ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური: პსჟ შეუჩერებელია

AutoSharing Option
22 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღეს ყველაზე შთამბეჭდავად "პარი სენ ჟერმენმა“ იასპარეზა, რომელმაც საკუთარ მოედანზე გლაზგოს "სელტიკი“ გააბითურა.

A ჯგუფში ცსკა-მ მოსკოვში 2:0 დაამარცხა ლისაბონის "ბენფიკა“. ამ შეხვედრაში ღირსშესანიშნავი ფაქტი მოხდა. არმიელთა კიპერს იგორ აკინფეევს აქამდე ტურნირზე ზედიზედ 43 მატჩში ქონდა გოლები გაშვებული, ამჯერად კი კარი მშრალად შეინახა.

"ბაზელმა“ სახლში 89-ე წუთზე მიხაელ ლანგის მიერ გატანილი გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა "მანჩესტერი“. "იუნაიტედში“ 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც პირველი ფეხბურთელია, ვინაც ჩემპიონთა ლიგაზე
7 სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში ითამაშა. შვეიცარიული გუნდი უკანასკნელ ტურში ლისაბონში "ბენფიკას“ ხვდება, ცსკა კი "ოლდ ტრაფორდზე“ "მანიუს“.
„მანჩესტერი“ 12, „ბაზელი“ 9, ცსკა 9, ბენფიკა 0

B ჯგუფში პსჟ-მ "პარკ დე პრენსზე“ აბუჩად აიგდო "სელტიკი“ (7:1). დუბლები ნეიმარმა და ედინსონ კავანიმ შეასრულეს. კავანიმ "პარი სენ ჟერმენში“ 216-ე მატჩში ჯერ 150-ე, ხოლო შემდეგ 151-ე გოლი გაიტანა. პარიზულმა გუნდმა ხუთივე მატჩში გამარჯვება იზეიმა, 24 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა და 5 ტურში გატანილი გოლების რეკორდი დაამყარა.

"ბაიერნმა“ ბრიუსელში 2:1 მოუგო "ანდერლეხტს“. მოკლედ, ბელგიური გუნდი ისევ დამარცხდა, თუმცა მიმდინარე ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა. თამაშის დაწყებამდე ბავარიულის გუნდის გულშემატკივრებმა ბილეთების მაღალი ფასის (100 ევრო) გამო პროტესტის ნიშნად მოედანზე ფალსიფიცირებული კუპიურები გადაყარეს. "რეკორდმაისტერმა“ მწვრთნელის იუპ ჰაინკესი დაბრუნების შემდეგ ყველა ტურნირზე მიჯრით 9 მატჩი მოიგო (22 გოლი გაიტანა და 4 გაუშვა).
პსჟ 15, ბაიერნი 12, სელტიკი 3, ანდერლეხტი 0

C ჯგუფში მსაჯმა მე-19 წუთზე ვილიანთან უხეშობისათვის წითელი ბარათი უჩვენა "ყარაბაღის“ მცველს რაშად სადიხოვს, აზერბაიჯანული გუნდის კარში პენალტი დანიშნა, რომელიც "ჩელსის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა გამოიყენა, ამის შემდეგ "ჩელსიმ“ კიდევ 3 უპასუხო გოლი გაიტანა, 4:0 მოიგო და პლეი-ოფში გავიდა. "არისტოკრატების მენეჯერმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ვერ დაინახა მეტოქის ფეხბურთელის გაძევების მომენტი, ნომერ პირველი ამოცანა შეასრულეს და ახლა "ლივერპულთან“ დასაპირისპირებლად მოემზადებიან.

"ყარაბაღის“ მწვრთნელმა ყურბან ყურბანოვმა კი დაიჩივლა, რომ სადიხოვის გაძევებამ ფეხბურთელები შოკში ჩააგდო, გატეხა, პენალტი იყო, წითელ ბარათს სადიხოვი არ იმსახურებდა, უეფაში ჩივილს არ აპირებენ, რადგან უაზრობაა, საერთოდ ტურნირზე დაჩაგრეს და ნუთუ ასეთი პატარანი არიან, ასე უსამართლოდ რომ ექცევიან.

"ატლეტიკომ“ მადრიდში 69-ე წუთზე ანტუან გრიზმანის ლამაზი მაკრატელათი გახსნა "რომასთან“ შეხვედრაში ანგარიში, მერე არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა სტუმართა გუნდის ფეხბურთელს ბრუნო პერესს და 85-ე წუთზე კევინ გამეირომ მეორედ დაამწუხრა მეკარე ალისონი (2:0).

თუმცა, როხიბლანკოს შემდეგ ეტაპზე გასვლის მიზერული შანსი რჩება, რადგან "რომა“ 2 ქულით უსწრებს და 5 დეკემბერს ბოლო ტურში "ყარაბაღს“ მასპინძლობს.
ჩელსი 10, რომა 8, ატლეტიკო 6, ყარაბაღი 2

D ჯგუფში ტურნში "იუვენტუსი“ და "ბარსელონა“ მოსაწყენ მატჩში დაზავდნენ (0:0), ხოლო "სპორტინგმა“ 3:1 დაამარცხა "ოლიმპიაკოსი“.
ბოლო ტურში "სპორტინგი“ "ბარსას“ ესტუმრება, "იუვენტუსი“ კი "ოლიმპიაკოსს“.
ბარსელონა 11, იუვენტუსი 8, სპორტინგი 7, ოლიმპიაკოსი 1
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული