ვახტანგ ჭანტურიშვილი: "ტრნავას" მწვრთნელმა თავიდანვე დიდი ნდობა გამომიცხადა

AutoSharing Option
24 წლის ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი წარმატებით თამაშობს სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერ "ტრნავაში".

რა დონისაა ამ ქვეყნის პირველობა, ეს ცოტა ხნის წინ იქაური საშუალო კლუბის, "ტრენჩინის" მაგალითზეც ვნახეთ. ასე რომ, "ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელის ჩაუქობა ამ ქვეყანაში საყურადღებო ამბავია...

"ძალიან კარგი ატმოსფეროა გუნდში. ყველამ შესანიშნავად მიმიღო და ისეთი სიტუაციაა, რომ მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ. რაც შეეხება სლოვაკეთის ჩემპიონატის დონეს, აქ ტემპიანი მატჩებია. ფიზიკურ მომზადებას დიდი ყურადღება ექცევა...

ფაქტია, სლოვაკეთის ჩემპიონატს ვლიდერობთ, თუმცა უნდა ითქვას პირდაპირ, რომ ეს ბევრს უკვირს. ყველა მაქსიმუმზე
ფიქრობს. რა თქმა უნდა, არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და ვნახოთ, ბოლოს რა და როგორ იქნება...

გუნდში რამდენიმე ლეგიონერია, თუმცა ძირითად ბირთვს სლოვაკი ფეხბურთელები წარმოადგენენ. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ნესტორ ელ მაესტრო მცოდნე და სამართლიანი სპეციალისტია. თავიდანვე დიდი ნდობა გამომიცხადა...

რაც ჩამოვედი, 2 გოლი გავიტანე და 4 საგოლე გადაცემა გავაკეთე. პირობები ძალიან კარგია. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველაფერი რიგზეა. მაგალითად, ჩვენს კლუბს მთელ სლოვაკეთში მინდვრის საუკეთესო საფარი აქვს. ძალიან ხშირად სწორედ აქ თამაშობს სლოვაკეთის ეროვნული ნაკრები...

ხუთი თვეა აქ ვარ. სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ. გულწრფელად რომ გითხრათ, იყო რაღაც შეთავაზებები, მაგრამ ამ ეტაპზე წასვლაზე არ ვფიქრობ. ასეთი სტარტის შემდეგ ყველანი ენთუზიაზმით სავსენი ვართ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ...

რაც სეზონი დაიწყო, სისტემატურად ვთამაშობ. მხოლოდ ერთი მატჩი გამოვტოვე და ისიც ტრავმის გამო. ნდობა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ "ზესტაფონიდანაც" ვახსოვდი ხალხს. მოგეხსენებათ, თავის დროზე სწორედ "ტრნავას" ვეთამაშეთ ევროპალიგაზე", - გვითხრა ვახტანგ ჭანტურიშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული