ტრანსფერ-ONLINE: 29 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
13:21. "მილანი" ახლოს არის სუსოსთან კონტრაქტის გასაგრძელებლად. ესპანელმა სერია A-ს პირველ ორ ტურში ორი გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა.

13:28. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჰოლანდიელი მცველი გრეგორი ვან დერ ვილი "ფენერბაჰჩედან" "კალიარიში" გადავიდა. ტრანსფერის თანხა და სხვა დეტალები უცნობია.

13:41. "მალაგას" ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ "ბორდომ" ესპანურ კლუბში გაუშვა ურუგვაელი დიეგო როლანი.

13:48. კვლავ გაჩნდა ინფორმაცია "იუვენტუსის" მხრიდან "რომას" ნახევარმცველ კევინ სტროტმანით დაინტერესებაზე.

13:57. ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს "ჩელსიზე" მეტად "ლივერპულში" გადასვლა ურჩევნია. Sky Sports-ს ეჭვი არ ეპარება, რომ ნახევარმცველი სულ მალე
დატოვებს "არსენალს".

14:11. "მონაკომ", შესაძლოა, ტომ ლემარიც დაკარგოს. "ლივერპული" მზად არის ამ ფეხბურთელში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. მონაკოელებმა წინა ორი წინადადება უარყვეს. ვნახოთ, რა იქნება მესამის შემთხვევაში.

14:19. გაზეთი The Sun-ი წერს, რომ "ბარსელონა" კიდევ ორ ფეხბურთელს გაიფორმებს სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე - ფილიპე კოუტინიოსა და ანხელ დი მარიას. ინგლისელებმა ეს ინფორმაცია "ბარსას" დირექტორ რობერტ ფერნანდესზე დაყრდნობით გაავრცელეს.

14:34. Sky Italia ირწმუნება, რომ "იუვენტუსი" "შალკედან" შეიძენს ბენედიქტ ჰიოვედესს. ჯერ იქნება იჯარა 3.5 მილიონად და შემდეგ გამოსყიდვა - 11.5 მილიონად. კონტრაქტის გაფორმება ოთხშაბათისთვის არის დაგეგმილი. ამ ტრანსფერის შემდეგ კვადვო ასამოა ტურინიდან "გალათასარაიში" გაემგზავრება.

14:39. ალესანდრო მატრი მზად არის სერია B-ში დაეშვას. 33 წლის იტალიელი მოლაპარაკებებს აწარმოებს "პარმასთან", რომელიც ორი სეზონის წინ გაკოტრდა და ახლა სიძლიერით მეორე დივიზიონში დაბრუნდა. მატრიმ შარშან "სასუოლოს" შემადგენლობაში 8 გოლი გაიტანა.

14:46. "არსენალში" გამოაცხადეს, რომ ალექსის სანჩესის ტრანსფერზე წინადადება არ ყოფილა და ჩილელი 100 პროცენტით დარჩება თავის ამჟამინდელ კლუბში.

14:52. მოულოდნელი ინფორმაცია 90min.com-სგან: ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" არიენ რობენის ხილვა სურს.

15:00. "ლესტერის" ფორვარდი ჯეიმი ვარდი "ევერტონის" პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე გახდა. ლივერპულელებს რომელუ ლუკაკუს წასვლის შემდეგ აღარ ჰყავთ კლასიკური ცენტრალური ფორვარდი. ვარდი ასევე აინტერესებს "ჩელსის", რომელიც დიეგო კოშტას შემცვლელს ეძებს.

15:07. "ლიონმა" შეიძინა პაპე შეიხ დიოპი "მალაგადან". კონტრაქტი ხუთწლიანია, სატრანსფერო თანხა 10 მილიონს შეადგენს.

15:28. "ბაიერნმა" მოუგო ბრძოლა "არსენალს", "მანჩესეტერ იუნაიტედს", "ჩელსისა" და "ევერტონს" "ფეიენოორდის" 17 წლის ფეხბურთელ ჯოშუა ზირკზისთვის, - წერს გაზეთი The Sun-ი.

15:36. "ლაციოს" შემტევი ბალდე კეიტა ახლოს არის "მონაკოში" გადასვლასთან, - იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო. ტრანსფერის თანხა ყოველგვარი ბონუსის გარეშე 30 მილიონი ევროა.

16:00. "მანჩესტერ სიტის" ალექსის სანჩესის გადაბირება სურს და მზად არის გარიგებაში ჩართოს რაჰიმ სტერლინგი. ეს ინფორმაცია ESPN-ს ეკუთვნის.

16:17. ემრე მორი ვიგოში ჩავიდა, რათა ხელი მოაწეროს "სელტასთან" კონტრაქტს, - იტყობინება Marca. ახალგაზრდა თურქი ესპანელებს 13 მილიონი ევრო უჯდებათ. ამ თანხას ემრეს ყოფილი გუნდი "დორტმუნდი" მიიღებს.

16:29. Daily Mirror-ი "ჩელსიში" უშვებს "დორტმუნდის" მცველ ნევენ სუბოტიჩს.

16:44. "ჩელსი" ახლოსაა ორ ტრანსფერთან, რომელთა საერთო თანხაა 80.6 მილიონი ევრო. ლაპარაკია დანიელ დრინკუოტერსა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენზე. თუმცა, გავიმეორებთ, რომ ამ ფეხბურთელებს დიდად "ჩელსში" გადასვლა არ უნდათ.

16:51. "ლივერპულის" მესამე წინადადება. მერსისაიდელები ლემარისთვის 80 მილიონ ევროს იხდიან და დივოკ ორიჯისაც ამატებენ.

17:12. "მონაკოს" ჯერ არ გაუშვია კილიან მბაპე და უკვე უპოვა მას შემცვლელი. საფრანგეთის ჩემპიონმა 11 მილიონად შეიძინა "ინტერიდან" სტევან იოვეტიჩი და მასთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იოვეტიჩს მე-10 ნომერი მისცეს.

17:28. "მილანის" მცველმა გაბრიელ პალეტამ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "ლაციოსთან". ახლა კლუბებმა ტრანსფერზე უნდა მოილაპარაკონ.

18:14. "სამპდორიამ" "რომაში" გაყიდა პატრიკ შიკი და ახლა მის შემცვლელს ეძებს. კანდიდატი ორია: მუნირ ელ-ჰადადი "ბარსელონადან" და დუვან საპატა "ნაპოლიდან".

18:20. "ლესტერი" დაინტერესებულია "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველ გჟეგოჟ კრიხოვიაკით, რომელსაც არ აეწყო კარიერა პარიზულ კლუბში.

18:34. "ვალენსიამ" დაბლოკა ესეკილ გარაის ტრანსფერი ნებისმიერ კლუბში. ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ არგენტინელი მთავარი ფიგურაა დაცვის ცენტრში.

18:42. მადრიდის "ატლეტიკომ" მაინც შეიძინა დიეგო კოშტა "ჩელსიდან". AS-ის ინფორმაციით, მადრიდელებმა 34 მილიონი ევრო გადაიხადეს და მალე წარადგენენ ფორვარდს. თუმცა, დიეგო იანვრამდე ვერ ითამაშებს "ატლეტიკოს" რიგებში სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო.

18:51. "არსენალმა" "ბრაიტონს" შესთავაზა მატიო დებუში. ლონდონელებს იმედი აქვთ, რომ 32 წლის ფრანგს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოიშორებენ.

18:58. "ლივერპული" აკვირდება მადრიდის "რეალის" ხორვატი ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის სიტუაციას. თუმცა კონკრეტულ წინადადებამდე საქმე ჯერ არ მისულა.

19:10. "ნიუკასლი" მალე ახალი ტრანსფერის შესახებ გამოაცხადებს. ლაპარაკია ისლანდიელ ვიდარ ორნ კიარტანსონზე, რომელიც თელ-ავივის "მაკაბიში" თამაშობს. ტრანსფერის პოტენციური ოდენობაა 8.6 მილიონი ევრო.

19:46. "მონაკომ" შეიძინა სტევან იოვეტიჩი, თითქმის მიაღწია შეთანხმებას "ლაციოსთან" ბალდე კეიტასთან დაკავშირებით, ახლა კი La Stampa-ს ინფორმაციით, ბელოტის ჯერი დადგა. "ტორინოს" ფორვარდის შეძენა "ჩელსისა" და "მილანს" სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. "მონაკო" გამოასწორებს ამ სიტუაციას 80 მილიონი ევროთი.

19:55. ოფიციალურად! ემრე მორი "სელტას" ფეხბურთელი გახდა.

20:11. "იუვენტუსმა" შეთანხმებას მიაღწია "ლივერპულთან" ემრე ჩანის ტრანსფერის თაობაზე, - წერს Gazzetta dello Sport-ი. გერმანელი "ბებერ ქალბატონს" მომავალი წლის ზაფხულში შეუერთდება, როცა ამოიწურება კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან.

20:19. "ჩელსიმ" უნგრეთის "უიპეშტიდან" იყიდა აზარი. ეს არის ედენის ძმა, ოღონდ არა ტორგანი, არამედ კილიანი. მისი ამპლუა შემტევი ნახევარმცველია.

20:26. პატრიკ შიკი "რომაში" მე-14 ნომრით ითამაშებს.

20:34. გაბრიელ ბარბოზა "ინტერიდან" "ბენფიკაში" გადავა, ოღონდ ეს ტრანსფერი იმ შემთხვევაში შედგება, თუ "ბენფიკადან" "ვესტ ჰემში" წავა მექსიკელი რაულ ხიმენესი. ამგვარი სქემის შესახებ talkSPORT-ი წერს.

20:46. "არსენალმა" "მანჩესტერ სიტის" ალექსის სანჩესის სანაცვლოდ არა რაჰიმ სტერლინგი, არამედ სერხიო აგუერო მოთხოვა.

20:56. "ვესტ ბრომვიჩმა" ბოლო მომენტში დაასწრო "უოტფორდს" კირან გიბზის შეძენა. "არსენალის" მცველის სამედიცინო შემოწმება დღეს არის დაგეგმილი. 27 წლის ფეხბურთელი "ვესტ ბრომვიჩს" 7.5 მილიონი ევრო დაუჯდება.

21:03. გაზეთ L'Equipe-ის ინფორმაციით, "სელტიკის" ფორვარდი მუსა დემბელე "მარსელს" სჭირდება. სხვა დეტალი ცნობილი არ არის.

21:10. შკოდრან მუსტაფის "ინტერში" წასვლა სურს, მაგრამ ლივერპულური სირცხვილის შემდეგ "არსენალი" არ აპირებს გერმანელის გაშვებას.

21:17. "ნიუკასლმა" შეათანხმა "ნორვიჩთან" გრანტ ჰენლის ტრანსფერი. მცველი მალე გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

21:44. "ბარსელონა" გაყიდის მცველ მარლონს "ნიცაში". ჯერ იქნება ორწლიანი იჯარა, შემდეგ გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ.

21:48. ლეონარდო პავოლეტი "ნაპოლიდან" კალიარიში" მიდის, - წერს Football Italia. ფორვარდი 12 მილიონ ევროდ იცვლის კლუბს. ერთი წლით ადრე ლეონარდო "ჯენოადან" შეიძინეს, სადაც თავდამსხმელმა 34 მატჩში 17 გოლი გაიტანა, მაგრამ ნეაპოლში წააგო კონკურენცია მერტენსთან და მილიკთან.

21:53. დაბოლოს, საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე მყოფი მბაპე სამედიცინო შემოწმებას გადის "პარი სენ-ჟერმენისთვის", - წერს BBC Sport-ი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული