აქტუალურ თემაზე: სად არის ჩვენი მომავლის გარანტია?

AutoSharing Option
ფოტოზე: თბილისის "დინამოს" აკადემია

დამოუკიდებელი საქართველო 25 წელი ელოდა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას და როცა ის დამტკიცდა, დროთა განმავლობაში კრიტიკის ობიექტიც გახდა.

ეს სრულიად გასაგებია - იდეალური არაფერი არ არის და არც მომავალში იქნება. ცხადია, დროთა განმავლობაში პროგრამის ნაკლოვანებებიც გამოჩნდა. მაგრამ ახლა საკითხი ასე დგას - პროგრამა საერთოდ აღარ გვინდა თუ, უბრალოდ, რაღაცები შესასწორებელია?

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადაცემაში - "სპორტი იმედზე" - სტუმრობისას ამ თემაზე თქვა, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდიდან კლუბებზე დარიცხული თანხების დიდი ნაწილი
აკადემიებს უნდა მოხმარდეს.

"მინდა, ხალხმა დაინახოს, რომ ეს ფული ხვალინდელი დღისთვის, მომავლისთვის იხარჯება. კლუბებმა ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხები თავად მოიძიონ, მე კი რეკომენდაციით მივმართავ როგორც ფონდს, ისე ფეხბურთის ფედერაციას, რომ კლუბებში გადარიცხული თანხის უმეტესი ნაწილი აკადემიების განვითარებას მოხმარდეს. თუ ასე გაგრძელდა, ევროტურნირებზე ჩვენი კლუბებისგან განსაკუთრებულ შედეგს არ უნდა ველოდოთ.

სჯობს, ეს ფინანსები ახალგაზრდა თაობას დავახარჯოთ, კლუბებმა ჯერ აღზარდონ ისინი, მერე კი შედეგიც იქნება", - ამბობს მინისტრი.

აკადემიებზე ყურადღების გამახვილება რომ ჩვენი ფეხბურთის მომავლისთვის აჯობებს, ამას თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაც ადასტურებს.

ნაკრებში სულ 5 ქართული გუნდის (თბილისის "დინამო", "საბურთალო", "ლოკომოტივი", "ტორპედო" და ბათუმის "დინამო") მოთამაშეები მოხვდნენ.

რეალურად, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს სწორედ ეს გუნდები ამარაგებენ. მთავარი კი მაინც თბილისური სამეულია - "დინამო", "საბურთალო" და "ლოკომოტივი".

ამ გუნდების შემადგენლობები, გაზრდილები და მათი პერსპექტივები სხვებისთვის სამაგალითო უნდა გახდეს.

მათგანაც, ევროპელებთან მიახლოებული პირობებით მხოლოდ თბილისის "დინამო" გამოირჩევა. მაგრამ სამეულის გაზრდილები ევროპელებთან სამარცხვინოდ არ გამოიყურებოდნენ, გიორგი არაბიძე ევროფორუმის 10 საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელეს, სელექციონერებმა კი თვალი დაადგეს გიორგი ჩაკვეტაძეს, დავით კობოურს, გიორგი კოხრეიძეს, გიორგი კუციას, ნიკა მალის, ლუკა ლაკვეხელიანსა და გიორგი ჩოჩიშვილს.

სხვა კლუბები ამას ვერ ახერხებენ, რადგან საამისოდ სახსრები არ ჰყოფნით. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საფეხბურთო აკადემიების მოღონიერება პრიორიტეტული გახდება, ეს საქმე შედეგს გამოიღებს.

ფეხბურთის განვითარებას კარგი ინფრასტრუქტურა, ძლიერი საფეხბურთო აკადემიები და ისეთი კლუბები სჭირდება, რომელთაც მოთამაშეების სანაკრებო დონეზე მომზადება შეუძლიათ. ამას საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კლუბი ახერხებს.

მაგრამ სკოლებს რომ მიხედონ, ნორმალური ინფრასტრუქტურაა საჭირო. ეს მეორე მიმართულებაა, რაც ფეხბურთის განვითარების პროგრამაში უნდა გამოიკვეთოს. და თუ აკადემიები მოღონიერდებიან და ნორმალური (არ ვამბობთ, რომ მსოფლიოში - საუკეთესო) ინფრასტრუქტურა გვექნება, მოთამაშეთა გაზრდის მეტი შანსი გაჩნდება.

ამ სამი სკოლის მუშაობა ადასტურებს, რომ მოთამაშეების გაზრდა შესაძლებელია. 10 საფეხბურთო ცენტრი რეგიონებში რომ ჩამოყალიბდეს, რომელსაც თბილისის "დინამოს" აკადემიის პირობები ექნება, ეს ჩვენი დღევანდელი გლოვა და ვაება აუცილებლად წარსულს ჩაბარდება.

აიღეთ ამჟამინდელი თბილისის "დინამო" - რომან ფიფია საკუთარი გუნდით სულ უკმაყოფილოა, მაგრამ უკვე იმ ნერგის ნაყოფს იმკის, რაც 6 წლის წინ, 2011 წელს ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის დაფუძნებისას დარგო და აკადემიელები გუნდის ძირითადში ადგილს უკვე თამამად იმკვიდრებენ - ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გიორგი ზარია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კუცია, ნიკა ნინუა, ბექა მიქელთაძე, მიხეილ ერგემლიძე.

ამ ბიჭებს რომ შეხედავ, მომავლის იმედი როგორ არ გაგიჩნდება?

"საბურთალომ" უმაღლეს ლიგაში სულაც საკუთარი აღზრდილებით შეაბიჯა და ამ კუთხით გამორჩეულია. ბოლო ტურში, ქუთაისის "ტორპედოსთან", მოედანზე გასული 14 საბურთალოელიდან 9 - კლუბის აკადემიის "პროდუქტი" იყო. თანაც, ყველას ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. ამ კუთხით "ლოკომოტივიც" ლიდერებშია - ბოლო ტურში ბათუმის "დინამოს" თბილისური კლუბის საფეხბურთო სკოლის 8 აღზრდილი დაუპირისპირდა.

მაგრამ ჩვენი ფეხბურთის მომავლის რესურსი მოსაძიებელია რაიონებში, სადაც ჩვენი ნაკრების ბევრი ცნობილი წევრი, კანდიდატი თუ საინტერესო ახალგაზრდა დაიბადა - საბა კვირკველია, ჯიმი ტაბიძე (სამტრედია), ვაკო გვილია, ნიკა კვეკვესკირი (ზუგდიდი), როინ კვასხვაძე, ლაშა შერგელაშვილი (ქუთაისი), ჯანო ანანიძე (ქობულეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ოზურგეთი), გიორგი ხარაიშვილი (მარნეული), ოთარ კიტეიშვილი (რუსთავი), გიორგი არაბიძე (ვანი), გიორგი ქვილითაია (აბაშა). მაგრამ მათი უმრავლესობა თბილისში იზრდებოდა და ესაა ჩვენი პრობლემა.

ახლაც ასეა - თბილისის საფეხბურთო სკოლებს რომ გადახედოთ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი სწორედ რაიონიდანაა. მაგრამ იქ ძლიერი საფეხბურთო სკოლები არაა და იძულებულები არიან, მშობლიურ კერას მოწყდნენ, რაც მათ ასაკში ფსიქოლოგიურ და სხვა სახის პრობლემებს უკავშირდება.

საერთოდ, პრობლემები ყველა რეგიონშია და გამართულად თითქმის არც ერთი აკადემია აღარ მუშაობს. მაგალითად, ზუგდიდში "ბაიას" მშვენიერი აკადემია ძველებურად ვეღარ გვახარებს.

"ზესტაფონი" ინფრასტრუქტურითა და ხელშეწყობით გამორჩეულია და ილია კოკაია აკადემიას დღემდე აფინანსებს, მაგრამ უმაღლეს ლიგაში გუნდი რომ ჰყავდა, სკოლაში 150 ბავშვი ვარჯიშობდა, ახლა კი მათი რაოდენობა 50-მდე შემცირდა.

საქართველო მარტო თბილისი არ არის, ჩვენი ფეხბურთის სიძლიერე რეგიონების მრავალფეროვნებას ემყარებოდა და ბოლო 20 წელიწადში ეს რომ მოისპო, ამ მრავალფეროვანი სტილისა და სკოლების არჩევანიდან მხოლოდ თბილისური დაგვრჩა. მარტო თბილისი კი იმ ფეხბურთის ტვირთს ვერ ზიდავს, რაც ქვეყანას სჭირდება.

კლუბების დაფინანსება და მათთვის სტაბილური გარემოს შექმნა ბევრს ნიშნავს, მაგრამ პარალელურად საფეხბურთო აკადემიების მოღონიერება მომავალზე გათვლილი ნაბიჯი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
რაიონებში სულ ფეხებზე კიდიათ პრეზიდენტებს აკადემია მარტო ფულის საკეტებლად არიან ჩამოსულები და ეს ყველამ იცის კარგად.ამ ფულს თუ არ გააკონტროლებენ და არ დაავალებენ ლუბებს თავისით არაფერს გააკეთებენ
გიორგი
14:14 28-07-2017
0
Xelfasebi didi legionerebi bevri sxva veraferi ushvelis fexburts saqartveloshi im akademiis agzrdili Rom garbis azerbaijanshi yazaxetshi rusetis meore ligebshi da a.sh.momavlis imedit Ki ar garbis fuli unda baba fuli
Misha
11:57 28-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული