იმერეთი-ჩიხურა - ოფლის დაუღვრელად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 3-ის ბინადარ ხონის "იმერეთის" თასის ნახევარფინალში გასვლა უკვე სენსაცია იყო.

აქამდე საქართველოს თასის გათამაშებაში მესამელიგელს ნახევარფინალამდე არასდროს მიუღწევია.

ხონელებმა ამით პატარა ისტორია უკვე დაწერეს და დასაკარგავი "ჩიხაურასთანაც" არაფერი ჰქონდათ. ეროვნული ლიგის ბინადართან მარცხის გამო მათ არავინ გაკიცხავს, მოგება კი დიდი გმირობის ტოლფასი იქნებოდა...

თუმცა, სიურპრიზი აღარ მოხდა. საჩხერელებს თასზე მწარე გამოცდილება ჰქონდათ, როცა გასულ წელს ნახევარფინალში "მერანთან" 0:3 წააგეს და შეცდომას რომ აღარ გაიმეორებდნენ, საწყისი წუთებიდანვე გამოჩნდა.

სოსო ფრუიძის გუნდი სათამაშოდ მობილიზებული გავიდა და პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი.
გუნდების სათამაშო კლასში დიდი სხვაობა იყო. საჩხერელები მეტოქეს ბურთთან მიკარების საშუალებას იშვიათად აძლევდნენ და სულ მათ საჯარიმოსთან ტრიალებდნენ.

პირველი გოლი "სტანდარტულს" მოჰყვა. მე-19 წუთზე, გიორგი გაბედავას კუთხურის შემდეგ, ლევან კაკუბავამ თავურით გახსნა ანგარიში. ხუთიოდე წუთში "ჩიხურას" ბომბარდირმა დიმიტრი ტატანაშვილმა ორამდე გაზარდა ანგარიში.

მასპინძლის რანგში მოთამაშე "იმერეთმა" პირველად კარისკენ 34-ე წუთზე დაარტყა, თუმცა ჯუმბერ ხმელიძის "ნასროლი" მიზანს ასცდა. სამაგიეროდ, კვლავ იხეირეს საჩხერელებმა - გიორგი კორიფაძის გადაცემის შემდეგ მიშიკო სარდალიშვილმა ზუსტად დაარტყა და მეორე ტაიმი ფორმალობად აქცია.

შესვენების შემდეგ "ჩიხურა" ცოტა მოეშვა, ძირითადად, მოედნის ცენტრში ათამაშებდა ბურთს და თამაშის გამწვავებას აღარ ცდილობდა. ამან მასპინძლები გაათამამა. ხონელები შეტევაში უფრო ხშირად გადადიოდნენ, მაგრამ კარში დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა, "ჩიხურამ კი მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა და 79-ე წუთზე შეცვლაზე შესული ბაჩანა ცხადაძის გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა სარდალიშვილმა დუბლი გაიფორმა - 0:4.

ხონელებს ძალიან უნდოდათ პრესტიჟის გოლის გატანა და საამისოდ ცდასაც არ აკლებდნენ.

კარგად ჩაერთვნენ თამაშში მათე აშვეთია და გივი ძაძამია. მასპინძელთა მხრიდან ყველაზე სახიფათო მომენტი სწორედ ძაძამიამ შექმნა, რომლის დარტყმის შემდეგ "ჩიხურა" ძელმა იხსნა.

მერე შეტევაში წასულ ხონელებს კიდევ ერთი კონტრშეტევა გამოეპარათ და სარდალიშვილის გადაცემით ტატანაშვილმა ძლიერად და ზუსტად დაარტყა - 0:5.

ამრიგად, "ჩიხურა" ფინალში ზედმეტი ოფლის დაუღვრელად გავიდა. "იმერეთი" კი, დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, უნდა შევაქოთ - როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მესამელიგელისთვის თასის ნახევარფინალში გასვლა უკვე წარმატებაა. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირველი წრის შემდეგ ხონელთა შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა. გუნდი ათმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა და ასეთ ვითარებაში გამოცდილ "ჩიხურასთან" პაექრობაში ძალები მართლაც რომ არათანაბარი იყო.

01.11. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა
იმერეთი-ჩიხურა 0:5
0:1 კაკუბავა (19. გაბედავას პასით), 0:2 ტატანაშვილი (24), 0:3 სარდალიშვილი (37. კორიფაძის პასით), 0:4 სარდალიშვილი (79. ცხადაძის პასით), 0:5 ტატანაშვილი (88. სარდალიშვილის პასით)
იმერეთი (4-3-2-1): ჯოხაძე - ნიკურაძე, ხელაძე, მანაგაძე, ლობჟანიძე - სულაძე, საღარეიშვილი, გაბუნია - ხანთაძე (46. კუხალაშვილი), კოხრეიძე (64. აშვეთია) - ხმელიძე (83. ხმელიძე).
სათადარიგოები: ფანცულაია, უგულავა
მწვრთნელი: დავით ჭელიძე
ჩიხურა (4-1-4-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, მირცხულავა, კაკუბავა (60. ფონიავა), ჩიკვაიძე - დობროვოლსკი (60. განუგრავა) - გაბედავა, გორგიაშვილი (74. ცხადაძე), სარდალიშვილი, ივანიშვილი - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, გრიგალაშვილი, ლექვთაძე, დეკანოიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული