"როგორ შევაჩეროთ ხვიჩა?!" - რუსები კვარაცხელიას ოქროს უწოდებენ და მის შეჩერებას შეუძლებლად თვლიან

AutoSharing Option
Championat.com-მა საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"რუსეთის პრემიერლიგის გუნდებისთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, მომავალ მატჩებში ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თავი როგორ დაიცვან.

დღევანდელი "რუბინი" ახალგაზრდული კლუბია, რომელიც შემტევი ფეხბურთით გამოირჩევა. ზამთრის მოსამზადებელი სერიის დროს ეს გუნდი რუსეთის პრემიერლიგის ყველა კლუბისგან აშკარად გამოირჩეოდა. ყაზანელებმა 5 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხეს, თან ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ, როგორებიც "ნიჟნი ნოვგოროდი", "ხიმკი", "სოჭი", "პარტიზანი" და "დინამო" არიან.

რა თქმა უნდა, ამ თამაშებიდან ზედმეტი დასკვნების გამოტანა სწორი არ იქნებოდა, თუმცა
აშკარაა, რომ გაზაფხულის სეზონზე "რუბინი" კიდევ უფრო მაგარი გუნდი იქნება, ვიდრე ის შემოდგომის სეზონზე იყო და მის წინააღმდეგ ყველა გუნდს გაუჭირდება.

მათი მთავარი ვარსკვლავი კი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, რომელიც არანორმალურად კარგ ფორმაშია.

ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ ქართველი იყო და თუ გათამაშდებოდა პრიზი, რომელიც მოსამზადებელი ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას შეეხებოდა, ამ პრიზს უეჭველად ხვიჩა მოიპოვებდა.

"რუბინის" მოწინააღმდეგეებისთვის დღეს ნომერ პირველი ამოცანაა, რომ ხვიჩა გაანეიტრალონ. მათ ძალიან ბევრი უნდა იფიქრონ, სანამ მარჯვენა მცველს შეტევაში ჩართვისკენ მოუწოდებენ და მარჯვენა ფლანგს ხვიჩასგან დაუცველს დატოვებენ.

ამას მოწინააღმდეგეები კარგად აანალიზებენ და ზამთრის შეკრების მატჩებში, როდესაც ხვიჩა ბურთს მიიღებდა, მის წინააღმდეგ სამი მცველი თამაშობდა, რაც მას ძალიან ურთულებდა ჩვეული დრიბლინგის შესრულებას. ამიტომაც მისი დრიბლინგებიდან წარმატებული მხოლოდ 44.1% იყო.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის... თუ მოწინააღმდეგეების მცველები ზედმეტად დიდ ყურადღებას დაუთმობენ ხვიჩა კვარაცხელიას, მაშინ დიდია შანსი, რომ მათ პრობლემას "რუბინის" მარცხენა მცველი სამოშნიკოვი შეუქმნის, რომელიც ხშირად აქტიურად ერთვება შეტევებში და ხვიჩას შეუძლია თავისუფლად მყოფ სამოშნიკოვს მიაწოდოს პასი.

გარდა ამისა, დავუშვათ, მოწინააღმდეგეებმა შეძლეს ხვიჩას მარცხენა ფლანგის ამოკეტვა იქ დამატებითი ფეხბურთელების გადასროლით, თუმცა ასეთ შემთხვევაში დაუცველი რჩება მარჯვენა ფლანგი, სადაც "რუბინს" არანაკლებ ეფექტური მარჯვენა გარემარბი მაკაროვი ჰყავს!

"რუბინს" შეუძლია ერთი პასით შეცვალოს შეტევის მიმართულება და ბურთი უყურადღებოდ დატოვებულ მაკაროვს მიაწოდონ მარჯვენა ფლანგზე.

ხვიჩა უკვე მიეჩვია მის მიმართ გადამეტებულ ყურადღებას. შესაბამისად, ის მხოლოდ მარცხენა ფლანგზე შეტევებით არ იზღუდება და სივრცეს ცენტრშიც ეძებს.

არსებობს სხვა სცენარებიც... მაგალითად, როცა ხვიჩა ბურთს იღებს, მარცხენა მცველი სამოშნიკოვი მასზე წინ გარბის ფლანგზე და მცველები მას მიჰყვებიან, რაც ხვიჩას სივრცეს უთავისუფლებს და მას შეუძლია დრიბლინგის დაწყება.

ზამთრის თამაშებიდან ისეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ კვარაცხელია თითქოს სხვა ჩემპიონატიდან მოყვანილი ფეხბურთელი იყო. საერთო ფონზე მისი დომინირება აშკარად იგრძნობოდა. მას ჯერ კიდევ არ ჰყოფნის სტაბილურობა, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის 2001 წელს არის დაბადებული და მისი პროგრესი გაზაფხულის პერიოდში გაგრძელდება. ლეონიდ სლუცკის ნამდვილად გაუმართლა. გყავდეს ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელი, ნამდვილი ფუფუნებაა", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
როგორც ასათიანის კარიერა დამარხეს და არსად გაუშვეს ალბათ მაგას გულისხმობენ შეჩერებაში
ჯონი
21:05 21-02-2021
2
ხვიჩას ყველაზე დიდი პლუსი არის მისი სპორტსმენობა და ადამიანობა, ამიტომავ ყველას უყვარს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული