ლაგოდეხში ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 თებერვალს ლაგოდეხის ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს.

გახსნის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური პირები, მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

გახსნის ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ლევან კობიაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის, პროექტის მიზნებზე ისაუბრა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს
წარმატებები უსურვა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა 2018 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ წინსვლაზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, დღეს ნოდარ ახალკაცის სახელობის სფფ აკადემია გაიხსნა. ლაგოდეხის ბაზაზე ახალი საფარი დაიგო, დამონტაჟდა ახალი განათება და შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ეს ყველაფერი კი საშუალებას გვაძლევს აკადემიამ სრულყოფილად იმუშაოს. ამ აკადემიაში ორი გუნდი იქნება, რომელებიც აქ იცხოვრებენ, ივარჯიშებენ და, რა თქმა უნდა, განათლებას მიიღებენ. განათლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის აკადემია სრულიად კახეთის რეგიონს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღნიშნული აკადემია რიგით მესამეა. ერთი ცენტრალური ფილიალი თბილისშია, მეორე დასავლეთ საქართველოში - კერძოდ ზუგდიდში, მესამე კი, კახეთში გავხსენით. ეს წინსვლა საშუალებას გვაძლევს, რომ რაც შეიძლება ბევრი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში და ამით ხელი შევუწყოთ ქართული ფეხბურთის განვითარებას.“

რეგიონისათვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან ფეხბურთის ფედერაციას გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და ლაგოდეხში აკადემიის გახსნა დადებითად შეაფასა. ირაკლი კობახიძემ, ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარება და მასში ჩართული ადამიანების ზრდა, დადებით გავლენას იქონიებს ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებაზე.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა და მედიის წარმომადგენლები ტექნიკური ცენტრი დაათვალიერეს და აკადემიის მოთამაშეებს უშუალო გარემოში გაესაუბრნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული ტექნიკური ცენტრის სრული რეკონსტრუქციისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიცია გაწია. სფფ-ის სრული დაფინანსებით, ლაგოდეხის ბაზაზე სტადიონის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა და დაიგო ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ამასთანავე, სტადიონი აღიჭურვა 300 ლუქსიანი განათების სისტემით. სათამაშო მოედნის მოწყობასთან ერთად ბაზის ცენტრალურ შენობას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა - სრულად შეიცვალა კონდიცირების სისტემა და განახლდა ელექტროენერგიის წყარო.

ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი სულ 110 ადამიანზეა გათვლილი.

ნოდარ ახალკაცის სახელობის სფფ აკადემიის მთავარ მწვრთნელად გიორგი ნუსხელიძე იმუშავებს, მისი დამხმარეები კი ადგილობრივი სპეციალისტები - ალექსანდრე ჯაფარიძე, შიო შეყელაშვილი და ვახტანგ თანდაშვილი იქნებიან.

ლაგოდეხის განახლებულ ბაზაზე მომავალში სრულფასოვანი შეკრების გავლა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს შეეძლებათ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ბოლო პერიოდში უკვე მეორე აკადემია გაიხსნა, ძალიან მაგარია ! ახლა კარგი ჯვება, კარგი საფეზბურთო და საშუალო განათლება და ასაკობრივ ნაკრებებში პროგრესი იქნება და ეროვნულის პროგრესიც არ დააყოვნებს. წარმატებები
Dave
15:41 15-02-2018
0
ამათ ჭიშკარი ვერ შეუღებიათ,რისი გამკეთებლები არიან?!!!
irakli batumidan
02:59 15-02-2018
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული