შანსი არ არის, არ ავაშენებინებთ! ავტოსადგომი სტადიონის ადგილზე

AutoSharing Option
ბოლო 20 წელიწადში, თბილისში 23 სტადნდარტული და სამჯერ მეტი მინისტადიონი დაიკარგა. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ბოლო დანაკარგი ეგრეთ წოდებული "გეპეის" არენაა, სადაც, არც ისე შორეულ წარსულში, საფეხბურთო კლუბი სეუ (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) მოქმედებდა.

მაგრამ ამ სტადიონზე ახლა მხოლოდ საბავშვო ჯგუფების ვარჯიში თუ არის შესაძლებელი. საქმე ისაა, რომ ამ სტანდარტული მოედნის ნაწილზე დიდი "საშვილიშვილო" საქმე გაკეთდა - ხალიჩა აიღეს და ავტოსადგომი მოაწყვეს. ეს უდავოდ ქართული "ნოუ ჰაუა". მსგავსი რამ თავში აზრად კიდევ ვის მოუვა?

დიდი დიღმის მოსახლეობა შიშობს, რომ ასეთივე საფრთხე ელის ამ
დასახლების მეორე და მესამე კვარტლებს შორის მდებარე მოედანსაც ("ვისოლის" სარაგბო ბაზასთან და ველოტრეკთან ახლოს), სადაც ფეხბურთელები, მორაგბეები და, უბრალოდ, სპორტის მოყვარულები ვარჯიშობენ.

"ალბათ, მალე აქაც კორპუსები აშენდება. მთელმა დიდმა დიღომმა იცის, რომ ამ ადგილს თვალი სამშენებლო კომპანიებმა დაადგეს. მაგრამ შანსი არ არის, არ ავაშენებინებთ! მთელი დიდი დიღმის ახალგაზრდობა დავირაზმებით, მსგავსი რამ თუ შევნიშნეთ", - წერს ამ უბნის მაცხოვრებელი არჩილ თაქთაქიშვილი.

ბაჩანა ცხადაძე, ჟურნალისტი:
"მეც ამ დასახლებაში ვცხოვრობ. მორაგბეები სულ აქ ვარჯიშობენ. ამ მოედნის უკან კორპუსებია. ადრე სულ სასეირნო ადგილები იყო. წლების წინ, კორპუსების მშენებლობა დაიწყეს და ნელ-ნელა აქეთ მოიწევენ. ამიტომაც ვშიშობთ, რომ მალე სტადიონის ადგილზეც სახლები აშენდება და მოედნის გარეშე დავრჩებით".

წინასაარჩევნოდ, ყველა გულუხვ დაპირებას იძლევა. ამიტომ დროა, რომ პოლიტიკოსებმა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია: როდის შეჩერდება სტადიონების ნგრევა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"