რუმინეთი-საქართველო 2:2 - ახლოს ევროპასთან! [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა რუმინეთის ქალაქ დევას არც ისე სასიამოვნოდ შეფუთულ დარბაზში ჩვენთვის სასიამოვნო შედეგით დასრულდა.

რუმინელებმა თამაში მაღალი პრესინგით დაიწყეს და თავიდან მწვავედაც შემოგვიტიეს. თორნიკე ბუკიამ გუნდი პირველივე წუთზე ორჯერ გადაარჩინა. მალე ჩვენმა ნაკრებმაც გამოაჩინა ბრჭყალები, მასპინძლები კი აშკარა უხეშობაზე გადავიდნენ. ემილ რადუკუ ისე ეუხეშა გიორგი ნიშნიანიძეს, ამ უკანასკნელს მოედნის დატოვება მოუხდა.

საქართველომ მეტოქეს პასუხი გოლით გასცა: რონინიო კარს მიუახლოვდა და ნიკა კურტანიძეს უპასა, რომელმაც ანგარიში
ულამაზესი გოლით გახსნა - 0:1.

რუმინელებმა უხეშობას უმატეს და კინაღამ მეკარე ბუკიაც დააშავეს. მე-13 წუთზე სიტუაცია უკვე კონფლიქტში გადაიზარდა - სავიომ ისევ მოცელა ირაკლი თოდუა, რომელმაც თავი ვერ შეიკავა, თუმცა ვითარება მალევე დამშვიდდა.

მე-15 წუთზე ქართველებმა უპირატესობა გაზარდეს: ფუმასამ დაცვაში მეტოქეს "მოპარა" ბურთი, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და მეკარესთან პირისპირ დატოვა მურთაზ კაკაბაძე, რომელმაც მეკარის მიერ მოგერიებულს იქვე დაამატა - 0:2.

მეორე ტაიმში, დუმიტრუ სტოიკას გადაცემით, სავიომ ანგარიშში სხვაობა ჯერ შეამცირა, ხოლო 50 წამში წონასწორობა აღადგინა და დუბლი მიითვალა - 2:2.

რუმინელებმა ისევ სახიფათოდ შემოგვიტიეს, მაგრამ მეკარე ბუკია დიდებულად თამაშობდა. ერთ ეპიზოდში, დაახლოებით 4 წამში, მან სამი საოცარი "სეივი" შეასრულა...

ამასობაში, კურტანიძეს საქართველოს ნაკრების დაწინაურება კიდევ ერთხელ შეეძლო, მაგრამ... კარს ააცილა. შემდეგ მას კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, ასევე - რონინიოს, თუმცა ამ ეპიზოდებშიც რუმინელთა მეკარემ ივარგა.

გადავრჩით მატჩის ბოლოსაც, როცა ბუკიასთან პირისპირ დარჩენილმა მატეიმ მიზანს ააცილა. საბოლოოდ - 2:2. საპასუხო მატჩი თბილისში 26 სექტემბერს გაიმართება.

ფუტსალი. ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფი. I მატჩი
12.09. დევა
რუმინეთი-საქართველო 2:2

გოლები: 0:1 კურტანიძე (09:44), 0:2 კაკაბაძე (14:29), 1:2 სავიო (24:09), 2:2 სავიო (24:59)
რუმინეთი: იანკუ - ფ. მატეი, მ. მატეი, რადუკუ, სავიო - ტონიცა, ლუპუ, იგნატი, პინტუ, სტოიკა, პაულო ფერეირა, სუჩი, კსომა, პანზარუ; მწვრთნელი: რობერტ ლუპუ.
საქართველო: ბუკია - თოფურია, რონინიო, კურტანიძე, ფუმასა - ჯამბურია, კაკაბაძე, ნიშნიანიძე, კობაიძე, თოდუა, მაისაია, ნიყვაშვილი; მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი.
მსაჯები: ედუარდო ფერნანდეშ კოელიო, ნუნუ ბოგალიო, რუბენ გერეირო (ყველა - პორტუგალია)
გაფრთხილებები: რონინიო (39:03), ფ. მატეი (39:25)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული