ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი: "იუვენტუსის" კარგი დასაწყისი და ცუდი დასასრული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "იუვენტუსი" ტურინში "ტოტენჰემთან" ფრეს დასჯერდა.

მართლაც ერთობ დაძაბული გამოდგა ეს მატჩი, რომლის მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში გონსალო იგუაინმა, შემდეგ კი პენალტით მეორედ დალაშქრა უგო ლორისის კარი. არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე სწრაფი დუბლი მიითვალა - 8 წუთსა და 7 წამში. აქამდე რეკორდი "ინტერის" ყოფილ ფორვარდს ხულიო კრუზს ეკუთვნოდა. მან 2006/2007 წლების სეზონში ორი გოლი მოსკოვის "სპარტაკს" 8 წუთსა და 30 წამში გაუტანა.

პიპიტას შესვენებამდე ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ თერთმეტმეტრიანიდან ბურთი ხარიხას გაარტყა.

"დეზების" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა
კი 35-ე წუთზე გაიტანა გოლი. შეგახსენებთ, ბიანკონერის მცველი ჯორჯო კიელინი სწორედ მას უფრთხოდა და ამბობდა, მარტო მის ნეიტრალიზებას ვერ მოვახერხებო. კეინმა ლიგაზე თავის პირველ 9 მატჩში 9 გოლი გაიტანა და რეკორდსმენი გახდა. ჰარიმ "ლაციოს" ექს-ფორვარდის სიმეონე ინძაგის რეკორდი დაამხო (9 გოლი 10 შეხვედრაში). ბარემ გეტყვით, რომ ლეო მესიმ ამ ტურნირზე პირველ 9 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, რონალდომ კი - არც ერთი.

ცნობისათვის, აქამდე 100 დღის მანძილზე "იუვეს" საკუთარ მოედანზე გოლი არ ჰქონდა გაშვებული. ჯიჯი ბუფონი კი 40 წელს გადაცილებული მე-13 ფეხბურთელი შეიქნა, ვინაც ამ ტურნირზე იასპარეზა.

მეორე ტაიმში ბუფონმა კრისტიან ერიკსენისგან საჯარიმოდან არგასაშვები გოლი გაუშვა და "ბებერმა ქალბატონმა" კარგად დაწყებული საქმე უხეიროდ დაასრულა - 2:2 საპასუხო მატჩის წინ "ტოტენჰემისთვის" მშვენიერი შედეგია.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
იუვენტუსი-ტოტენჰემი 2:2
გოლები: 1:0 იგუაინი (2), 2:0 იგუაინი (9-პენ), 2:1 კეინი (35), 2:2 ერიქსენი (72)
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - დე შილიო, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა (66. ბენტანკური), პიანიჩი, ბერნარდესკი - დუგლას კოშტა (90+2. ასამოა), მანჯუკიჩი (76. სტურარო), იგუაინი.
ტოტენჰემი (4-3-3): ლორის - ორიე, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი, ბ. დევისი - ერიქსენი (90+2. ვანიამა), დაიერი, დემბელე - ლამელა (89. ლუკას მოურა), ალი (83. სონი), კანე.
გამოუყენებელი პენალტი: იგუაინი (45+2. იუვენტუსი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული