გავუსწოროთ თვალი პრობლემებს - ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის მიზეზები

AutoSharing Option
ჩვენს ქვეყანაში ხშირად იტყვიან ხოლმე - "ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო", ან ეს ასეც შეიძლება ითქვას - "არაფერი გაუკეთებია, ამდენს მიაღწია, რომ ეშრომა, რაღას იზამდაო".

რამდენიმე დღის უკან ერთ-ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელთან, გიორგი ქოჩორაშვილთან ინტერვიუ ჩავწერე, რომელმაც მითხრა, ბევრი ფეხბურთელი პირველი ხელფასის შემდეგ სპორტს იმდენ ყურადღებას აღარ უთმობსო...

მსოფლიო სპორტი რომ ფინანსებმა წალეკა და არარეალური გარიგებები კეთდება, ფაქტია, თუმცა ამ გარიგებამდე მისვლას ხომ დიდი შრომა და პროფესიონალიზმი სჭირდება. ალბათ, ყველა შევთანხმდებით, რომ მსოფლიოს ყველაზე
ძვირად ღირებულ ფეხბურთელად არც ნეიმარი დაბადებულა და "ოქროს ბურთი" კრიშტიანო რონალდოს კარიერაში ხუთჯერ "ჩაწყობით" არ მოუგია.

აგერ, უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ვწერთ პრობლემაზე, რომელიც ქართულ სპორტში ერთ-ერთ მთავარ თავსატეხად იქცა.

ინტერვიუ ისე არ ჩაივლის, რომ რესპონდენტს არ ვკითხოთ - "რატომ ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზაციას ქართველი ფეხბურთელები ქვეყნის ფარგლებს გარეთ?" - პასუხი სხვადასხვაა... ზოგი ამას აკლიმატიზაციას აბრალებს, ზოგიც ენის ბარიერს უტრიალებს; არიან ისეთებიც და მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია, რომლებიც ამბობენ, მწვრთნელი შეიცვალა და ახალი მწვრთნელი არ მათამაშებდაო.

ირაკლი სირბილაძემ, რომელიც ფინეთის მე-3 ლიგის გუნდში გადავიდა, თქვა - ინფრასტრუქტურის პრობლემა აქ მე-4 ლიგაშიც კი არ აწუხებთ და შორიდან ყველაფრის ყურება ადვილი ჩანსო. მისივე თქმით, ჩვენს უმაღლეს ლიგაში 2-3 გუნდს თუ აქვს ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც ფინეთის დაბალ ლიგებშია და ამიტომ არ მინდოდა საქართველოში დაბრუნებაო. ანუ პრობლემა ინფრასტრუქტურის არქონაა.

აქვე გაჩნდება კითხვა, პოლიგლოტად ალბათ არც კახი კალაძე დაბადებულა ან როგორ გადიოდა შოთა არველაძე აკლიმატიზაციას, ან მწვრთნელი ლევან კობიაშვილს არ შეცვლია?! მაშ, როგორ მიაღწიეს ამ ფეხბურთელებმა წარმატებას, როგორ ითამაშეს დიდი ფეხბურთი, რომლებსაც თავიანთ გუნდებში დღესაც იხსენებენ? ესე იგი, რა გამოდის, დღეს ქართველ ფეხბურთელებს შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი აკლიათ.

ერთ-ერთი ბოლო ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა, ბუდუ ზივზივაძეა. თბილისის "დინამოში" დაბრუნებულმა ფორვარდმა თქვა, "ესბიერგში" ჩემი წასვლა შეცდომა იყოო და იქვე დაამატა: ყველას ვურჩევდი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდი არ დატოვონ და აგენტებს არ დაუჯერენო.

აქვე, ამის საპირისპირო არგუმენტსაც მოვიყვანთ. დაახლოებით ერთი თვის წინ "ბალმაზიუვაროშში" ლაშა შინდაგორიძე ჩაირიცხა, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ადრეც ირჯებოდა. შინდაგორიძემ კი ზივზივაძისგან აბსოლუტურად განსხვავებული რამ გვითხრა:

"აქედან წასვლის შანსი მომეცა და ამას არ გამოვიყენებდი?!" სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა - დღეს აქედან გარბიან, გარბიან ისე, როგორც ფორესტ გამპი და შეიძლება მასზე სწრაფადაც.

ტყუილად კი არ გვითხრა სოსო ფრუიძემ, რომელსაც დღევანდელ ქართულ ფეხბურთში დიდი სიტყვა ეთქმის:

"ჩვენი ჩემპიონატი ორ ნაწილად გაიყო, ვინც აქედან წავიდა და ვინც კიდევ გაქცევაზეა".

ზოგადად, გადავხედოთ ბოლო წლების სტატისტიკას. სად მიდიან ეროვნული ლიგის ბომბარდირები თუ საუკეთესო ფეხბურთელები? ზივზივაძე უკვე ვახსენეთ და ამჯერად ეროვნული ლიგა 2017-ის საუკეთესო ბომბარდირ ირაკლი სიხარულიძეზეც ვთქვათ. მას კონტრაქტს თბილისის "დინამო" სთავაზობდა, მაგრამ რა გააკეთა მან? მანაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასვლა და თანაც ისეთ გუნდში ჩარიცხვა ამჯობინა, რომელიც თავისი ქვეყნის ჩემპიონატში დასარჩენად იბრძვის. ის კი იმით ახსნა, ამით უფრო განვვითარდებიო.


რა არის ამის მთავარი მიზეზი, რომ ფეხბურთელები საქართველოს საუკეთესო კლუბებიდან ისეთ კლუბებში მიდიან, რომლებიც დასარჩენად იბრძოლებენ? პასუხი ალბათ ფინანსებია. რა თქმა უნდა, განვითარების ახალი ეტაპი დგება, მაგრამ ფინანსები ამ გადაწყვეტილებაში დიდ როლს თამაშობს.

სავარაუდოდ, ჩვენს ჩემპიონატში, თუნდაც 1-2 ადგილზე მყოფ კლუბებს, არ აქვთ იმდენი ფინანსური რესურსი, რომ ფეხბურთელს იმაზე მეტი ხელფასი შესთავაზონ, რასაც ჩეხეთის თუ უნგრეთის ბოლო ადგილებზე მყოფი გუნდები სთავაზობენ.

კვლავ სოსო ფრუიძის სიტყვებს მოვიყვანთ, რომელმაც თქვა, ფული არ გვაქვს, ფეხბურთელები გარბიან და როგორ გავაჩეროო? ყველაფერ ამას კი მოსდევს შემდეგი - გუნდები ყოველწლიურად იშლებიან და უამრავი კლუბია ისეთი, რომელიც სეზონიდან სეზონამდე რადიკალურად განსხვავებული შემადგენლობით ასპარეზობს. ეს ყველაფერი კი მომავალში შედეგებზეც აისახება, ევროპულ თასებზე ჩვენი გუნდების ერთი ეტაპის გავლაც ხომ სანატრელი გაგვიხდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია მთავარზე, რაზეც საუბრობდა, ეს დისციპლინა იყო - ყველას გახსოვთ მისი ცნობილი გამოთქმები "მოჯაჰედირი" თუ "გოგუები და მესები". ქეცბაიას თავისი მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, მაგრამ რას ამბობდა ის ტყუილს?! ბოლო პერიოდში ხომ ხმა თავად ფეხბურთელებმაც ამოიღეს და ამბობენ, რომ ქართველ ფეხბურთელს დისციპლინის დაცვა უჭირსო.

ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს და ჟურნალისტს ყველა სპორტსმენის წარმატება რომ სურს, ფაქტია და ამაზე საუბარი ალბათ ზედმეტიც კი იქნებოდა. უბრალოდ, ამ სტატიით ვცდილობთ იმ პრობლემებს თვალი გავუსწოროთ, რომლებიც რეალურად არსებობს და სიბრმავე და თვალის დახუჭვა ხომ ყოველთვის ცეცხლზე ნავთის დასხმაა.

ფაქტი ერთია, დღეს ქართულ ფეხბურთში ათასი აზრი მუსირებს - ზოგი "ფულის მონებს" ეძებს, ზოგსაც 26 ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთად მოჰყავს და ჩემპიონობას აპირებს, ზოგსაც ფეხბურთის მაგელანები ჩამოჰყავს და იმერეთში ათამაშებს.

ქართული ფეხბურთი კი სულს ღაფავს, უკვე იმდენად, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატიც კი აღარ უშველის.
მკითხველის კომენტარები / 29 /
გაიგეთ ხალხო! იმედი არავის გქონდეთ რომ როდესმე რამე გვეშველება, ესეთები ვართ დამოუკიდებელი საქართველოს შვილები. იმედი სულელებს ააქვთ, ამდენი იმედით ცხოვრება, უბრალოდ დებილიზმია! ან უნდა წახვიდეთ, ან უნდა დარჩეთ და შეეგუოთ სინამდვილეს. მე პესიმისტი არ ვარ, და არც თქვენი განწყობის გაფუჭება მინდა.
ილია
23:48 10-02-2018
0
ბიჭო ნუ დავმარხავთ, რა ამ ქართულ ფეხბურთს, ცოტა ხანი ვაცადოთ, მგონია კლინიკურ სიკვდილშია და ე მანდერ ცოდვაში არ ჩავყოთ ფეხი !!! :D / ისე ჩემი პირადი აზრია , ერთი ევროპა ლიგის გუნდის გაკეთება ნამდვილად არა პრობლემა , მაგრამ რატომღაც არავინ არ ცდილობს ამ საქმის დაწყებას და არც არავინ არ ჩანს მსურველი, ჯადო გაგვიკეთეს ალბათ !! (ისე ამ პატარა ქვეყანას ამდენი მილიონერი ყავს, ზოგი საქართველოში და უფრო მეტი კიდე ქვეყნის გარეთ და ერთი კაცი არ გამოჩნდა ისეთი რო აიღოს თავის თავზე ეს საქმე)
Vasili
01:52 09-02-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული