ლევან მაჭარაშვილი: ეს გამარჯვება წინსვლაში დამეხმარება

AutoSharing Option
ლევან მაჭარაშვილი და მისი გუნდი "შტუმბრასი" ლიტვის თასის მფლობელები გახდნენ. 24 სექტემბერს, პანევეჟისის სტადიონზე გამართულ ფინალურ მატჩში, კაუნასის "შტუმბრასმა" ვილნიუსის "ჟალგირისი" 1:0 დაამარცხა.

20 წლის მაჭარაშვილი გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა პროფესიულ კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

ლევან მაჭარაშვილი ამ წარმატებით ძალიან გახარებულია, რადგან "ჟალგირისი" ლიტვაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია (7-გზის ჩემპიონი, 11-გზის თასის მფლობელი და 6-გზის სუპერთასის მფლობელია), ამავე დროს, 2-ჯერ გაიმარჯვა ბალტიის ლიგაშიც.

"პროფესიულ ფეხბურთში ეს ჩემი პირველი ტიტულია, რაც "შტუმბრასისთვისაც" პირველი აღმოჩნდა.
ფინალში ორი აბსოლუტურად განსხვავებული ისტორიის მქონე კლუბი შევხვდით. ამავე დროს, ბოლო 5 ჩემპიონატია, სულ ლიდერობს და ვერავინ სჯობს. მაგრამ ამ თამაშისთვის რომ გეყურებინათ, ასე არ იფიქრებდით", - ამბობს მაჭარაშვილი.

მისი თქმით, ეს ტიტული წინსვლაში დაეხმარება:

"ზამთარში გუნდის შეცვლას მეც ვაპირებ და როგორც ვამჩნევ, ეს რეალურიც არის. თასი 24 სექტემბერს მოვიპოვეთ და, ჩემდა გასაკვირად, უკვე ბევრი დაინტერესებული გამოჩნდა. სოციალურ ქსელშიც მომწერეს და დამიკავშირდნენ. მეუბნებიან, რომ სეზონის შემდეგ ჩემი აყვანა სურთ. მოკლედ, დიდი იმედი გამიჩნდა, რომ თასის მოპოვება წინსვლაში დამეხმარება".

მაჭარაშვილის თქმით, ლიტვაში გადასვლით კმაყოფილია:

"თამამად ვიტყვი, რომ "ჟალგირისს" ყველა კომპონენტში ვაჯობეთ. ვილნიუსელებმა თავად აღიარეს, რომ "ფიზიკაშიც" ჩამოგვრჩნენ და თამაშის ხარისხითაც.

ამ კუთხით უკეთესობას საკუთარ თავსაც ვამჩნევ. სწორედ ასეთი ტიტულებია, ფეხბურთელს თავდაჯერებულს რომ ხდის. მე კი წლეულს, მთავარ და სათადარიგო გუნდში 45-მდე შეხვედრა ჩავატარე და თამაშიდან თამაშამდე სულ უფრო თავდაჯერებული ვხდები. უკან მრჩება ის პერიოდი, როცა ბურთის მიღებისას ვნერვიულობდი და ვიბნეოდი. სათამაშო პრაქტიკა მაქვს, ფეხბურთელი სხვაგვარად ვერც გაიზრდება".

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ევრობასკეტის ამბებიც გაიხსენა:

"ლიტვაში კალათბურთი უზომოდ უყვართ და მისი განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ფეხბურთს ასეთ ყურადღებას არ აქცევენ. ჩვენებმა ლიტვას ევრობასკეტზე რომ მოუგეს, მეორე დღეს მთელი გუნდი დაღონებული დამხვდა. ჩემპიონატის ფავორიტებად ითვლებოდნენ და ჩვენთან წაგება ძალიან გაუკვირდათ.

მეამაყება, რომ ასეთი კარგი საკალათბურთო ნაკრები გვყავს. ეს თავად ლიტველებმაც თქვეს - თქვენი გუნდი გაცილებით მეტს იმსახურებდაო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული