ფუტსალის ლიგა: სასტარტო ტური, ბევრი გოლით და სატელევიზიო სიახლით

AutoSharing Option
3 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

წლევანდელ გათამაშებაში, რვა გუნდი მონაწილეობს, რომლებიც სამ წრედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას ოთხი საუკეთესო მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.

წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი მთავარი სიახლე, ღონისძიების სატელევიზიო გაშუქებას უკავშირდება - პირველად ფუტსალის ეროვნული პირველობის ისტორიაში, ჩემპიონატის მატჩები სატელევიზიო პირდაპირი ეთერით გადაიცემა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სპორტული სააგენტო SBM-ისა და ტელეკომპანია სილკის პარტნიორობის ფარგლებში, ტურის
ცენტრალური შეხვედრის სატელევიზიო ლაივები სილკ უნივერსალის ეთერში განხორციელდება. გულშემატკივარს საშუალება ქონდა სადებიუტო პირდაპირ ეთერში აგორასა და ბსუ-ს დაპირისპირება ეხილა.

რაც შეეხება ტურის დანარჩენ შეხვედრებს, ფუტსალის ლიგის ოფიციალური YouTube არხი და sbm.ge, ინტერნეტ ლაივის ფორმატში შემოგთავაზებთ. გაგრძელდება ტურის ყოველკვირეული მიმოხილვა, ყოველ ოთხშაბათს, სილკ უნივერსალზე ტურის ყველა მატჩის გოლი და საინტერესო ეპიზოდი შეგეძლებათ იხილოთ.

ახალმა სეზონმა სტარტი, მქომედი ჩემპიონის, სტუ-თელასისა და დებიუტანტის, წყალტუბოს დაპირისპირებით აიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტს არ გასჭირვებია დაგეგმილი ქულების მოპოვება - 8:2 "ენერგეტიკოსების“ სასარგებლოდ.

დაძაბული და საინტერესო გამოდგა "აფხაზური დერბი“, რომელშიც ერთმანეთს კოლხი-გულრიფში და აფხაზეთი დაუპირისპირდნენ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

იოლი გამარჯვება იზეიმა ვიცე-ჩემპიონმა. ტატიშვილი ორგზის ბრინჯაოს მედალოსან თბილისის "თბილისს“ დაუპირისპირდა და 6:1 დაამარცხა.

ცენტრალური მატჩის სტატუსი გაამართლა აგორასა და ბსუ-ს დაპირისპირებამ. დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა, საბოლოოდ საკმაოდ უხვგოლიანიც გამოდგა და აგორას გამარჯვებით 6:3 დასრულდა.

03.11.2017. ფუტსალის ლიგა. I ტური

სტუ-თელასი - წყალტუბო 8:2 (5:1)
გოლები: 01:15’ წვერავა (1:0), 02:28’ ჭუმბურიძე (2:0), 03:48’ თევზაძე (2:1), 05:27’ კურბანოვი (3:1), 14:36’ სოზაშვილი (4:1), 18:02’ ჭუმბურიძე (5:1), 25:38’ ჭუმბურიძე (6:1), 29:37’ მაღლაკელიძე (7:1), 34:09’ გოგალაძე (7:2), 36:45’ სოზაშვილი (8:2)
გაფრთხილება: 19:22’ მაღლაკელიძე (თელ), 26:47’ გოგალაძე (წყალ)
გაძევება: 33:56’ ჭუმბურიძე (თელ)

კოლხი-გულრიფში - აფხაზეთი 3:3 (1:1)
გოლები:14:22’ ცხომარია (1:0), 17:49’ მუმლაძე (1:1), 22:36; მაჭარაშვილი (1:2), 29:42’ დარჩია (2:2), 32:47’ ბ.მამაგულაშვილი (2:3), 33:39’ დარჩია (3:3)
გაფრთხილება: 27:27’ მუმლაძე (აფხ), 35:00’ ცხომარია (კოლ)

ტატიშვილი - თბილისი 6:1 (3:0)
გოლები: 04:38’ სილაგავა (1:0), 09:19’ ონიანი (2:0), 15:33’ ონიანი (3:0), 25:44’ კეკელია (4:0), 28:40’ მურცხვალაძე (5:0), 30:51’ სილაგავა (6:0), 38:27’ გოგოხია (6:1)
გაფრთხილება: 04:14’ ნამორაძე (თბ), 30:17’ კეკელია (ტატ)

აგორა - ბსუ (ბთ) 6:3 (2:1)
გოლები: 03:04’ სიგუნავა (1:0), 17:59’ კობაიძე (2:0), 19:27’ ნინიძე (2:1), 26:22’ ასამბაძე (2:2), 28:11’ დანელია (3:2), 32:05’ მამაცაშვილი (4:2), 35:56’ დანელია (5:2), 36:52’ სიგუნავა (6:2), 38:39’ ნადარაია (6:3)
გაფრთხილება: 28:26’ დანელია (აგო), 31:12’ ნინიძე (ბსუ)
გაძევება: 10:42’ ვეშაპიძე (აგო)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული