საქართველო VS რუმინეთი - ეს ჩვენი გუნდია!

AutoSharing Option
დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს.

20:30 საათზე (პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ), ახალ სპორტის სასახლეში, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩში, ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები რუმინეთს შეხვდებიან, რომელთანაც გასვლითი დაპირისპირება 2:2 დაასრულეს. გამარჯვებული ნაკრები ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ითამაშებს, რომელსაც სლოვენია უმასპინძლებს...

- ევრო 2018. პლეი ოფი: საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთში ფრედ ითამაშა [VIDEO]

გადამწყვეტ მატჩამდე გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. თბილისშია და გუნდის გვერდით იქნება ნაკრების ერთ-ერთი
ლიდერი გიორგი ნიშნიანიძე, რომელიც პირველ მატჩში დაშავდა - მას მენისკი აწუხებს. სამაგიეროდ, უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს მეკარე ზვიად კუპატაძე, რომელმაც პირველი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

"პირველ მატჩს ვიგებდით, მაგრამ ორბურთიანი სხვაობა ფუტსალში დიდი უპირატესობა არაა. გავიხსენოთ საქართველოს ფუტსალის ლიგის ფინალიც, "ტატიშვილი" 4:1 იგებდა და შემდეგ "თსუმ" 5:4 მოიგო. თუმცა რუმინეთში ჩვენ ისეთი ფეხბურთი ვითამაშეთ, მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ გუნდი მზად არის. ამას ისიც ემატება, რომ გუნდს ახლა დაეხმარებიან აჩი სებისკვერაძე, შოთა ჭანუყვაძე, ზვიად კუპატაძე (იცინის). ჩვენი თავგანწირვით ხვალ სასურველი შედეგის დაფიქსირება შეგვიძლია - ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია. მთავარია, გულშემატკივრები გვერდში დაგვიდგნენ და მოედანზე დავდებთ ყველაფერს, რათა მიზანს მივაღწიოთ", - ამბობს კუპატაძე.

მურთაზ კაკაბაძე, ეროვნული ნაკრების წევრი:
" გუნდში საბრძოლო განწყობაა, ყველამ ვიცით თამაში რამდენად მნიშვნელოვანია. რუმინეთი გამოცდილი გუნდია, დიდი ხანია ერთად თამაშობენ და კარგად არიან შეთამაშებულები. ამის მიუხედავად, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად მაქსიმუმის გაკეთებას შევეცდებით. რუმინელებთან მოდუნება არ შეიძლება. პირველი მატჩის ერთწუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაგვიტანეს. აქვთ დამუშავებული კომბინაციები, მაგრამ ჩვენ გავარჩიეთ პირველი თამაში, გავაანალიზეთ და მაქსიმალურად ვეცდებით აღმოვფხვრათ ის შეცდომები, რაც რუმინეთში გვქონდა".

დავით ბობოხიძე, ეროვნული ნაკრების კაპიტანი:
"ეს ჩვენთვის ისტორიული თამაშია, რადგან შანსი გვაქვს, ისტორია დავწეროთ და გავაკეთოთ ის, რაც არავის გაუკეთებია. 100 პროცენტით ვართ მომზადებული და გულშემატკივრების დიდი იმედი გვაქვს. არაერთხელ მითქვამს, რომ მათი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. იმედია, დარბაზი ხვალ გაივსება და მჯერა, ხალხს იმედს არ გავუცრუებთ. მძიმე თამაში გვექნება, იოლი დასაძლევი მეტოქე არ არის. გამოცდილი ნაკრებია, ძალიან ბევრი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები აქვს ნათამაშები. სერიოზულად ვეკიდებით მეტოქესაც და თამაშსაც. მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავდივართ".

ავთანდილ ასათიანი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"რამდენად კარგად შევისწავლეთ რუმინეთი, ეს თამაშის შემდეგ შევაფასოთ. თუმცა, ამაზე ბევრი ვიმუშავეთ. ის შეცდომები, რაც პირველ შეხვედრაში დავუშვით, დეტაურად განვიხილეთ და შევეცდებით, აღარ გავიმეოროთ. განწყობა ძალიან კარგია. არ არის ზედმეტი ემოციური ფონი - ეს ისტორიული თამაშია და არ მინდა, ამან ბიჭებზე უარყოფითად იმოქმედოს. რთული მოწინააღმდეგე გვყავს და უსერიოზულესად ვართ განწყობილი. მჯერა, ხვალ 3500-იანი ტრიბუნები შეივსება - ჩვენ რუმინეთს მარტო ვერ დავამარცხებთ, ხალხის მხარდაჭერა აუცილებლად გვჭირდება. შევეცდებით, ქომაგებს მადლობა კარგი თამაშით გადავუხადოთ".

დღევანდელი შეხვედრისთვის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი);
წინა ხაზი: ლევან კობაიძე, დავით ბობოხიძე, მურთაზ კაკაბაძე (სამივე - მფკ ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია, კახა მაისაია (ორივე - თელასი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე, ირაკლი თოდუა (ორივე - ლიდსელმაში, ბელარუსი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), ფუმასა (სუნგუნი, ირანი).

ერთი სიტყვით, ასათიანსა და კომპანიას ევროფინალამდე 40 წუთი აშორებს. ამიტომ, მივიდეთ ახალ სპორტის სასახლეში და ჩვენი გუნდი, საქართველოს ფუტსალის ნაკრები გავამხნევოთ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა ბიჭებო მთელისაქართველო თქვენთანააა
ავთო
19:35 26-09-2017
0
წარმატებები ბიჭებო, იმედიანად ვართ და თქვენ იცით დაიხარჯეთ ბოლომდე.
ირაკლიუსი
18:56 26-09-2017
0

სიახლეები პოპულარული