კვირკველიას "ლოკომოტივმა" ბალოტელის "ნიცა" დაამარცხა და ევროპა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩში საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" მოსკოვში 1:0 სძლია "ნიცას" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"ნიცა" სახლში 2:3-ზე დამარცხების შემდეგ ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა - სტუმრად 15-გრადუსიან ყინვაში 2 ბურთის სხვაობით უნდა გაემარჯვა. შეხვედრას 28 800-იან სტადიონზე 18 ათასი მაყურებელი დაესწრო. "ლოკომ" სწორი სტრატეგია აირჩია, თამაში კონტრშეტევაზე ააგო და სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს. თავდამსმელ მარიო ბალოტელის ყურადღებით მეურვეობდა კვირკველია და გასაქანს არ აძლევდა. მარიომ ამის შემდეგ ოდნავ მარჯვნივ გაიწია და შორი მანძილიდან ბურთი ძელს გაარტყა, მერე კი ხარიხა საჯარიმოდან
შეაზანზარა. მოკლედ, არ გაუმართლა.

სამაგიეროდ გაუმართლათ "რკინიგზელებს". ანტონ მირანჩუკმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ხოლო მერე დენისოვმა ანგარიში გახსნა. ამ გოლმა გადაწყვიტა კიდეც მერვედფინალისტის ვინაობა.

32-ე წუთზე ბალო საბას ეუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ანტონ მირანჩუკმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო 77-ე წუთზე "ნიცას" მწვრთნელი ლუსიენ ფავრი ეტყობა მიხვდა, რომ შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო და გუნდის ლიდერები სენ-მაქსიმენი და პლეა შეცვალა, რითაც ფაქტიურად კაპიტულაცია გამოაცხადა.

ტურნირის 1/8 ფინალების წილისყრა ხვალ ნიონში გაიმართება, მატჩები კი 5 და 12 აპრილს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
1/16 ფინალს გადაახტნენ?
Tbiliseli
21:58 22-02-2018
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული