ტრანსფერ-online: 28 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
13:45. ჯერ კიდევ გუშინ The Guardian წერდა, რომ "ლივერპული" მონაკოელი ლემარის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდიდა, ახლა კი L'Equipe-ი ირწმუნება, რომ თანხა 72 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

13:52. "მონაკო" ლემარს შეცვლის სტევან იოვეტიჩით "ინტერიდან". L'Equipe-ი წერს, რომ იოვეტიჩი "მარსელთან" მატჩს "ლუი II"-ის ტრიბუნებიდან უყურებდა და მალე დაასრულებს "მონაკოში" გადასვლას.

14:00. "ვესტ ბრომვიჩის" მცველ ჯონი ევანსისთვის ბრძოლაში "ლესტერიც" ჩაერთო. ინგლისის ყოფილი ჩემპიონი ცენტრალურ მცველში 25 მილიონ ევროს იხდის. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ევანსით ინტერესდებოდა "მანჩესტერ სიტი".

14:11. "საუთჰემპტონმა" გამოაცხადა, რომ ჰოლანდიელი მცველი
ვირჯილ ვან დეიკი არ წავა კლუბიდან ამ საზაფხულო ფანჯრისას.

14:16. "ლივერპულის" მეკარე სიმონ მინოლე არ მონაწილეობდა "არსენალთან" საკვირაო მატჩში, რადგან, შესაძლოა, "ნაპოლიში" ამოჰყოს თავი.

14:17. პეპე რეინა "ნაპოლიდან" პსჟ-ში შეიძლება გადავიდეს და სწორედ მის შემცვლელად სურთ იტალიელებს მინოლე, თუმცა გამოჩნდა კიდევ ერთი ვარიანტი - ხერონიმო რული "სოსიედადიდან".

14:21. TeleFoot-ი წერს, რომ "ლიონმა" უარი თქვა 18 წლის ფორვარდ მიზიან მაოლიდას "ბარსელონაში" 8 მილიონად გაშვებაზე.

14:42. მუსა სისოკომ "ტოტენჰემიდან", შესაძლოა, "ინტერის" შემადგენლობა შეავსოს. მილანელებს სურთ ბალდე კეიტა "ლაციოდან", ხოლო სისოკოს ვარიანტი სათადარიგოა.

15:00. "ინტერის" კონკურენტი ბალდე კეიტასთვის ბრძოლაში არის "იუვენტუსი". ტურინელებმა 25 მილიონამდე გაზარდეს წინადადება.

15:04. ინტერნეტში გაჟონა სტევან იოვეტიჩის ფოტომ "მონაკოს" მაისურით. მას ზურგზე "ათიანი" აწერია, ეს კი "მონაკოში" კილიან მბაპეს ნომერია... L'Equipe-ი ადასტურებს, რომ იოვეტიჩი 11 მილიონად გადავიდა საფრანგეთის ჩემპიონის რიგებში.

15:14. "ლესტერმა" კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს დაუმიზნა - "მანჩესტერ იუნაიტედის" კრის სმოლინგს, რომელსაც ძირითადში ადგილი წაართვა ლინდელოფმა.

15:22. "ბარსელონას" სათადარიგო მარლონ სანტოსი "ნიცაში" გადაბარგდება. ამაში დარწმუნებულია Mundo Deportivo. ორწლიანი იჯარა მალე გაფორმდება.

15:28. პატრიკ კლუივერტის ცხრა წლის ვაჟი შეინი პსჟ-დან "ბარსელონას" აკადემიაში გადავიდა.

15:43. Le Parisien-ი აღნიშნავს, რომ იულიან დრაქსლერი - "დორტმუნდის" ახალი სამიზნეა. გერმანელის წარმომადგენლები შეხვდნენ ფეხბურთელს პარიზში, თუმცა, თავად ნახევარმცველს არ სურს ბუნდესლიგაში დაბრუნება.

16:24. "სამპდორიას" ფეხბურთელი პატრიკ შიკი "რომაში" გადავა იჯარით, რის შემდეგაც, 2018 წელს, რომაელები მას 33 მილიონად გამოისყიდიან.

16:36. "ფიორენტინამ" იჯარით აიყვანა "ემპოლიდან" ვენსან ლორინი. ფრანგი ფლორენციელებს მხოლოდ 2 მილიონი ევრო დაუჯდათ.

16:51. უსმან დემბელეს გაშვების შემდეგ "დორტმუნდის" პირველი შენაძენი გახდა კიევის "დინამოს" კაპიტანი ანდრეი იარმოლენკო. ფორვარდმა გერმანულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

"იარმოლენკო ის მოთამაშეა, რომელზეც დიდი ხანი ვნადირობდით, - განაცხადა დორტმუნდელთა სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა. - ის უმაღლეს დონეზე თამაშობს კლუბშიც და უკრაინის ნაკრებშიც".

27 წლის უკრაინელი ახალ კლუბში მეცხრე ნომრით ითამაშებს. ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა ტრანსფერის თანხა, თუმცა პრესაში დაიწერა 25 მილიონი ევროს შესახებ.

17:11. "პარი სენ-ჟერმენის" მცველმა სერჟ ორიემ ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა "ტოტენჰემთან". ახლა ფეხბურთელი ინგლისში მუშაობის ნებართვას ელოდება, - წერს ESPN.

17:23. "ვალენსიას" ფორვარდი სანტი მინა "ბეტისში" გადავა. სევილიურ კლუბს მესამე ფორვარდი სურს ანტონიო სანაბრიასთან და სერხიო ლეონთან ერთად.

17:30. პაპე შეიხ დიოპი "სელტადან" "ლიონში" გადავა. ფრანგულმა კლუბმა უკვე გააკეთა 15-მილიონიანი წინადადება და ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი მალე ჩაფრინდება ლიონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად. ადრე ამ ნახევარმცველით "ტოტენჰემიც" ინტერესდებოდა, მაგრამ ესპანურ კლუბს არ მოეწონა ლონდონელთა შეთავაზება - 9 მილიონი ევრო.

17:35. ლუიშ ნეტო "ზენიტიდან" "ფენერბაჰჩეში" გადადის. თურქულ კლუბს პორტუგალიელის იჯარა ერთი მილიონი ევრო დაუჯდება, ხელფასი კი წელიწადში 2 მილიონი ევრო იქნება. Fanatik-ის ინფორმაციით, ნეტო დღეს ჩავა სტამბოლში კონტრაქტის გასაფორმებლად.

17:49. იარმოლენკოს ტრანსფერი "დორტმუნდში" იმას ნიშნავს, რომ ემრე მორი არ დაბრუნდება გერმანულ გუნდში. Marca თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მორი "სელტაში" გაემგზავრება. ფეხბურთელის აგენტი აცხადებს, რომ ფორვარდი კმაყოფილია ამგვარი ვარიანტით.

17:51. გაზეთ The Times-ის ინფორმაციით, გადაწყდა ნაბი კეიტას გადასვლა "ლაიპციგიდან" "ლივერპულში". ყველაფერი შემდეგნაირად მოხდება: "ლივერპული" გადაიხდის კეიტაში 52 მილიონ ევროს, ერთი წლით დატოვებს ნახევარმცველს გერმანიაში და 2018-19 წლების სეზონში გაიფორმებს.

18:05. "იუვენტუსმა", შესაძლოა, იტალიის ნაკრების მცველით შეავსოს შემადგენლობა. ლეონარდო სპინაცოლას "ატალანტას" დატოვება სურს და უკვე დაწერა "ინსტაგრამზე", რომ ტურინში უნდა გადაბარგება.

18:17. Sky Sports-ის წყარო იუწყება, რომ "ტოტენჰემმა" შეათანხმა "ესტუდიანტესის" მცველის, ხუან ფოიტის ტრანსფერი. გარიგება დასრულდება სამედიცინო შემოწმების შემდეგ, რომელსაც დღეს ჩაატარებენ.

18:25. ზორან ტოშიჩმა ამ ზაფხულს დატოვა მოსკოვის ცსკა თავისუფალი აგენტის სტატუსით და გუშინ "პარტიზანში" ჩაირიცხა. მშობლიურ გუნდთან მან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

18:35. "იუვენტუსი" ჯერ ისევ ეძებს ლეონარდო ბონუჩის შემცვლელს და ინგლისისკენ იყურება. ტურინელებმა, შესაძლოა, გადაიბირონ შკოდრან მუსტაფი "არსენალიდან", რომელზეც "ინტერიც" ნადირობს. ESPN იმასაც წერს, რომ "იუვენტუსი" ბენედიკტ ჰიოვედესთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს.

18:44. "სამპდორიას" პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ დაადასტურა პატრიკ შიკის ტრანსფერი "რომაში".

18:52. "სუონსი" 14 მილიონ ევროს სთავაზობს "მანესტერ სიტის" ფორვარდ ვილფრედ ბონში, - ამის შესახებ წერს Daily Mail-ი. ეს "გედების" მეორე მცდელობაა.

18:56. სიმ დე იონგი ტოვებს "ნიუკასლს" და ბრუნდება "აიაქსში" სრულფასოვანი ტრანსფერის უფლებით. 28 წლის ჰოლანდიელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

19:00. "ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ უარყო ყველანაირი ჭორი ბალდე კეიტასთან დაკავშირებით - არანაირი შეთანხმება "მონაკოსთან" ან "ინტერთან" არ არსებობს.

19:15. "მონაკომ" განაახლა თავისი ინტერესი "ტორინოს" ფორვარდ ანდრეა ბელოტისთან დაკავშირებით. საფრანგეთის ჩემპიონს მალე ბევრი ფული ექნება კილიან მბაპეს გაყიდვით. ამიტომაც მონაკოელებს ძლიერი ფორვარდის შეძენა სურთ, - წერს Calciomercato.com-ი.

19:22. რენატო სანჩესმა, რომელსაც "ლივერპულში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, შესაძლოა, უელსში ამოჰყოს თავი! Wales Online-ი წერს, რომ "სუონსი" სერიოზულ წინადადებას ამზადებს "ბაიერნისთვის" პორტუგალიელთან დაკავშირებით.

19:30. ფილიპე კოუტინიო მაინც გადავა "ბარსელონაში". წყარო beIN Sports-დან იტყობინება, რომ გარიგება სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე შედგება.

19:36. "ჩელსი" მოელაპარაკა "არსენალს" ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენზე! Sky Sports-ის ინფორმაციით, კლუბებმა ყველაფერი შეათანხმეს. ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად ინგლისის ნაკრებშია შეკრებაზე, "სტემფორდ ბრიჯზე" 38 მილიონ ევროდ გადადის.

19:40. ამასობაში, "ჩელსი" დატოვა ჟერემი ბოგამ. მან ლონდონურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და იჯარით "ბირმინგემში" წავიდა.

19:44. "რენმა" კონტრაქტი გააფორმა ჩეხ გოლკიპერ ტომაშ კუბეკთან. პრაღის "სპარტას" ყოფილმა მეკარემ ოთხწლიანი ხელშეკრულება მიიღო.

19:47. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლაციოს" ყოფილი ნახევარმცველი რეიველ მორისონი მექსიკის "ატლასში" გადავა. გასული სეზონი 24 წლის ფეხბურთელმა "ქუინზ პარკში" გაატარა.

20:00. როგორც ჩანს, კეიტას ნაცვლად "ლაიპციგში" "ლევერკუზენის" ნახევარმცველი კევინ კამპლი გადავა. "ფარმაცევტებს" უკვე მიმართეს პირველი წინადადებით - 20 მილიონი ევრო, რომელიც უარყვეს, - წერს "კიკერი".

20:10. საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გამოაცხადა, რომ კილიან მბაპემ, შესაძლოა, "პარი სენ-ჟერმენისთვის" სამედიცინო შემოწმება ნაკრებში ყოფნისას გაიაროს.

20:14. ცნობილი გახდა, რომ "ნაპოლი" მზად არის, "სოსიედადის" მეკარე ხერონიმო რულისთვის 26 მილიონი ევრო დახარჯოს.

20:20. ავსტრიელმა კევინ ვიმერმა სამედიცინო შემოწმება გაიარა "სტოკ სიტისთვის". "ტოტენჰემის" ყოფილი მცველის ტრანსფერის ღირებულება 16 მილიონი ევროა.

20:33. "გალათასარაიმ" გააუმჯობესა წინადადება "იუვენტუსის" განელი გარემარბისთვის, კვადვო ასამოასთვის. ახლა მასში 10 მილიონ ევროს იხდიან. ტრანსფერი შედგება მაშინ, როცა "შალკე" გაყიდის ტურინში ბენედიკტ ჰიოვედესს.

20:52. ამ სატრანსფერო ფანჯრისას როს ბარკლი "ევერტონს" დატოვებს. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელზე მთავარ პრეტენდენტად "ჩელსი" და "ტოტენჰემი" სახელდება.

21:03. "ტორინო" გეგმავს "სტოკ სიტიდან" ჟანელი იმბულას გაფორმებას. Gazzamercato.it-ის ცნობით, იტალიური კლუბი ამ გზით აპირებს შუა ხაზის გაძლიერებას. ინგლისელები ნახევარმცველს მხოლოდ 16 მილიონ ევროდ გაუშვებენ.

21:35. "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი პატრიკ რობერტსი კიდევ ერთ წელს გაატარებს იჯარით შოტლანდიურ "სელტიკსში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული