ლეგიონის უქმეები: 2018 წლის პირველი ქართული გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გასულ უქმეებზე ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი მატჩები გამართეს.

გატანილი გოლით გამოირჩა ავთანდილ ებრალიძე, რომელიც ქართველი ლეგიონერებისთვის 2018 წელს პირველი აღმოჩნდა.  ქართველმა ფორვარდმა "აკადემიკას" კარი მე-13 წუთზე აიღო და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

თუმცა მის "ვიზეუს" ეს ბურთი მატჩის მოსაგებად არ ეყო. 90-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს და შეხვედრაც 1:1 დასრულდა.

ებრალიძის კლუბი 20-გუნდიან პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში 34 ქულით II-III ადგილებს სწორედ "აკადემიკასთან" იყოფს.

ჩემპიონატის ლიდერი კი 40 ქულით "პორტუს" მეორე გუნდია. აღსანიშნავია, რომ ამ კლუბს უმაღლეს ლიგაში გადასვლის უფლება არ მიეცემა. ასე
რომ, დიდი შანსია, მომავალი წლიდან ებრალიძემ პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში იასპარეზოს.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში 22-ე ტურის მატჩები შედგა. 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ". ქართველი ნახევარმცველის კლუბმა საკუთარ მოედანზე "ტენერიფეს" 1:0 სძლია. პაპუნაშვილი სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და მოედანზე არ გამოჩენილა. 22-გუნდიან სეგუნდა დივიზიონში კი "სარაგოსა", 27 ქულით, მე-13 ადგილს იკავებს.

საკუთარ მოედანზე დამარცხდა გიორგი აბურჯანიას "სევილია B". ანდალუსიელებმა პამბლონის "ოსასუნასთან" ვერაფერი გააწყვეს და 0:1 წააგეს. აბურჯანია სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი უკვე მარცხდებოდა. "სევილია B", 16 ქულით, ბოლო, 22-ე პოზიციაზე იმყოფება.

"ხიმნასტიკის" განაცხადში არ ყოფილა ოთარ კაკაბაძე. ქართველი მცველის კლუბმა კი გასვლით შეხვედრაში "ალმერიასთან" ფრე, 1:1 ითამაშა. ტარაგონელები, ამ დროისთვის, 25 ქულით მე-18 პოზიციას იკავებენ.

მორიგი მარცხი განიცადა გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "ეთნიკოსმა", სადაც ქართველი ფორვარდი გიორგი ილურიძეც ასპარეზობს. ქართველების კლუბი საკუთარ მოედანზე "ნეა სალამისთან" 0:3 განადგურდა. ილურიძე ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და მე-80 წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 0:2 იყო.

კვიპროსის პირველ დივიზიონში სულ 14 კლუბი ასპარეზობს. 20 ტურის შემდეგ კი "ეთნიკოსი" 8 ქულით სწორედ ბოლო, მე-14 პოზიციას იკავებს.

მალტის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა გიორგი გოროზიამ. ქართველი მცველი "ჰიბერნიანსის" შემადგენლობაში სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა. მისმა კლუბმა კი "ფლორიანა" 1:0 დაამარცხა.

მალტის პრემიერლიგაში 14 გუნდი ასპარეზობს. გოროზიას "ჰიბერნიანსი" კი 16 ტურის შემდეგ, 28 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოროზია მცველია ? გამთამაშებელია და გუშინ პენალტი მოუპოვა თავის გუნდს 1-0 მოაგებინა თქვენზე მეტი მე ვიცი :)))))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული