ჩიხურა-დილა 3:0 - სრული უპირატესობით... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალურ მატჩში საჩხერის "ჩიხურამ" გორის "დილას" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში გავიდა.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ დასაწყისში გორელებმა ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. ოღონდ, ეგ იყო, რომ მათმა შემტევმა გოგიტა გოგატიშვილმა ამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლა - პირველად მეკარე დინო ჰამზიჩმა მოიგერია დარტყმა, მეორედ კი მიზანს ააცილა.

ამის შემდეგ შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და თამაშის ფინალიც ლოგიკური გამოდგა. "ჩიხურამ" თამაში მას შემდეგ გამოასწორა, რაც მოედანზე გიორგი გაბედავა გამოჩნდა. 38-ე წუთზე მან გიორგი
კორიფაძის ფლანგურ გადაცემას თავი დაუხვედრა და ბურთი ძელს მოარტყა, დამატებაზე კი დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა - 1:0.

43-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა მეორედ აიღო მეტოქის კარი - მას კარის წინ ბურთი კვლავ გაბედავამ დაუგდო და მასპინძლებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.

იცით, რომ გორელებს ისრაელიდან თენგიზ წიქარიძე დაუბრუნდათ. გუნდი თასიდან კი გავარდა, მაგრამ ეროვნულ ლიგაში წიქარიძე "დილას" დიდ სამსახურს რომ გაუწევს, ორი აზრი არ არის, მანამდე კი მისი არყოფნა გორელებს აშკარად ეტყობოდათ...

თუმცა, გუშინ მას იღბალმა უმტყუნა: 56-ე წუთზე საჩხერელთა საჯარიმოში შეიჭრა ჟეან დერეტი, რომელიც მეკარე დინო ჰამზიჩმა წესების დარღვევით შეაჩერა. არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა საჩხერელთა ბოსნიელი მეკარე მოედნიდან გააძევა, კარში ზურაბ მწყერაშვილი დადგა, წიქარიძემ კი 11-მეტრიანის ნიშნულიდან ბურთი კარს ააცილა...

74-ე წუთზე ტატანაშვილმა ულამაზესი გოლით დუბლი გაიფორმა: მეტოქის საჯარიმოში ეფექტურად ჩამოიშორა ორი მცველი და შორეულ კუთხეში დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 15 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი
13.09. ივანწმინდა
ჩიხურა-დილა 3:0
გოლები: 1:0 ტატანაშვილი (37. გაბედავას პასით), 2:0 სარდალიშვილი (43. გაბედავას პასით), 3:0 ტატანაშვილი (74)
ჩიხურა: ჰამზიჩი, კორიფაძე, კაშია, მირცხულავა, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაკუბავა, ფონიავა (30. გაბედავა), ივანიშვილი (56. მწყერაშვილი), სარდალიშვილი (75. დეკანოიძე), ტატანაშვილი.
სათადარიგოები: თორ. გრიგალაშვილი, განუგრავა, მესხი, გორგიაშვილი
დილა: მ. მუჯრიშვილი, გ. მაჩაიძე, კუსიანი (69. მოდებაძე), კვახაძე, აბუბაკარი, ლ. რაზმაძე, წიქარიძე (72. ფანცულაია), ნონიკაშვილი (62. კირკიტაძე), დერეტი, ფლავიო, გოგატიშვილი.
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ძარია, აშორტია, პედრინიო
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გაფრთხილებები: აბუბაქარი (57), ჩიკვაიძე (62), მაჩაიძე (68)
გაძევება: ჰამზიჩი (56. ჩიხურა)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული