საქართველოს ფუტსალის ნაკრებში ბრაზილიელი ბომბარდირი ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრებში ბრაზილიელი თავდამსხმელი ითამაშებს. გუნდი თავისი არსებობის მანძილზე პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში. 12 და 26 სექტემბერს ჩვენები რუმინეთს შეხვდებიან და ევროფორუმზე მოხვედრას შეეცდებიან.

სამწუხაროდ, ასეთ მნიშვნელოვან დროს ნაკრებს საკადრო პრობლემები შეექმნა - მთავარი ბომბარდირი არჩილ სეფისკვერაძე დისკვალიფიცირებულია, როგორც ძირითადი შემადგენლობის კიდევ ერთი წევრი შოთა ჭანუყვაძე. ჯერ კიდევ საეჭვოა მეკარის და კაპიტნის, ზვიად კუპატაძის თამაში, რადგან რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში დაშავდა.

ამის გათვალისწინებით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ლეგიონერის დამატება გადაწყვიტა - ფუტსალის ნაკრებში ეს უფრო ადვილია, ვიდრე კლასიკურ
ფეხბურთში და ცნობილი თავდამსხმელი ფუმასა (როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი) მიიწვია.

ბრაზილიელი წლების წინ "იბერია სტარში" თამაშობდა, მერე კი ფუტსალის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში, ალმატის "ქაირათში" გადავიდა, რომლის რიგებშიც 2014 წელს თბილისში გამართული ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის გამარჯვებული და საუკეთესო ბომბარდირი გახდა - ფუმასამ სპორტის სასახლეში 4 გოლი გაიტანა, რომელთაგან სამი - ფინალში "ბარსელონას" (ყაზახებმა 5:4 მოიგეს) კარში აღმოჩნდა. მას შემდეგ ბრაზილიელი უნგრულ "დიორ ეტოში", ლატვიურ "ნიკასასა" და ირანის ჩემპიონატის ლიდერ გუნდში თამაშობდა.

ბრაზილიელი უკვე საქართველოშია და ნაკრებთან ერთად ემზადება. საერთაშორისო ცნობარებში მისი მოქალაქეობის გრაფაში დღემდე საქართველო წერია. ქართული პასპორტი "იბერია სტარში" გამოსვლის პერიოდში ჰქონდა, თუმცა, მერე დათმო. გუშინ საღამოს კი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის თხოვნა გაითვალისწინა და ფუმასას საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინა.

"თავდასხმის პოზიცია ნაკრებში დეფიციტური იყო და მოთამაშეთა დისკვალიფიკაციამ პრობლემა შეგვიქმნა. მიხარია, ფუმასა რომ დაგვემატა. ის უკვე თბილისშია, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მისცა და უკვე ნაკრებთან ერთად ემზადება.

ფუმასა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ასევე ბრაზილიელი რონის მეგობარია, საქართველოში უთამაშია, ქართული და რუსული ენები იცის, ბიჭებთან საერთო ენის გამონახვა და ადაპტაცია არ გასჭირვებია. ასე რომ, ის ჩვენი ოჯახის წევრი გახდა.

დიდი იმედი მაქვს, რომ რუმინეთთან შეხვედრაში ფუმასა საქართველოს ეროვნულ გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს", - ამბობს ასათიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჭანუყვაძის და სებისკვერსძის დისკვალიფიკაცია 1 თამაშიანია თუ პლეი-ოფის ორივე თამაშის მოიცავს?
Irakli apkhaidze
10:35 08-09-2017
0

სიახლეები პოპულარული