გიორგი ქვილითაია: საქართველოში გატანილი 24 გოლი ავსტრიაში არაფერს ნიშნავს

AutoSharing Option
გიორგი ქვილითაია ვენის "რაპიდის" შემადგენლობაში შესანიშნავად ათამაშდა. ქართველ ფორვარდს წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა, თუმცა, როგორც თავად გვითხრა, საჭირო რჩევები მიიღო, რამაც შედეგი მოიტანა.

ქვილითაიას მიზანი საქართველოს ნაკრებთან ერთად ერთა ლიგაზე წარმატებული თამაში და "რაპიდის" გულშემატკივრებისთვის თავისი სახელის დამახსოვრებაა.

Sportall.ge გიორგის ავსტრიაში დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

- "რაპიდის" შემადგენლობაში შესანიშნავად ათამაშდით... თქვენ დიდი ხნის უგოლო პაუზა გქონდათ, რით იყო ეს გამოწვეული?
- მქონდა ძალიან წარუმატებელი და უგოლო პერიოდი, რომელიც თავდამსხმელისთვის ადვილი არ არის. ისეთ გუნდში, როგორიც "რაპიდია", უგოლო პერიოდს გულშემატკივრებიც არ
გპატიობენ.

პლუს, ჟურნალისტებისგან მქონდა წნეხი და ქართველი ქომაგებისგანაც. ეს არ იყო ადვილი გადასატანი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი და დახმარებას ყოფილ თავდამსხმელებს ვთხოვდი.

ვთხოვდი რჩევას, თუ რა როგორ გამეკეთებინა. ყველა ერთხმად მეუბნებოდა იმას, რომ ცუდზე არ მეფიქრა. ასევე, ორჯერ მეტი უნდა მევარჯიშა და მაქსიმალურად კონცენტრირებული ვყოფილიყავი. ვცდილობდი, ეს ყველაფერი გამეკეთებინა.

ალბათ, ამიტომ თქვა მწვრთნელმაც, ქვილითაიამ ეს წარმატება დაიმსახურაო.

ძალიან მინდოდა, უიღბლო პერიოდი დასრულებულიყო და ისევ გოლების გატანა დამეწყო.

- რამდენად გაგიჭირდათ ავსტრიულ ფეხბურთთან შეგუება და როგორ მიდიოდა ადაპტაციის პერიოდი?
- ავსტრიაში არიან გუნდები, რომლებიც თამაშობენ ტექნიკურ ფეხბურთს და არიან ისეთებიც, რომლებიც ძალისმიერ თამაშზე აკეთებენ აქცენტს.

ავსტრიაში უფრო ძალისმიერი ფეხბურთია და რა თქმა უნდა, საქართველოდან ჩამოსვლის შემდეგ დიდ სხვაობას დაინახავ. თუნდაც, სისწრაფეებსა და სხვა რაღაცებში. ამიტომ შეგუებას გარკვეული დრო დასჭირდა.

რომ ვთქვა, ძალიან გამიგრძელდა ადაპტაცია-მეთქი, მოვიტყუები, რადგან ვთვლი, პირველი სეზონი ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო. იმის ფონზე, რა ცუდ ფორმაში იყო გუნდი, ჩემი შედეგი პირველ სეზონში დამაკმაყოფილებლად მიმაჩნია.

- ავსტრიაში ძალიან კარგი პრესა გაქვთ. "ზალცბურგის" კარში გატანილი გოლი, რომელიც არ ჩაითვალა, კომენტატორმა მარადონას ღმერთის ხელი უწოდა...
- კი, ძალიან კარგი პრესა მაქვს და ჟურნალისტებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ძალიან ბევრი ჟურნალისტისგან გამამხნევებელი წერილებიც მიმიღია; ძალიან ბევრი ვარჯიშზე მოსულა და დაუწერია, თუ როგორი მონდომებულია ქვილითაია და როგორ უნდა წარმატების მიღწევა...

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მახარებს. არა მარტო საქართველოდან, არამედ ავსტრიიდანაც, ჟურნალისტების მხარდაჭერას ვგრძნობ. იმ პერიოდში, როცა მჭირდებოდა, მივიღე მხარდაჭერა.

- ავსტრიის ნაკრები ჯგუფში საქართველოს მეტოქე იყო. რას ამბობენ ავსტრიელები ჩვენს ნაკრებზე და როგორ იხსენებენ ამ მატჩს?
- საქართველოს ნაკრებით ძალიან გაკვირვებულნი დარჩნენ... როდესაც ავსტრიაში ვითამაშეთ, მითხრეს, რომ ძალიან კარგი და ტექნიკური ნაკრები გვყავს და გამარჯვებასაც ვიმსახურებდით როგორც სახლში, ისე სტუმრად.

საქართველოს ჩემპიონატზე კი დიდი წარმოდგენა არ აქვთ... საქართველოში ბომბარდირი გავხდი და 24 გოლი გავიტანე. აქ ჩამოსვლის შემდეგ მეგონა, რომ უკვე სახელი მექნებოდა და ამას პატივისცემით შეხედავდნენ, მაგრამ ასე არ იყო...

ყველაფრის თავიდან დამტკიცება მომიწია. საქართველოს ჩემპიონატში გატანილი 24 გოლი მათთვის არაფერს ნიშნავს.

- ფეხბურთელისთვის, კარიერული წინსვლისთვის და დიდი ფეხბურთის სათამაშოდ მშვენიერ გუნდში იმყოფებით. როგორ ფიქრობთ, როგორ მიდის გიორგი ქვილითაიას განვითარების პროცესი და რა იქნება მისი მაქსიმუმი?
- "დინამოს" შემდეგ ეს ჩემთვის ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ძალიან გაკვირვებული ვარ გულშემატკივრების გარკვეული ნაწილის პოზიციით, როცა "დინამოდან" "რაპიდში" გადავედი.

ზოგს მოეწონა ჩემი ნაბიჯი და იყვნენ ისეთებიც, ვინც მოღალატედ შემრაცხეს. ამან გამაოცა, თუმცა ვიცოდი, რომ "რაპიდში" გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. საქართველოს ჩემპიონატიდან უფრო მაგარ გუნდში გადასვლა ძალიან რთულია.

ვთვლი, რომ ძალიან კარგ გუნდში ვარ. ამას ვგრძნობ თუნდაც ქუჩაში, რესტორანში... აქ ყველა გცნობს და ყველა "რაპიდის" გულშემატკივარია.

- ვენის "რაპიდს" შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს. 2013 წელს, როდესაც თქვენი ამჟამინდელი გუნდი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის "დილას" დაუპირისპირდა, "რაპიდის" გულშემატკივრებმა "მიხეილ მესხზე" ქართველების ხმა გადაფარეს. რამდენად გეხმარებათ ეს ატმოსფერო?
- გულშემატკივარი მართლაც საოცარი გვყავს... 30 000-იან სტადიონზე ვთამაშობთ და საშინაო მატჩებს მინიმუმ 20 000 ფანი მაინც ესწრება, რაც ძალიან მახარებს.

ეს არის ორმაგი მოტივაცია. ასევე უამრავი გულშემატკივარი დაგვყვება გასვლით თამაშებზე, რადგან "რაპიდი" არის ძალიან დიდი ისტორიის და სახელის მქონე გუნდი.

როდესაც სხვა ქალაქში გვაქვს თამაში, იქაც კი უმეტესობა ჩვენი ფანია. ყველგან იგრძნობა, რომ გაფასებენ და უყვარხარ...

- თქვენ საზღვარგარეთ უნგრეთშიც გითამაშიათ. ასევე, საქართველოს ჩემპიონატშიც. ამ ორ პირველობაზე გაცილებით ნელი ფეხბურთია, ვიდრე ავსტრიაში... როგორ შეეგუეთ ავსტრიულ სისწრაფეებს?
- უნგრეთში როდესაც ვთამაშობდი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ძალიან გამომადგა. რაც შეეხება ავსტრიულ ფეხბურთს, რა თქმა უნდა, დრო დამჭირდა, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც "დინამოში" ვიყავი, უფრო გავიზარდე.

როდესაც აქ ჩამოვედი, რა სტატისტიკაც მქონდა და რაც ახლა მაქვს, თუნდაც სისწრაფეებში, თუნდაც მანძილის დაფარვა, ამ მხრივ ძალიან მოვუმატე, თუმცა ვთვლი, რომ მაღალი ევროპული დონის დასაკმაყოფილებლად, ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი.

- გადავიდეთ ეროვნულ ნაკრებზე... რა აზრის ხართ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, რატომ დავასრულეთ ბოლო შესარჩევი ციკლი მოგების გარეშე?
- ჩემი აზრით, თამაშიდან გამომდინარე, ჯგუფში ასეთ შედეგს არ ვიმსახურებდით. ვთვლი, რომ ბევრად უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე შედეგი გვქონდა და ალბათ, ეს შედეგიც გამოუცდელობის ბრალია.

ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიყავით, რომლებსაც მანამდე შესარჩევები ნათამაშები არ გვქონდა... საფეხბურთო თვალსაზრისით, ვთვლი, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ.

იმედი მაქვს, შემდეგ შესარჩევებში უკეთეს შედეგს დავდებთ.

- როგორ ეგუებით ვლადიმირ ვაისის მიდგომას და ტაქტიკას? რანდენად შეუძლია მას, იყოს მოტივატორი და გუნდი საბრძოლოდ განაწყოს?
- ვლადიმირ ვაისთან შეგუება, ვთვლი, რომ არც მე და არც სხვა ფეხბურთელებს არ გაგვჭირვებია. ძალიან კარგი ადამიანია და იცის, ვის როგორ მიუდგეს... ყოველთვის დადებითი ატმოსფეროა გუნდში.

ვთვლი, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელია და მასთან ერთად კარგ შედეგს დავდებთ.

- ერთა ლიგის შესახებ რას იტყოდით? ყველა თანხმდება, რომ ეს ჩვენი შანსია... იქნება თუ არა დიდი იმედგაცრუება ჯგუფში ჩარჩენა?
- იმ მოლოდინიდან გამომდინარე, რაც ერთა ლიგას უკავშირდება, რა თქმა უნდა, იმედგაცრუება იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადვილი იქნება და ვინმე რამეს დაგვითმობს.

იმაზე არანაკლები ბრძოლა გველის, ვიდრე წინა შესარჩევში გვქონდა. ჯგუფში ფავორიტები ვართ, მაგრამ ადვილი არაფერია. ჩვენზე, ფეხბურთელებზე მეტად, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არავის არ უნდა...

100%-ით დავიხარჯებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივრები გავახაროთ.

- თქვენ ნაკრების შეტევის ერთ-ერთ ლიდერად განიხილებით. რამდენად მძიმეა ეს ტვირთი, რას ნიშნავს თქვენთვის ნაკრები და რამდენად ხშირად მოგვიწევს ქვილითაიას გვარის სკანდირება?
- ნაკრები არის ის, რაზეც ფეხბურთზე შესვლის დღიდან ვოცნებობდი. ეს არის ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევა, რომ ეროვნული ნაკრების წევრი მქვია და მისი მაისური მაცვია.

რაც შეეხება გოლის შემდეგ ჩემი გვარის სკანდირებას, ეს არის ყველაზე დიდი ემოცია, რაც კი მიგრძვნია... ამაზე დიდი ემოცია არაფერია, როდესაც ეროვნულ ნაკრებში გოლი გაგაქვს და გულშემატკივარი შენს გვარს სკანდირებს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამის მოსმენა არაერთხელ მომიწევს.

- როდემდე გაქვთ "რაპიდთან" კონტრაქტი და გაქვთ თუ არა კლუბის შეცვლის ვარიანტები?
- "რაპიდთან" კონტრაქტი 2020 წლამდე მაქვს. იყო რაღაც ვარიანტები როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში, მაგრამ მინდა, რომ ყველაფერი ჯერ აქ დავამტკიცო...

მინდა, "რაპიდში" ხალხს თავი კარგად დავამახსოვრო და მერე წავიდე სხვაგან.

- დაბოლოს, რას აპირებს გიორგი ქვილითაია?
- ჩემი მიზანი არის, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ერთა ლიგაზე მივაღწიო წარმატებას. ეს არი ჩემი პირველი მიზანი და სურვილი. რაც შეეხება კლუბს, აქ ჩემპიონატიდან ევროთასებზე მოხვედრა და თასის მოგება მინდა, სადაც 1/2-ფინალში ვართ გასულნი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ გააგრძელა გოლების გატანა, მაგას რა სჯობს. თოფის გავარდნასავით თუ არ დარჩა, ვნახოტ. წარმატებები
vaso
20:23 09-03-2018
1
გიო ჯიგარი ხარ და ვაი გულშემატკივრების აზრს დიდ დროს ნუ დაუთმობ. მთავარია ხალხს უყვარხარ და გაფასებს. წარმატებები კლუბში და ნაკრებში!
georgian
17:42 09-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული