ჯიმი ტაბიძე ნაკრებიდან გამოძახებაზე: პირადად არავინ დამკავშირებია

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალოს" "ფეისბუქის" გვერდმა კლუბის აკადემიის აღზრდილთან, ჯიმი ტაბიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

შეგახსენებთ, რომ ჯიმი ტაბიძე რუსეთში "უფას" ღირსებას იცავს.

"საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი, ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე უკვე ერთი წელია, რაც რუსეთის პრემიერლიგაში ასპარეზობს. ახალგაზრდა ფეხბურთელი არდადეგებს საქართველოში ატარებს, თუმცა 12 იანვარს მოსკოვში მიემგზავრება და ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს.

- მთავარია, რომ თავს ჯანმრთელად ვგრძნობ და მომავალ სეზონს კარგ განწყობაზე ვხვდები. საკმარისზე მეტად დავისვენე. რუსეთში პირველობა დეკემბრის დასაწყისში დამთავრდა, მაგრამ ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობდი. ჩემი პროგრამა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იყო აგებული.

- "უფა"
სად და როდის იკრიბება?

- 12 იანვარს მოსკოვში უნდა გამოვცხადდე. 13 იანვარს კლუბმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რის შემდეგაც გუნდი შეკრებაზე გაემგზავრება. 14-26 იანვარსა და 29 იანვრიდან 12 თებერვლამდე "უფა" კვიპროსში გაივლის მზადებას, ხოლო მესამე შეკრება, რომელიც 15 თებერვლიდან თვის ბოლომდე შედგება, ესპანეთშია დაგეგმილი.

- ერთი წელია, რაც რუსეთში თამაშობთ. შეეგუეთ იქაურ ჩემპიონატს?
- ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის არ არის ერთი წელი საკმარისი დრო, თუმცა ადაპტაცია გავიარე და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

- ჩემპიონატის ბოლო მატჩებში არ მოგიწიათ თამაში. რით იყო განპირობებული?
- ნაკრებიდან კლუბში რომ დავბრუნდი, 6 ტური იყო დარჩენილი. იმ პერიოდში ფეხი ვიტკინე და გარკვეული პერიოდი ამის გამო გამიცდა. ბოლო ტურებში ვეღარ ვითამაშე, რადგან არ ვიყავი სათანადო სპორტულ ფორმაში.

მწვრთნელი მოვიდა, დამელაპარაკა და დამამშვიდა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

- რუსეთის პირველობაზე რომელ ფორვარდებს გამოარჩევდით?
- პრემიერლიგაში ძალიან მაღალი დონის თავდამსხმელები არიან. გამოვყოფდი სმოლოვს, ზე ლუიშს, კოკორინსა და ძიუბას. თუმცა, ყველა მათგანს თავისებურად უნდა მიუდგე, რადგან ყველას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

- გულშემატკივრებთან როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ?
- რუსეთში ხმაურიანი ქომაგები არიან. "უფას" გულშემატკივრები მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს ელოდებიან და სუვენირად სხვადასხვა სპორტულ ამუნიციას ითხოვენ, ძირითადად, ბავშვები. მეც მაქვს ბედნიერება, რომ თამაშის დასრულების შემდეგ ერთგულ ქომაგებს მაისური ან სხვა რამ გადავცე საჩუქრად.

- "საბურთალოს" განვლილ სეზონზე რას იტყვით, როგორ შეაფასებთ?
- ძალიან მომწონს გიორგი ჭიაბრიშვილის ხედვა ფეხბურთზე, მისი სათამაშო სტილი. ვფიქრობ, ის პერიოდი რომ არა, როდესაც "საბურთალოს" ტრავმების გამო დიდი დანაკლისი ჰქონდა, ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებდა.

გამოსაყოფია განსაკუთრებით მეორე წრე, როდესაც კლუბმა მაღალ დონეზე ჩაატარა მატჩები.

ვიტყვი, რომ "საბურთალო" იმ პერიოდში ერთი თავით მაღლა იდგა ბევრ გუნდზე, თუ ყველაზე არა.

"საბურთალოს" თამაშებს თითქმის ყოველთვის ვუყურებ, ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი, როდესაც პირდაპირ ეთერში ვადევნებ თვალყურს. ეს კლუბი განსაკუთრებით მიყვარს, რადგან ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული. პროფესიონალ ფეხბურთელად სწორედ აქ ჩამოვყალიბდი, ბევრი რამ მომცა და მასწავლა "საბურთალომ".

მთელი ცხოვრება ამ კლუბის მადლიერი ვიქნები. ჩემი დიდი სურვილია, რომ კლუბმა ევროტურნირებზე ითამაშოს, ამის რესურსი "საბურთალოს" გააჩნია.

- ჩვენი ინფორმაციით, ეროვნულ ნაკრების უახლოეს შეკრებაზე ხართ გამოძახებული. მიიღეთ უკვე ოფიციალური მოწვევა?
- პირადად არავინ დამკავშირებია. შეკრებამდე დიდი დროა დარჩენილი, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გამიხარდება, თუ ეროვნულ ნაკრებში მომეცემა თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

გასულ წელს დებიუტი მქონდა პირველ ნაკრებში - ჯერ ამხანაგურ შეხვედრაში ვითამაშე, შემდეგ კი ოფიციალურ მატჩში მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიმის წარმატებები, ჩემი შვილიც "საბურთალოს" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობს, საუკეთესო მწვრთნელები გვყავს, მაგრამ ადმინისტრაციას ვთხოვ, თუ ვისაც ეხება, გამგები გაიგებს, გასახდელებს მიხედონ, ანტისანიტარია და დაავადებების გავრცელების რეალური საშიშროების წინაშე დგანან ბავშვები, რა დისციპლინაზე და ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, როცა ელემენტარულ პირობებს არ უქმნიან სკოლებში, ხეჩიკაშვილმა რით ვერ მოიცალა, იქნებ მიხედოს, სირცხვილია!!!
მშობელი
11:03 12-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული