ტრანსფერ-ONLINE: 3 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:13. ოფიციალურად! პეპეს შეძენის შემდეგ "ბეშიქთაშმა" მეორე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა - თურქებმა "ვალენსიადან" 2.5 მილიონ ევროდ გამოისყიდეს ფორვარდი ალვარო ნეგრედო. კონტრაქტი ორწლიანია.

12:25. ოფიციალურად! "ფენერბაჰჩეს" 28 წლის მცველი სიმონ კიაერი "სევილიაში" გადავიდა. ამის შესახებ წერს ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. ტრანსფერის თანხამ 12.5 მილიონი ევრო შეადგინა. დანიელმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

12:35. "ინტერი", "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" იბრძვიან "კანის" 19 წლის ფორვარდისთვის, იან კარამოსთვის, - წერს Sky Sport Italia. ბიჭს "ინტერში" სურს და "ნერაძურიმ" უკვე შესთავაზა ფრანგულ კლუბს 5 მილიონი ევრო. საფრანგეთის
შარშანდელ ჩემპიონატში კარამომ 35 მატჩი ჩაატარა და 5-5 გოლი და შედეგიანი პასი დააგროვა.

12:41. "ვალენსია" დაინტერესებულია პსჟ-ის ნახევარმცველ გჟეგოჟ კრიხოვიაკით. France Football-ის ცნობით, ესპანური კლუბი დაინტერესებულია 27 წლის პოლონელის იჯარით. პარიზელებმა კრიხოვიაკი აშშ-ის ტურნეში არ წაიყვანეს და მზად არიან მის გასაყიდად.

12:47. "მანჩესტერ იუნაიტედი" აკვირდება "ანდერლეხტის" საყრდენ ნახევარმცველ ლეანდერ დენდონკერს. 22 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 38 მილიონი ევროა.

13:30. "იუვენტუსი" "სამპდორიადან" ჩეხი ფორვარდის, პატრიკ შიკის შეძენას ფიქრობს. Tuttosport-ის ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. შიკის სავარაუდო ფასი 30 მილიონი ევროა.

13:35. იტალიელმა მეკარემ, მორგან დე სანკტისმა კარიერა დაასრულა. 40 წლის ფეხბურთელს "მონაკოსთან" კონტრაქტი 31 ივლისს ამოეწურა და ამის შემდეგ თავის ყოფილ კლუბ "რომაში" ახალი მენეჯერი გახდა. დე სანკტისს ასევე უთამაშია "პესკარაში", "იუვენტუსში", "უდინეზეში", "სევილიაში", "გალათასარაისა" და "ნაპოლიში".

13:45. L'Equipe ამტკიცებს, რომ "მონაკოს" ფორვარდმა კილიან მბაპემ ულტიმატუმი წაუყენა კლუბს დაუყოვნებლივ გაყიდვის მოთხოვნით.

13:55. "ინტერი" ისევ ფიქრობს "ბაიერნის" ნახევარმცველის, არტურო ვიდალის შეძენაზე. იტალიური კლუბი 50 მილიონ ევროს იხდის, ხოლო ფეხბურთელს სეზონში 7.5 მილიონს ჰპირდება.

14:20. "ბეშიქთაში" ისევ აქტიურობს. პეპესა და ნეგრედოს შემდეგ თურქულ კლუბს "ინტერის" მცველის, გარი მედელის შეძენა სურს. თავად ჩილელი "ბოკა ხუნიორსში" დაბრუნებას აპირებს.

14:45. "ვალენსია" ახლოს არის "ინტერიდან" 13 მილიონად მცველ მურილიოს შეძენასთან. ჩილელი სამედიცინო შემოწმებას გადის და ყველაფერი ოთხწლიანი კონტრაქტისკენ მიდის.

14:55. "იუვენტუსმა", როგორც ჩანს, იპოვა ლეონარდო ბონუჩის შემცვლელი. ეს არის მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელი მცველი ხოსე ხიმენესი. სატრანსფერო თანხა 25-30 მილიონ ევროს შეადგენს.

15:03. "ნიუკასლი" ჩაერთო "სევილიასთან" და "ფენერბაჰჩესთან" ბრძოლაში "არსენალის" 28 წლის თავდამსხმელის, ლუკას პერესის ხელში ჩასაგდებად, რომლის კარიერა ლონდონში არ აეწყო.

15:10. "რეალი" აპირებს "დორტმუნდიდან" უსმან დემბელეს გადაბირებას. 20 წლის ფრანგის ფასი დაახლოებით 100 მილიონი ევროა.

15:14. "იუვენტუსი" "ატლანტას" გაცვლას სთავაზობს - ნახევარმცველი ტომას რინკონი იმავე ამპლუის ლეონარდო სპინაცოლას ნაცვლად.

15:35. მექსიკურმა "პუმასმა" განაცხადი გააკეთა "მილანის" ნახევარმცველის, ხოსე სოსას ტრანსფერზე. არგენტინელი შარშან 8 მილიონ ევროდ გადავიდა იტალიაში "ბეშიქთაშიდან", მაგრამ ძირითადში ადგილი ვერ მოიპოვა.

15:44. გაზეთ La Repubblica-ს ინფორმაციით, "მილანი" აპირებს ჩინეთში "მილანის სოფლის" აშენებას - სამწვრთნელო აკადემიით, სტადიონით, საფეხბურთო მინდვრებით, სამედიცინო ცენტრით და ა. შ. გარდა ამისა, სოფელში აშენდება კომფორტული სასტუმრო და საკლუბო მუზეუმი.

16:01. "ლივერპული" ებრძვის "ფენერბაჰჩეს" "გრემიოს" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ლუანის შესაძენად. წელს ამ ფეხბურთელს დებიუტი ჰქონდა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების რიგებში.

16:05. "ბარსელონას" მოუნდა "რეალ სოსიედადის" 26 წლის მცველი ინიგო მარტინესი, რომელშიც კატალონიელები 32 მილიონ ევროს იხდიან.

16:10. "ლივერპული" სულ უფრო ახლოსაა "ლაიპციგიდან" ნახევარმცველის, ნაბი კეიტას შეძენასთან, - წერს Bild, თუმცა მომავალი გარიგების დეტალები არ არის ცნობილი.

16:16. "იუვენტუსი" აპირებს ნახევარდაცვის გაძლიერებას პსჟ-ის მოთამაშით, ადრიან რაბიოთი, - ამტკიცებს Tuttosport.

16:31. "ტოტენჰემი" ახლოს არის სეზონში პირველ შენაძენთან. The Sun ამტკიცებს, რომ ლონდონელები გაიფორმებენ "საუთჰემპტონის" მეკარე პაულო გასანიგს.

17:12. Bleacher Report-ის ჟურნალისტი დინ ჯონი წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი კემერონ ბორტუიკ-ჯექსონი სეზონის ბოლომდე "ლიდსში" გადავა.

17:18. ოფიციალურად! "ფულჰემიდან" "რუბინში" გადავიდა ისლანდიის ნაკრების მცველი რაგნარ სიგურდსონი, რომელიც რუსულ კლუბში იჯარით ითამაშებს.

17:25. GloboEsporte ამტკიცებს, რომ 27 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკას ლიმა ამ კვირის ბოლომდე გადავა "სანტოსიდან" "ფენერბაჰჩეში". ტრანსფერის თანხა 10 მილიონი ევროა.

17:38. Sky Sports-ის ინფორმაციით, "იუვენტუსის" ყოფილი ფორვარდი ფაბრიციო რავანელი, შესაძლოა, შოტლანდიის "ჰართსის" მთავარი მწვრთნელი გახდეს. 48 წლის იტალიელი 2013 წლიდან უმუშევარია. ბოლოს ის ფრანგულ "აიაჩოს" ავარჯიშებდა.

17:45. "სამპდორია" ახლოს არის "სასუოლოს" კაპიტნის, ჯანმარკო ფერარის შეძენასთან. გენუელები ცენტრალურ მცველში 9 მილიონ ევროს იხდიან.

18:07. "ბეშიქთაში" გასული დღის მთავარი გმირი იყო. თურქებს ჰოლანდიელი ნახევარმცველი ჯერმენი ლენსიც მოუნდათ. 29 წლის ნახევარმცველი, რომელიც "სანდერლენდს" ეკუთვნის, შარშან "ფენერბაჰჩეში" თამაშობდა. ვარაუდობენ, რომ "ბეშიქთაში" ფეხბურთელს 5 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

18:21. "რომა" უახლოეს დღეებში გამოაცხადებს 9 მილიონ ევროდ "მიდლსბროს" ურუგვაელი ნახევარმცველის, გასტონ რამირესის შეძენაზე.

18:46. "გალათასარაი" მალე გაიფორმებს "მანჩესტერ სიტის" 30 წლის საყრდენ ფერნანდოს. ბრაზილიელი უკვე ჩაფრინდა თურქეთში სამედიცინო შემოწმებაზე.

18:52. "სუონსი" დაინტერესებულია "ვესტ ბრომვიჩის" ფორვარდ ნასერ შადლის შეძენით.

18:59. "ტორინოს" მცველმა კევინ ბონიფაციმ უარი უთხრა "ზენიტს" კონტრაქტზე და იტალიაში დარჩება.

19:06. "ბარსელონა" აგრძელებს ნეიმარის შემცვლელის ძებნას. ახალი კანდიდატურა გახდა "ჩელსის" ლიდერი ედენ აზარი, - იუწყება The Sun.

19:35. ცენტრალური მცველი რიკ ვან დრონგელენი როტერდამის "სპარტადან" "ჰამბურგში" გადავიდა. 18 წლის მცველი გერმანელებს 4 მილიონი ევრო დაუჯდათ, კონტრაქტი კი ხუთი წლით გაფორმდა.

19:43. მუდმივად ტრავმირებულმა ჰოლგერ ბადშტუბერმა სამედიცინო შემოწმება გაიარა "შტუტგარტში". თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, 31 წლის მცველის ტრანსფერი დღეს დადასტურდება.

19:50. რიად მაჰრეზის ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ "რომა" გადაერთო "დორტმუნდის" ახალგაზრდა ნახევარმცველ ემრე მორზე. რომაელთა კონკურენტი "ფიორენტინაა".

20:03. "ევერტონი" უახლოესი 48 საათის განმავლობაში გააფორმებს თავის ისტორიაში ყველაზე ძვირფას ტრანსფერს. კლუბმა 47.8 მილიონი ფუნტი გაამზადა "სუონსის" გამთამაშებლისთვის, გილფი სიგურდსონისთვის.

20:10. Daily Express ამტკიცებს, რომ "რეალის" ნახევარმცველი გარეტ ბეილი დაემუქრა ზინედინ ზიდანს "მანჩესტერ სიტიში" წასვლით, თუ ფრანგი უელსელს მხოლოდ როტაციის მოთამაშედ განიხილავს.

20:45. "არსენალის" ფორვარდი ლუკას პერესი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს, - ამტკიცებს Fotomac.

20:55. "რომამ" თვალი დაადგა "იუვენტუსის" შემტევ ხუან კუადრადოს, რომელიც უკმაყოფილოა სათამაშო დროით. ტრანსფერის თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული