4 ქართული კლუბი უეფასგან ჯამში 34 160 ევროს მიიღებს

AutoSharing Option
უეფამ 2016/17 წლების სეზონში მიღებული თანხა, რომელიც კლუბების მხრიდან ფეარ-პლეის წესის დარღვევის გამო ჯარიმის სახით მიიღო, კლუბებზე გადაანაწილა.

ფული, რომელიც უეფამ ჯარიმის სახით მიიღო კლუბებისგან, 2016/17 წლების ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მონაწილეებს გადაუნაწილა.

2014 წლიდან მოყოლებული, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჯარიმებიდან მიღებულის თანხის 80 პროცენტი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეებზე გადანაწილდება, ხოლო დარჩენილი 20 პროცენტი იმ კლუბებზე, რომლებიც ტურნირს კვალიფიკაციის ეტაპიდან გამოეთიშნენ.

ის კლუბები, რომლებმაც ფეარ-პლეის წესი დაარღვიეს, შესაბამისად, ვერ მიიღებენ აღნიშნულ თანხას.

2016/17 წლების სეზონში
ჯარიმის სახით უეფამ 6,363 მილიონი ევრო მიიღო. ეს სახსრები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 80% (€5 090 400) - ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეები: თითოეულს დაახლოებით 78 300 ევრო
  • 20% (€1 272 600) - ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის კვალიფიკაციის მონაწილეები: თითოეულს დაახლოებით 8 540 ევრო
ამ ყველაფერში კარგი ამბავი ის არის, რომ ოთხივე ქართული კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობდა, უეფასგან 8 540 ევროს მიიღებს, ანუ ჯამში 34 160 ევროს.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ქართული კლუბი მონაწილეობდა: "სამტრედია", ქუთაისის "ტორპედო", ბათუმის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა".

"სამტრედია" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან "ყარაბაღთან" დაპირისპირებაში გავარდა. პირველი მატჩი სტუმრად სამტრედიელებმა 0:5 წააგეს, ხოლო შინ 0:1 დამარცხდნენ.

ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან "ტრენჩინთან" შეხვედრების შემდეგ გავარდა. პირველი მატჩი სტუმრად ქუთაისელებმა 1:5 წააგეს, ხოლო საპასუხო - 0:3.

ასევე პირველი ეტაპიდან გავარდა ბათუმის "დინამო", რომელმაც შინ "იაგელნიასთან" 0:1 წააგო, ხოლო სტუმრად 0:4 დამარცხდა.

ერთადერთი გუნდი, რომელსაც მეორე ეტაპზე გასვლის შანსი ჰქონდა, საჩხერის "ჩიხურა" იყო, რომელმაც პირველი შეხვედრა შინ "ალტახთან" 0:1 წააგო, თუმცა საპასუხო მატჩში 1:1 დაუზავდა.

უხეირო გამოსვლის მიუხედავად, ქართულ კლუბებს, გარდა უეფას ძირითადი თანხებისა, რომელიც მონაწილეობისთვის ეკუთვნით და სეზონის ბოლოს მიიღებენ, დამატებით 8 540 ევროც დაერიცხებათ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაცო ეს კაპიკები კი არა,300მილიონი ლარი სად გააქრო ფედერაციამ ის გამაგებინეთ?
0
ნეიმარი რო გადმოვიბიროთ არ გვეყოფა?
Mindia
11:22 10-01-2018
0
სიახლეები პოპულარული