახოთ, ვინ ვართ, სად ვართ და სად უნდა წავიდეთ. როცა დიდ კლუბს ეთამაშები, ყოველი დრო კარგია, არ არსებობს ცუდი დროება. არ დაგვავიწყდეს, ვის ვეთამაშებით - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებს".

  • მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 მერვედფინალური ბარიერი გადალახა.
  • პსჟ-ს გასულ სეზონში ამ ეტაპზე საოცარი მარცხი შეემთხვა "ბარსელონასთან".
  • კრიშტიანო რონალდომ ბოლო 4 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
  • საპასუხო მატჩი 6 მარტს პარიზში გაიმართება.

ოთხშაბათი, 14 თებერვალი. 23:45
რეალი-პსჟ

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - ნაჩო, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, რონალდო
არ ითამაშებს: კარვახალი (დისკვალიფიკაცია), ვალიეხო
საეჭვოა: სებალიოსი

პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტ. სილვა, ი. ბერჩიჩე - ვერატი, ლ. დიარა, რაბიო - მბაპე, კავანი, ნეიმარი
არ ითამაშებს: ტიაგო მოტა
საეჭვოა: კურზავა

რომ არა, "რეალი"-პსჟ-ის სუპერდაპირისპირება, პორტუგალიაში გასამართავ თამაშს დასაწუნი არაფერი სჭირს და ეს თამაში ყურადღების ცენტრშიც მოექცეოდა. მით უფრო, რომ "პორტუ" დიდებულ ფორმაშია, "ლივერპულს" კი შესანიშნავად შეუძლია შეტევა.

არ ვიცით, რომელი მოიგებს, მაგრამ ბრწყინვალე სანახაობა რომ გველის, თითქმის გარანტირებულია.

სერჟიო კონსეისაო ("პორტუს" მწვრთნელი): "ვიცით, რომ დიდი კლუბის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, მაგრამ ბოლო კვირებია, რაც "პორტუც" მაღალ დონეზე ათამაშდა. ორივე გუნდს საკმარისი ისტორია უმაგრებს ზურგს, რომ საკუთარ თავში და საბოლოო წარმატებაში დარწმუნებული იყოს. "ლივერპულს" ინგლისის პრემიერლიგაში სიძლიერით მეორე შეტევის ხაზი ჰყავს და მეტოქე ძალზე სტაბილურია. მაგრამ, რა თქმა უნდა, "ლივერპულს" სუსტი მხარეებიც აქვს, როგორც ყველა გუნდს. ჩვენი მიზანია, მათი "აფეთქება" სუსტი წერტილებიდან მოვახერხოთ. ჩვენ შემუშავებული გვაქვს სტრატეგია და "პორტუს" რომ შეეფერება, ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ".

იურგენ კლოპი ("ლივერპულის" მწვრთნელი): "პორტუს" დიდად ვაფასებ. ეს კლუბი არის ფეხბურთისა და ბრძოლის ნაზავი, ახალგაზრდობისა და გამოცდილების მიქსი. "პორტუ" შესანიშნავად ორგანიზებული და გამართული მექანიზმია. მე მომწონს ის. მაგრამ, სიმართლე ითქვას, მათ არ უთამაშიათ ამ სეზონში 20-ჯერ ჩვენი დონის კლუბებთან. ასე რომ, ეს ჩვენი უპირატესობაა. "პორტუ" კარგია, მაგრამ არც "ლივერპულია" ცუდი და ჩვენ ეს კარგად ვიცით. ძალიან დაძაბული ორთაბრძოლები გველის, მაგრამ ამისთვის მზად ვართ".

  • "პორტუს" უკვე 24 თამაშია, რაც არ წაუგია.
  • ორივე გუნდს ერთად ჩემპიონთა თასი 7-ჯერ აქვს მოგებული.
  • ბოლო 9 წელიწადია, რაც "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში არ უთამაშია.
  • საპასუხო მატჩი "ენფილდზე" 6 მარტს გაიმართება.

ოთხშაბათი, 14 თებერვალი. 23:45
პორტუ-ლივერპული

სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ (4-4-2): ჟოზე სა - მაქსი პერეირა, მარკანო, რეიესი, ალექს ტელესი - რიკარდო, სერჟიო ოლივეირა, ერერა, ბრაჰიმი - მარეგა, სოარესი
არ ითამაშებს: ფელიპე (დისკვალიფიკაცია), დანილო
საეჭვოა: აბუბაქარი

ლივერპული (4-3-3): კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი - სალაჰი, ფირმინო, მანე
არ ითამაშებს: ემრე ჯანი (დისკვალიფიკაცია), კლაინი
საეჭვოა: გომესი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული