ტორპედო-დინამო - კვასხვაძემ მოიგერია, ტაბატაძემ გადაწყვიტა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის ლიდერების პაექრობა თასის ნახევარფინალში გაგრძელდა. "ტორპედოსა" და "დინამოს" შეხვედრებს ინტრიგა არასდროს მოჰკლებია და გამონაკლისი არც ეს დაპირისპირება ყოფილა. მატჩი საინტერესო და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.

საგოლე მომენტების მიუხედავად, ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. თასის მეორე ფინალისტის ვინაობა კი პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელშიც უფრო იღბლიანები ქუთათურები აღმოჩნდნენ...

არადა, შესაძლებელი იყო, ყველაფერი ძირითად დროს გაერკვია. საწყისი წუთებიდანვე გუნდები სწრაფ ტემპში ცდილობდნენ თამაშს და მომენტებიც ორივე კართან იქმნებოდა. პირველ ტაიმში გუნდები სახიფათო იერიშებს ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან ახორციელებდნენ. ქუთაისელთა რიგებში გრიგოლ დოლიძე
იყო გამორჩეული, რომლის ფლანგური გარღვევები თბილისელებს თავის ტკივილად ექცათ.

"ტორპედოს" ვეტერანმა ნახევარმცველმა პირველ ტაიმში სამჯერ თავადაც ძალზე სახიფათოდ დაარტყა. პირველად მისი გასროლის შემდეგ ბურთი მცველს მოხვდა და მცირე მანძილით ასცდა კარს. ტაიმის ბოლოსკენ დოლიძემ თავისივე გამომუშავებული სახიფათო ჯარიმა შეასრულა, რომელიც თბილისელებმა კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრეს. მესამე მცდელობისას კი მისი უძლიერესი დარტყმა მეკარე სერგეი ლიტოვჩენკომ გაჭირვებით მოიგერია.

გოლის გატანის შესაძლებლობა ჰქონდათ ლევან კუტალიას და თორნიკე კაპანაძესაც, მაგრამ მათი დარტყმები არაზუსტი გამოდგა. "დინამო" თავიდან "სტანდარტულებით" ამწვავებდა ვითარებას. კუთხურის შემდეგ ლაშა სალუქვაძე ვარდნაში ურტყამდა თავით, მაგრამ, მასპინძელთა საბედნიეროდ, ბურთი კარს ასცდა, ლაშა თოთაძის ძალზე სახიფათო საჯარიმო დარტყმა კი როინ კვასხვაძემ მოიგერია.

მარჯვენა ფლანგზე აქტიური იყო აკაკი შულაია. მან რამდენჯერმე სახიფათოდ ჩააწოდა მასპინძელთა საჯარიმოში, სადაც შეტევების დაგვირგვინებას თბილისელთა გამოკვეთილი ფორვარდი ბექა ქავთარაძე ცდილობდა, მაგრამ მას კარში დარტყმის საშუალება მცველებმა არ მისცეს.

მეორე ნახევარი კახა ჩხეტიანის შეგირდებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, თუმცა რეალური საგოლე მომენტები, ცოტა არ იყოს, დაუგვიანდათ. მატჩის განახლებიდან თითქმის 20 წუთი იყო გასული, როცა გუგა ფალავანდიშვილმა შორიდან "დააქუხა" და სტუმრები გოლისგან ლიტოვჩენკომ იხსნა - ბურთი გადავიდა კუთხურზე, საიდანაც დოლიძემ პირდაპირ კარში ჩაახვია, მაგრამ მხოლოდ ძელი შეაზანზარა.

ამის შემდეგ ქუთაისელებმა შეცდომებს უხშირეს და "დინამოს" რამდენჯერმე შეეძლო მათი დასჯა, თუმცა ჯერ ქავთარაძემ ვერ გამოიყენა რეალური მომენტი, ხოლო შემდეგ შეცვლაზე შესული ლაშა ქოჩლაძის უძლიერესი დარტყმა როინ კვასხვაძემ მოიგერია. გუნდებმა ვერც დარჩენილ დროში მოახერხეს გატანა და ფინალისტის გამოსავლენად დამატებითი 30 წუთი გახდა საჭირო.

დოლიძეს შეეძლო, მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ ოვერტაიმში ორი რეალური საგოლე მომენტი გაანიავა. საბოლოოდ, გამარჯვებული დამატებით დროშიც ვერ გამოვლინდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. მატჩის გმირი გახდა კვასხვაძე, რომელმაც დავით კობოურის პენალტი მოიგერია. გადამწყვეტი დარტყმა კი ვაჟა ტაბატაძემ შეასრულა და "ტორპედო" თასის ფინალში გავიდა, სადაც საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდება.

01.11. ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო-დინამო (თბ) 0:0 (პენ. 5:4)
პენალტების სერია: 0:1 კიტეიშვილი, 1:1 კუტალია, 1:2 გეგეჭკორი, 2:2 კუხიანიძე, 2:2 შულაია (ააცილა), 3:2 ბაბუნაშვილი, 3:3 ქავთარაძე, 3:3 გურული (ხარიხა), 4:3 თოთაძე, 4:4 დოლიძე, 4:4 კობოური (მეკარე), 5:4 ტაბატაძე

ტორპედო (4-2-3-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, გურული, ხურცილავა, ქიმაძე - ფალავანდიშვილი (105. ბაბუნაშვილი), მამასახლისი (80. გიგაური) - დოლიძე, კუხიანიძე, კუტალია - კაპანაძე (74. ბერიაშვილი).
სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, კორობკა, კვირკვია
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

დინამო (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - გეგეჭკორი, სალუქვაძე, თოთაძე, კობოური - ზარია (68. ქოჩლაძე), ქარდავა - შულაია, კიტეიშვილი, მიქელთაძე (62. კვარაცხელია) - ქავთარაძე.
სათადარიგოები: რევიშვილი, მიშენკო, კუცია, ნინუა, გადრანი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გაფრთხილება: ხურცილავა (17), კობოური (35), ზარია (47), ფალავანდიშვილი (52), კვასხვაძე (71), შულაია (90), გიგაური (120)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არა უშავს ბიჭებო! ხდება ასეთებიც. მთავარია სულით არ დაეცეთ და ჩვეული შემართებით გააგრძელოთ ჩემპიონობისთვის ბრძოლა. ჩვენ გვჯერა თქვენი და დარწმუნებულნი ვართ, რომ თავს არ დაზოგავთ.სულ ცოტა დარჩა და აბა თქვენ იცით,ძალები მოიკრიბეთ და დასცხეთ! "ტორპედოს" კი ვულოცავ გამარჯვებას და ფინალში წარმატებას ვუსურვებ!.............წინ "დინამო"!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
levani kaxeti
12:40 02-11-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული