ლეგიონის უქმეები: ქართველი ფეხბურთელების 11 გოლი! [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ქართველმა ფეხბურთელებმა 11 გოლი გაიტანეს, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.

საბა ლობჟანიძემ, ფაქტობრივად, მარტომ სძლია "სონდერისკეს" - 3 გოლი გაიტანა და "რანდერსმა" 3:0 მოიგო. ბექა ვაჩიბერაძემ ლატვიაში დუბლი მიითვალა. ასევე ორი გოლის გატანა შეძლო ზაქარია ბეგლარიშვილმა. გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთში მორიგი გოლი გაიტანა. პორტუგალიაში კი ავთო ებრალიძე გამოირჩა.

ესპანეთი. ლა ლიგა 2. გიორგი აბურჯანიას "სევილია ატლეტიკო" სტუმრად "კორდობასთან" 0:3 დამარცხდა. აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" "ალმერიას" უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში და 56-ე
წუთზე ბენიტოს პასით ანგარიში გახსნა. ეს პაპუნაშვილის მეოთხე გოლია სეზონში. მან ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. 66-ე წუთზე მწვრთნელმა ქართველი ლეგიონერი გამოცვალა. ამ გამარჯვების შემდეგ "სარაგოსა" 58 ქულით მე-4 ადგილზე გადავიდა და ლა ლიგის პლეი-ოფის ზონაშია (III-VI ადგილები).

▶ "სარაგოსა" პაპუნაშვილთან ერთად უკეთესია - ესპანური პრესა ქართველის კარგ თამაშს ეხმაურება


ოთარ კაკაბაძემ, ტრადიციულად, შეუცვლელად ითამაშა "ხიმნასტიკის" რიგებში, რომელიც შინ "ნუმანსიას" დაუზავდა - 0:0. კატალონიური გუნდი 43 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონამდე 4 ქულა აშორებს.

იტალია. სერია C. ირაკლი შეყილაძის (მე-80 წუთზე შევიდა) "ლუკეზემ" შინ 3:0 მოუგო "ოლბიას".

პორტუგალია. სეგუნდა. "ბრაგას" დუბლებთან საგარეო მატჩში ავთო ებრალიძემ (90 წთ) სეზონში მე-6 გოლი გაიტანა, მისი "ვიზეუ" კი ქულას დასჯერდა - 2:2.

ბელგია. ჟუპილერლიგა. გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში იყო, ხოლო მისი "გენტი" სტუმრად "შარლერუასთან" 1:2 დამარცხდა. ჩვენებური 83-ე წუთზე გამოცვალეს, პირველ ტაიმში კი გააფრთხილეს.

შვეიცარია. სუპერლიგა. ვაკო გვილიამ ტრავმის გამო სამი ტური გამოტოვა, ახლა კი "ციურიხთან" მატჩში დაბრუნდა - 2:1. ვაკო მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა. მისი "ლუცერნი" 46 ქულით მესამე ადგილზეა.

დანია. სუპერლიგა. დავით სხირტლაძის დისკვალიფიკაციამ მათე ვაწაძეს სასტარტოში მოხვედრის შანსი მისცა "სილკებორგის" საგარეო მატჩში "ჰელსინგორთან" - 0:0. მათე გააფრთხილეს და 62-ე წუთზე გამოცვალეს.

დანიაში საბა ლობჟანიძის ბენეფისი ვიხილეთ - მან "რანდერსის" რიგებში "სონდერისკეს" კარში ჰეთ-თრიკი შეასრულა! საბას უკვე 8 გოლი აქვს ჩემპიონატში გატანილი. "რანდერსი" გადარჩენისთვის გააფთრებით იბრძვის. საბა-შოუ - ასე უწოდა "რანდერსის" საიტმა ლობჟანიძის თამაშს.


I დივიზიონი. ლაშა პარუნაშვილის (90 წთ) "ესბიერგმა" სტუმრად 3:0 მოუგო "ბრაბრანდს" და ჩემპიონატს ლიდერობს.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. "პოგონი" სტუმრად 0:0 ეთამაშა "პიასტს". სტუმართა რიგებში შეუცვლელად გაისარჯა ლაშა დვალი.

"კორონასა" და "იაგელონიას" მატჩში ნიკა კაჭარავა 72-ე წუთზე შევიდა. ქართველის "კორონამ" შინ 0:3 წააგო.

შვედეთი. ოლსვენსკანი. გიორგი ხარაიშვილი აიკ-თან მატჩში 67-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა სტუმარი "გიოტებორგი" 0:2 დამარცხდა.

ავსტრია. ბუნდესლიგა. ტოპ-ფორმაში მყოფი გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" "ადმირას" უმასპინძლა და 4:1 მოუგო. ქართველი ფორვარდი 59-ე წუთზე გამოცვალეს. მას ამჯერად, თავი არ გამოუჩენია.

უნგრეთი. OTP. ქართველთა "ბალმაზივაროში" სტუმრად 0:0 დაუზავდა "ჰალადაშს" და ამის წყალობით, ამოვიდა გასავარდნი ზონიდან. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ბაჩანა არაბულმა და ის მე-16 წუთზე გამოცვალეს. აღსანიშნავია, რომ ლაშა შინდაგორიძე წინა ტურში დაშავდა სერიოზულად და ბუნებრივია, არ უთამაშია "ჰალადაშთან". ირაკლი მაისურაძემ კი შეუცვლელად ითამაშა.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილის (90 წთ) "ტრნავა" სტუმრად "რუჟომბეროკს" 0:0 ეთამაშა. "ტრნავა" 61 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

გიორგი ბერიძის (72-ე წუთზე გამოცვალეს) "ტრენჩინი" შინ "სლოვანთან" 1:3 დამარცხდა.

ალბანეთი. სუპერ ლიგა. ირაკლი ძარიას "კუკესი" სტუმრად "ლაჩის" დაუზავდა - 0:0.

რუსეთი. პრემიერლიგა. საქართველოს ნაკრების ლაზარეთს კიდევ ერთი შეემატა - გიორგი ლორია ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, ორჯერ აშკარა გოლისგან იხსნა გუნდი "ურალთან" დაპირისპირებაში, რისთვისაც "ჩემპიონატისგან" 7 ბალიც დაიმსახურა, მაგრამ 64-ე წუთზე მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. "ანჟი" 0:1 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში არ ყოფილა ტრავმირებული გიორგი ჭანტურია.

უიმედო აუტსაიდერი სკა ხაბაროვსკში "დინამოსთან" 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ.

მოსკოვში არ შედგა ქართველი მცველების დუელი - მასპინძელი "ლოკომოტივის" საბა კვირკველია დისკვალიფიცირებული იყო, არ უთამაშია "უფას" ჯიმი ტაბიძესაც - 0:0.

უკრაინა. პრემიერლიგა. დუბლების ჩემპიონატში გიორგი არაბიძის (86-ე წუთზე გამოვიდა) "შახტარმა" 2:0 მოუგო "ვორსკლას".

დავით ხოჭოლავამ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა "შახტარისა" და ქართველთა "ვორსკლას" მატჩი - 4:2. 90-90 წუთი ითამაშეს ანდრო გიორგაძემ (გააფრთხილეს) და სანდრო კობახიძემ.

"შახტარი" 66 ქულით ლიდერობს, "ვორსკლა" 44 ქულით მესამეა.

ბელრუსი. ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიას (90 წთ) "ნემანმა" სტუმრად 1:0 მოუგო მინსკის "ტორპედოს".

ლატვია ვირშლიგა. ქართველთა "რიგასმა" აუტსაიდერი "ვალმიერა" სტუმრად გაანადგურა - 6:0. ბექა ვაჩიბერაძემ შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს) და 2 გოლი გაიტანა. ლაშა შერგელაშვილმაც შეუცვლელად ითამაშა. "რიგასს" 4-დან 4 მოგება აქვს. ვაჩიბერაძემ "რიგასის" რიგებში ჩემპიონატში პირველი გოლები გაიტანა.


ესტონეთი
. პრემიუმ ლიიგა. ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" სტუმრად 6:0 მოუგო "ტულევიკს". მასპინძლებმა 51-ე წუთამდე გაძლეს, მერე კი ანგარიში "ფლორას" ქართველმა ლიდერმა გახსნა ახლო მანძილიდან დარტყმით. საბოლოოდ, მან დუბლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა. ეს ბეგლარიშვილის პირველი დუბლია სეზონში. მის ანგარიშზე 8 მატჩში 6 გოლია. 9 ტურის შემდეგ 19 ქულით "ფლორა" მე-3 ადგილზეა.


აზერბაიჯანი. პრემიერლიგა. ქართველთა "საბაილი" შინ "ქიაფაზს" დაუზავდა - 1:1. ნიკა აფაქიძემ შეუცვლელად ითამაშა, თამაზ ცეცხლაძე კი დისკვალიფიცირებული იყო.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. ქართველთა "ყიზილ-ჟარი" "ატირაუს" დაუზავდა - 1:1. ამ შეხვედრაში ანგარიში 24-ე წუთზე პენალტიდან შოთა გრიგალაშვილმა გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. გოგიტა გოგუა 74-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ხოლო გიორგი ფოფხაძე სათადარიგო იყო.

მესამეადგილოსანი "ტობოლი" შინ "აკჟაიკს" დაუზავდა - 1:1. ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა და მან ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია.

ლაშა კასრაძის (90 წთ) "ჟეტისუმ" შინ "ირტიშს" მოუგო - 2:1.

ჯაბა ჯიღაურის "ორდაბასი" შინ "ასტანასთან" დამარცხდა - 1:2. ლიდერის წინააღმდეგ ჯიღაურმა 68-ე წუთიდან ითამაშა.

უზბეკეთი. სუპერლიგა. ქართველთა "ყიზილქუმმა" "ნეფთჩის" 1:0 მოუგო და ეს ერთადერთი გოლი გამოცდილმა გიორგი კვესიეშვილმა გაიტანა. მცველმა გოლი მე-5 წუთზე გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა. აი, ელგუჯა გრიგალაშვილი კი სათადარიგო იყო. კახა მახარაძის (90 წთ) "ლოკომოტივმა" "სოგდიანას" 2:0 მოუგო.

აშშ. MLS. ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე" სტუმრად "ორლანდოსთან" 2:3 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული