ლეგიონის უქმეები: კაჭარავას შოუ გოლით, პასით და პენალტით [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ქართველმა ლეგიონერებმა ჯამში 5 გოლი გაიტანეს, თუმცა ყველას შორის გამოვყოფთ ნიკა კაჭარავას თამაშს - მან პოლონურ ექსტრაკლასაში ზედიზედ მეორედ გამოიჩინა თავი - წინა ტურის დუბლს ახლა მოპოვებული პენალტი, გოლი და საგოლე პასი დაუმატა.

გერმანია, II ბუნდესლიგა.
ბერლინის "უნიონმა" შინ "ზანკტ პაული" დაამარცხა - 1:0. აკაკი გოგიამ გამარჯვებულთა რიგებში 67-ე წუთამდე ითამაშა.

ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.
ოთარ კაკაბაძემ საგოლე პასი მიითვალა, ხოლო მისმა "ხიმნასტიკმა" სტუმრად 3:0 მოუგო "ვალიადოლიდს.


იტალია, ლეგა პრო.
რომან
ჭანტურიას
(74-ე წუთზე გამოცვალეს) "პრატო" შინ "პიაჩენცასთან" განადგურდა - 1:4.

ჰოლანდია, ერედივიზია.
გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი "ვიტესი" შინ "ზვოლეს" დაუზავდა - 0:0.

პორტუგალია, სეგუნდა.

ლიდერმა "ვიზეუმ" სტუმრად 1:0 მოუგო "რეალს", ავთო ებრალიძე 89-ე წუთზე გამოცვალეს.

პოლონეთი, ექსტრაკლასა.
ნიკოლოზ კაჭარავამ ერთბაშად იფეთქა - წინა ტურში დუბლს, "კორონას" ფორვარდმა შესანიშნავი თამაში დაურთო "შლიონსკთან" - 3:0. კაჭარავამ სამივე გოლში ლომის წილი დაიდო. ჯერ მისი წაქცევისთვის დაინიშნა პენალტი, შემდეგ თავად გაიტანა, ბოლოს კი თანაგუნდელი ახეირა. ამასობაში, "კორონაც" ექსტრაკლასას ლიდერთა მარაქაში გაერია. kaczarawa show - ასე მონათლა ეს მატჩი onet.pl-მ.


არკა" შინ 0:1 დამარცხდა "ლეხიასთან", მასპინძელთა რიგებში ლუკა ზარანდია მე-60 წუთიდან ვიხილეთ. გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" შინ 1:2 დამარცხდა "იაგელონიასთან". ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. "თავი გამოიჩინა" ლაშა დვალმა, რომელმაც "პოგონი"-"ლეგიას" მატჩში (1:3) საკუთარი კარი დალაშქრა. დვალმა შეუცვლელად ითამაშა, "პოგონი" უკანასკნელ ადგილზეა.

დანია, სუპერლიგა.

ქართველთა "სილკებორგი" შინ "ჰორსენსს" დაუზავდა - 2:2. მასპინძელთა მეორე გოლი მათე ვაწაძის ანგარიშზეა, რომელიც მოედანზე 72-ე წუთზე გამოვიდა. დავით სხირტლაძე სასტარტოში იყო და იგი 91-ე წუთზე გამოცვალეს. ვაწაძეს, რომელიც უკვე დაწყებულ სეზონზე შეუერთდა "სილკებორგს", სუპერლიგის 6 მატჩში 3 გოლი აქვს. მეორე გამარჯვება იზეიმა სეზონში საბა ლობჟანიძის (76-ე წუთზე შეცვალეს) "რანდერსმა", რომელმაც "ორჰუსი" 1:0 დაამარცხა.

I დივიზიონი.

ქართველთა "ესბიერგი" შინ 2:4 დამარცხდა "ვენდსისელთან". ლაშა პარუნაშვილმა 61-ე წუთამდე ითამაშა.

ავსტრია, ბუნდესლიგა.
ვენის "რაპიდი" სტუმრად ლიდერ "შტურმს" 0:0 დაუზავდა. ამ შეხვედრაში გიორგი ქვილითაია სასტარტო იყო და იგი 56-ე წუთზე გამოცვალეს.

სლოვაკეთი, ფორტუნა ლიგა.
ლიდერი "ტრნავა" შინ "რუჟემბეროკს" დაუზავდა. ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

უნგრეთი.
"ბალმაზივაროშმა" სტუმრად აჯობა "დიოშდიორს" - 2:1. თანაც, გამარჯვების გოლი ბაჩანა არაბულმა გაიტანა. მან მე-5 კომპენსირებულ წუთზე გაიტანა პენალტი. არაბულმა და ირაკლი მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშეს.


მაკედონია, I ლიგა.
ჯაბა ჯიღაურის "ვარდარმა" შინ აუტსაიდერ "სკოპიეს" 3:0 მოუგო. ჯაბა მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა და მასპინძელთა მესამე გოლი გაიტანა.


კვიპროსი, I დივიზიონი.
გიორგი ილურიძის (83-ე წუთზე შეცვალეს) "ახნასი" სტუმრად "დოხასთან" დამარცხდა - 2:4.

რუსეთი, პრემიერლიგა.

გიორგი ჭანტურიას "ურალმა" შინ მოსკოვის "დინამოს" მოუგო - 2:0. ქართველი შემტევი მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა. გიორგი ნავალოვსკის (90 წ.) "სკა-ხაბაროვსკი" 1:2 დამარცხდა გია გრიგალავას (78-ე წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს) ტულის "არსენალთან". გიორგი ლორიას "ანჟიმ" ბოლოს ათი კაცით მოუგო სტუმრად "ამკარს" - 2:1. კარში სწორედ ჩვენებური იდგა. საბა კვირკველიას (90 წ.) "ლოკომოტივი" შინ ცსკა-ს დაუზავდა - 2:2 და ლიდერობა შეინარჩუნა.

უკრაინა, პრემიერლიგა.

დუბლების ჩემპიონატში "შახტარის" ახალგაზრდული გუნდი სტუმრად "მარიუპოლთან" დამარცხდა - 1:2. ამ შეხვედრაში გიორგი არაბიძემ (78-ე წუთზე გამოცვალეს) მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გაიტანა. დიდების მატჩში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ, რომლის გუნდმაც 3:1 მოიგო. სანდრო კობახიძემ ბოლო ხუთი წუთი ითამაშა კიევის "დინამოსთან", "ვორსკლა" სტუმრად 1:2 დამარცხდა.

ბელარუსი, ვისშაია ლიგა.

ოთარ ჯავაშვილის "სლავია" პლეი აუტის ზონაშია მას მერე, რაც სტუმრად "დნეპრთან" 3:5 დამარცხდა. ჯავაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. გიორგი ქანთარიას (90 წ.) "ნემანი" შინ ბრესტის "დინამოსთან" დამარცხდა - 0:2.

ლიტვა,A ლიგა.
ლევან მაჭარაშვილის (90 წთ) "შტუმბრასმა" პლეი აუტში 3:0 მოუგო "ბანგას" საპასუხო მატჩი და უმაღლესში ადგილი სამომავლოდაც შეინარჩუნა.

ლატვია, ვირშლიგა.

ლაშა შერგელაშვილის (90 წთ) "რიგასი" სტუმრად "იელგავასთან" დამარცხდა - 0:1.

ესტონეთი,მეისტრილიგა.
ჩემპიონატის ბოლო ტურში ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" ჩემპიონის რანგში ესტუმრა "ლევადიას" და 0:0 დაუზავდა. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი 69-ე წუთზე გამოცვალეს.

აზერბაიჯანი, პრემიერლიგა.

თამაზ ცერცვაძის (90 წთ) "საბაილი" სტუმრად "გაბალასთან" 1:3 დამარცხდა, ხოლო "კეშლიამ" ზაურ სვანაძის გარეშე წააგო "სუმგაითთან" - 1:3. სვანაძე თამაშამდე გაათავისუფლეს პოსტიდან.

ყაზახეთი, პრემიერლიგა.
გოგიტა გოგუას "ოკჟეტპესი" სტუმრად 2:3 დამარცხდა "ორდაბასისთან". ამ მატჩში გოგუა მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა და 83-ე წუთზე შეცვალეს. "ოკჟეტპესმა" ჩემპიონატი ბოლო ადგილზე დაასრულა. ნიკა კვეკვესკირის (90 წთ) "ტობოლმა" 2:0 მოუგო "ატირაუს", რომლის რიგებშიც 90-90 წუთი ითამაშეს უჩა ლობჟანიძემ და ლადო დვალიშვილმა.

უზბეკეთი, ოლიი ლიგა.
ჩემპიონატის ლიდერი "ლოკომოტივი" ფერღანაში "ნეფთჩის" დაუზავდა - 0:0. შეუცვლელად ითამაშა "ლოკომოტივის" მცველმა კახა მახარაძემ. შოთა არველაძის "ფახთაქორმა" სტუმრად სძლია "სოგდიანას" - 1:0 და ისევ მესამე პოზიციაზეა. თამაშის მერე არველაძემ აღნიშნა, რომ მის გუნდს უკეთ თამაში შეუძლია. შოთა გრიგალაშვილის (76-ე წუთზე შევიდა) "ოლმალიქი" შინ 3:1 გაუსწორდა "შორთანს".

არ უთამაშიათ
* გიორგი ბერიძეს ("ტრენჩინი", სლოვაკეთი) "პოდბრეზოვასთან" სტუმრად 8:1 მოგებულ შეხვედრაში.
* გიორგი ჩაკვეტაძეს ("გენტი", ბელგია) "სტანდარდთან" 1:0 მოგებულ შეხვედრაში.
* ლევან ელოშვილს ("კაპფენბერგერი", ავსტრია, ერსტე ლიგა) "ჰარტბერგთან" შინ 0:2 წაგებულ მატჩში.
* გიორგი ერისთავს ("ლიეპაია", ლატვია) შინ 1:0 მოგებულ მატჩში "მეტასთან". "ლიეპაიას" თამაზ პერტია წვრთნის.
* ლუკა ასათიანს ("სუვალკი", პოლონეთი, I დივიზიონი) შინ "პოდბესკიძიესთან" 3:0 მოგებულ მატჩში.
* გიორგი მაკარიძეს ("მორეირენშე", პორტუგალია) შინ "პორტიმონენშესთან" მატჩში - 1:1.
* გიორგი აბურჯანიას ("სევილია ატლეტიკო", ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3) "ტენერიფესთან" 1:1 დასრულებულ მატჩში.
* აკაკი ხუბუტიას ("გაზ მეთანი", რუმინეთი) შინ ბუქარესტის "დინამოსთან" 0:3 დასრულებულ მატჩში.
* ჯაბა ლიპარტიას ("ანჟი", რუსეთი).
* ბუდუ ზივზივაძეს ("ესბიერგი", დანია, I დივიზიონი).
* ზურაბ ცისკარიძეს ("ესკილსტუნა", შვედეთი), რომელიც სათადარიგო იყო "სირიუსთან" 1:3 წაგებულ მატჩში. "ესკილსტუნა" ბოლო ადგილით გავარდა.
* ირაკლი შეყილაძეს ("ემპოლი", იტალია, სერია B) - "ემპოლისთან" სტუმრად 1:1.
* მათე ცინცაძეს ("პოგონი", პოლონეთი).

ტრავმა
* თორნიკე ოქრიაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი) - სტუმრად 3:1 "ტოსნოსთან".
* ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი) - შინ "უფასთან" 3:1.
* ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია, სერია B) - "სპეციასთან" შინ 1:1.

დღეს ითამაშებენ
* ვაკო გვილიას ბატე (ბელორუსი) "ჟოდინოს" სტუმრობს.
* ლუკას ჰუფნაგელის "ნიურნბერგი" (გერმანია, II ბუნდესლიგა) შინ "ინგოლშტადტს" მიიღებს.
* ნიკოლოზ ძალამიძის "იუვენტუსი" (რუმინეთი) ბუქარესტში "პოლის" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული