ლეგიონის უქმეები: 5 ქართული გოლი ევროპულ სტადიონებზე [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ევროპულ სტადიონებზე 5 ქართული გოლი გავიდა. დანიის ჩემპიონატის მე-20 ტურში დავით სხირტლაძისა და მათე ვაწაძის "სილკებორგმა" საკუთარ მოედანზე "ოლბორგი" დაამარცხა - 3:2. მატჩს 10-ათასიან სტადიონზე 2 587 მაყურებელი დაესწრო.

სხირტლაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა, 73-ე წუთზე კი ვაწაძემ შეცვალა. "სილკებორგი" სატურნირო ცხრილში 23 ქულით მე-9 ადგილზეა და 17 თებერვალს "ლუნგბიუს" მასპინძლობს.


გასვლით შეხვედრაში "კოპენჰაგენთან" 5:1 განადგურდა საბა ლობჟანიძის "რანდერსი". ქართველი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და მე-80 წუთზე
შეცვალეს, როდესაც საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო. "რანდერსი" უიმედო აუტსაიდერია და 14 ქულით ბოლო პოზიცია უკავია.

ჰოლანდიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "ვიტესმა" სახლში დაამარცხა "ფეიენოორდი" - 3:1. ამ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, 43-ე წუთზე კი მასპინძელთა გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ თავურით საპასუხო გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში მსაჯმა ორი როტერდამელი ფეხბურთელი გააძევა, ბრიან ლინსენმა დუბლი მიითვალა და არნემელებმა გაიმარჯვეს. "ვიტესი" სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-7 ადგილზეა და 17 თებერვალს "ექსელსიორს" მასპინძლობს.


პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში ნიკა კაჭარავას კელცეს "კორონამ" ნიეჩიზას "ტერმალიკა" დაამარცხა 3:0. ამ შეხვედრაში ანგარიში ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ გახსნა (ეს მისი მეექვსე გოლია ჩემპიონატზე) და შეხვედრის დასასრულს მატეუშ მოზდზენს საგოლედაც უპასა.

"ტერმალიკას" განაცხადში არ ყოფილა 20 წლის ქართველი ახალწვეული, ნახევარმცველი ნიკა კვანტალიანი. "კორონა" 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა და თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.


გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" საკუთარ მოედანზე 4:2 დაამარცხა "გორნიკი". მასპინძელთა ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა და თავი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა. მისი გუნდი 33 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

ლაშა დვალის "პოგონმა" 4:1 გაანადგურა "სანდეცია". ქართველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო, მისი გუნდი კი 20 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფება.

ნულოვანი ფრე ითამაშა საშინაო მოედანზე ლუკა ზარანდიას "არკამ", რომელიც "ლეხს" დაუზავდა. ზარანდია ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და 65-ე წუთზე შეცვალეს.  "არკას" 32 ქულით მე-8 პოზიცია უკავია.

კვიპროსში მორიგი მატჩი გამართა ეკატერინბურგის "ურალმა", ამჯერად საფეხბურთო ლიგის თასზე "ტიუმენი" დაამარცხა - 3:2. "ურალის" ქართველი ლეგიონერი გიორგი ჭანტურია ნაანტრაქტევს შევიდა შეცვლაზე და 75-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა.

კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ მეორე ტაიმში თამაში აქტიურ ჭანტურიაზე იყო აგებული და სიმბოლურია, რომ გადამწყვეტი გოლი სწორედ მან გაიტანა - ცაციათი ბურთი ცხრიანში ჩააჭედა.


დუბლით გამოიჩინა თავი ავთო ებრალიძემ. ქართველმა ფორვარდმა "ბენფიკას" მეორე გუნდის კარი ორჯერ დალაშქრა. მისმა "ვიზეუმ" მეტოქე 5:1 გაანადგურა, თავად კი თავი 41-ე და 90-ე წუთებზე გამოიჩინა.

ამ გამარჯვებით, "ვიზეუმ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, 39 ქულა დააგროვა და მე-4 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურში მათი მეტოქე "ნასიონალი" იქნება.


შვეიცარიის ჩემპიონატის 21-ე ტურში "ლუცერნის" შემადგენლობაში ბორისოვოს "ბატედან" გადასული ქართველი ნახევარმცველის, ვაკო გვილიას დებიუტი შედგა. ის ციურიხში "გრასჰოპერსთან" მატჩის მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:0 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ და სტუმრებმა შეხვედრის დასასრულს მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

მართალია, გვილიას გოლი არ გაუტანია, მაგრამ ურიგოდ ნამდვილად არ გარჯილა, მისი გუნდი კი 26 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა და 18 თებერვალს გასვლაზე "ციურიხს" ხვდება.

იტალიის სერია B-ში ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგო ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ". ტოსკანელებმა გასვლით შეხვედრაში "ასკოლი" 2:1 დაამარცხეს. როგორც იცით, ქართველი ფორვარდი კვლავაც ტრავმირებულია, ამიტომ განაცხადში არ ყოფილა.

"ემპოლის" 46 ქულა აქვს, პირველ ადგილზე იმყოფება და სერია "ა"-ში გადასვლის ჩინებული შანსი აქვს.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მორიგი შეხვედრა დათმო გიორგი აბურჯანიას "სევილია ატლეტიკომ". ქართველი ნახევარმცველის კლუბი გასვლით შეხვედრაში "რაიო ვალეკანოსთან" 0:2 დამარცხდა. აბურჯანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 1:0 იყო.

"სევილია ატლეტიკოს"  22-გუნდიან სეგუნდა დივიზიონში 21-ე პოზიცია 16 ქულით უკავია.

საგარეო შეხვედრაში "ალბასეტე" 1:0 დაამარცხა ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკმა". ქართველი მცველი, ჩვეულებისამებრ, ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ტარაგონელებმა ამ გამარჯვებით 32 ქულა დააგროვეს და მე-15 ადგილზე დამკვიდრდნენ.

კარგ ფორმაში შევიდა გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა". ქართველი ნახევარმცველის გუნდმა საშინაო შეხვედრაში "ლუგოს" აჯობა - 2:0. პაპუნაშვილი სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო.

26 ტურის შემდეგ "სარაგოსა" 34 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

განახლებული ავსტრიის ბუნდესლიგა ცუდად დაიწყო გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა". ვენელებმა გასვლით მატჩში "ადმირასთან" ვერაფერი გააწყეს და 1:2 დამარცხდნენ. სტუმართა ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა შორის გახლდათ და მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო.

"რაპიდს" 35 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება. იგი პირველ ადგილზე მყოფ "ზალცბურგს" 14 ქულით ჩამორჩება.

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში აკაკი გოგიას "უნიონმა" 3:1 დაამარცხა "დიუსელდორფი". გოგიამ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა. მისი "უნიონი" კი 31 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში კვლავ არ უთამაშია გიორგი მაკარიძეს. ქართველი მეკარე სათადარიგო გახლდათ, მისმა "რიო ავემ" კი საშინაო შეხვედრაში "მარიტიმო" 3:0 გაანადგურა. "რიო ავეს" 36 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

ბელგიის იუპერ ლიგაში "გენტმა" 3:0 გაანადგურა საკუთარ მოედანზე "სენტ ტრუიდენი". მასპინძელთა ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის გახლდათ და მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო. "გენტი" 43 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.

რუმინეთის პირველ ლიგაში საკუთარ მოედანზე "ვოლუნტარისთან"  2:3 დამარცხდა აკაკი ხუბუტიას "პოლი ტიმოშოარა". ქართველი მცველი სათადარიგოთა შორის გახლდათ და მოედანზე არ გამოჩენილა. მისი გუნდი 26 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავთ კაშიას ჰოლანდიური გრანდის კარში გოლის გატანას.
ქართული მარში
12:15 12-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული