თორნიკე ოქრიაშვილი: მინდა ტიტული და ამისთვის ძალას არ დავიშურებ!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა კლუბის ოფიციალურ საიტის ინტერვიუ მისცა.

შეგახსენებთ, რომ მძიმე ტრავმით გამოწვეული საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი მოედანს რუსეთის პრემიერლიგის წინა ტურში დაუბრუნდა და "ანჟისთან" მოგებულ მატჩში (5:10) გატანილი გოლითაც გამოირჩა. თორნიკემ ტრავმა და მისი შემდგომი პერიოდი, ასევე მოედანზე დაბრუნებით მიღებული ემოციები გაიხსენა, ინტერვიუს ბოლოში კი თავისი ოცნება გაამხილა.

- თორნიკე, ნახევარი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც "ლოკომოტივთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღე. რა მოხდა მაშინ ამისთანა, არადა, განსაკუთრებული შეჯახება თითქოს არ ყოფილა....
-
შეცვლაზე შევედი და ზედმეტად მოვინდომე (ეღიმება). ანგარიშში წინ ვიყავით და ძალიან მინდოდა გუნდს გამარჯვებაში დავხმარებოდი, შესაბამისად, წინ და უკან მთელ მოედანზე დავრბოდი... შეჯახება მართლაც არ ყოფილა. "ლოკომოტივზე" სინთეტიკური საფარია და როგორც ჩანს, ქაცვი რაღაცას გამოედო. ფეხიც წავიდა ქვემოთ...  თავიდან არც მეგონა, თუ ჯვარედინი იოგების პრობლემა იყო, რადგან განსაკუთრებული ტკივილი არ მქონია. მეგობრებს, ვისაც მსგავსი ტრავმა გადაუტანია, უთქვამთ, რომ ამ დაზიანებას საშინელი ტკივილი ახასიათებს, მე კი ასეთი არაფერი მქონია. ეგ კი არა, მოედანზე დაბრუნებას და თამაშის გაგრძელებას ვაპირებდი, გუნდი რომ კაცნაკლული არ დამეტოვებინა. მოგეხსებათ, ცვლილების უფლება აღარ გვქონდა. მაგრამ ექიმებმა აღარ გამიშვეს და მადლობა მათ ამისთვის. რომ გამეგრძელებინა თამაში, პრობლემას კიდევ უფრო დავამძიმებდი.

- ეს შენს კარიერაში პირველი სერიოზული ტრავმა იყო?
- დიახ, პირველი. დაზიანება, რა თქმა უნდა, მანამდეც მქონია, მაგრამ სერიოზული - არასდროს. ტრავმის გამო უწინ ორ კვირაზე მეტი არასდროს გამიცდენია.

- როგორც წარიმართა მკურნალობა და რეაბილიტაცია?
- ტრავმა 13 მარტს მივიღე, 15-ში უკვე გერმანიაში გავფრინდი, 16-ში კი ოპერაცია გამიკეთეს. კლინიკაში რამდენიმე დღე დავყავი. ოპერაციის შემდეგ ისეთი ტკივილები მქონდა, ოთხი ღამე ვერ დავიძინე, არც ტკივილგამაყუჩებლები მშველოდა. შემდეგ კრასნოდარში დავბრუნდი, სადაც სარეაბილიტაციო კურსის გავლა დავიწყე. პირველი თვის განმავლობაში მუხლს ხელით მახრევინებდნენ, შემდეგ ნელ-ნელა სპეცაილურ ტრენაჟორზე დავიწყე მუშაობა. მოედანზე რამდენიმე თვის შემდეგ გავედი და ჯერ ინდივიდუალური პროგრამით ვემზადებოდი, აგვისტოდან კი უკვე მთლიან ჯგუფთან ერთად, თუმცა შეზღუდვებით დავიწყე ვარჯიში.

თითქმის ხუთნახევარი თვის განმავლობაში დღეში ორი ვარჯიში მქონდა, ვმუშაობდი 3-4 საათს. ძნელი იყო, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ თუკი დაბრუნება მსურდა, უნდა მომეთმინა. და აი, სექტემბრის დასაწყისიდან სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. თავს კარგად ვგრძნობ, მუხლი არ მაწუხებს.

- ყველაზე რთული რომელი პერიოდი იყო?
- პირველი ორი თვე ძალიან მძიმე იყო. არ შემეძლო ნორმალურად სიარული, დამოუკიდებლად ვერც ვბანაობდი... მაგრამ ოჯახი გვერდში მყავდა, მხარში მედგა და ყველაფერში მეხმარებოდა.

- კიდევ ვისი თანადგომა დაგეხმარა?
- მხარდაჭერას ყველა მხრიდან ვგრძნობდი. გერმანიაში გაფრენის წინ კლუბის პრეზიდენტმა სერგეი გალიცკიმ ტელეფონით მესაუბრა და ოპერაციის წარმატებით დასრულება მისურვა. მითხრა: "არ დაღონდე, შენს გვერდით ვართ და გვჯერა, რომ დაგვიბრუნდები. შენი იმედი გვაქვს". მისი სიტყვები მორალურად ძალიან დამეხმარა.

მხარდაჭერას ასევე ვგრძნობდი თანაგუნდელებისგან, პერსონალისგან... განსაკუთრებული მადლობა კლუბის ექიმებს. და კიდევ, ალბათ ლამის მთელმა საქართველომ მისურვა მოედანზე ჩქარა დაბრუნება. ვინ აღარ დამირეკა და მომწერა - მეგობრებმა, როგორც საფეხბურთო წრიდან, ისე - არასაფეხბურთო წრიდან, ქვეყნის ნაკრების მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა, ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელობამ, სრულიად უცნობმა ადამიანებმა. მადლობა ყველას ასეთი მხარდაჭერისთვის!

- ამ ტრავმამ შეგცვალა როგორც ფეხბურთელი და ადამიანი?
- დიახ. გავიგე, რამხელა სირთულე შეიძლება ცხოვრებაში შეგხვდეს. საკუთარ თავზე გამოვცადე, რა არის ნამდვილი პრობლემა. ახლა ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ, სხვანაირად ვაზროვნებ და ვაფასებ იმას, რაც მაქვს.

- რას გრძნობდი, როდესაც მრავალთვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე გადიოდი "ანჟისთან" მატჩში?
- არ ვიცი, ეს გრძნობა როგორ უნდა გადმოვცე... თავიდან არც მჯეროდა, რომ ეს მართლა ხდებოდა. ცოლმაც მთხოვა იმ მომენტის ემოციების გადმოცემა, მაგრამ ვერ მოვახერხე. არაჩვეულებრივი გრძნობაა, ადრენალინი ზღვარს სცდება! ამის გადმოცემა შეუძლებელია, მსგავსი რამ მანამდე არასდრო მქონია! მით უმეტეს, რომ მაშინვე შევძელი გოლის გატანა!

- გოლს როგორ გაიხსენებ?
- კაბორემ ბურთი ცენტრში მოიგდო და სმოლოვს გადააწოდა, ფედიამ კი მელოდა, მელოდა, სანამ გავიხსნებოდი. ალბათ უნდოდა, რომ გოლი სწორედ მე გამეტანა და ამიტომ მელოდა ამდენ ხანს და მოხერხებულად შემიგორა ბურთი. მადლობა მას! (ეღიმება) მე ისღა მრჩებოდა, გამომეყენებინა შანსი.

- "კრასნოდარში" გატანილ კიდევ ერთ გოლს ალბათ ვერასდროს დაივიწყებ. გამარჯვების გოლი "ზენიტის" კარში, რომელიც კლუბის გულშემატკივრებმა გასული სეზონის საუკეთესო გოლად დაასახელეს. სად და როდის შეიტყვე ამის შესახებ და როგორი რეაქცია გქონდა?
- ეს კლუბის შვებულებაში ყოფნის პერიოდს დაემთხვა. თავად იმხანად საქართველოში ვიყავი და სიმართლე გითხრათ, არცკი ვიცოდი, რომ ხმისმიცემა მიმდინარეობდა. როდესაც შედეგები შეაჯამეს, ვიღაცამ "ფეისბუქში" ჩამოგდო ინფორმაცია ჩემი გამარჯვების შესახებ. მადლობა ყველა გულშემატკივარს ამისთვის! ძალიან გამიხარდა. რა თქმა უნდა, ეს მოვლენა ოჯახურ წრეში აღვნიშნეთ (ეღიმება).

- პრიზს სად ინახავ?
- შინ მაქვს.

- გამოსაჩენ ადგილზე?
- ისეთ ადგილზე, რომ ბავშვები ვერ შესწვდნენ და დააზიანონ (იცინის).

- გუნდში "ოქრის" გეძახიან, რაც ქართულად ოქროს ნიშნავს, მაგრამ კარიერაში ჯერ არცერთი ოქრო არ გაქვს მოგებული...
- დიახ, ოქრო მართლაც ჯერ არსად მომიგია და ძალიან მინდა მისი მოპოვება სწორედ "კრასნოდარის" შემადგენლობაში შევძლო. ჩემი მეგობარი ჯანო ანანიძე მიამბობდა, რა მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ჩემპიონი ხდები. მსურს, იგივე საკუთარ თავზე გამოვცადო. მინდა, რომ ჩემს კარიერაში გამოჩნდეს პირველი სერიოზული ტიტული და ამისთვის ძალას არ დავიშურებ!
მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთ-ერთი საუკეთესოა რუსეთის ჩემპიონატში, მიკვირს ცოტა სათამაშო დროს რომ აძლევენ.
წარმატებები ოქრის
10:29 26-09-2017
1
თოკო გაიხარე, ღმერთმა დაგლოცოს და დაგეხმაროს შენი კარგი სურვილების ასრულებაში. სულ ჯანმრთველი, წარმატებული და გახარებული იყავი შენს დიდ ოჯახთან ერთად. სპორტულ კარიერაში ბევრი ტიტული მოგეგოს და გაგეხარებინოს შენი ყველა გულშემატკივარი. ეხლა კი გელოდებით ნაკრებში უელსის დასამარცხებლად.
gizog
10:18 26-09-2017
0

სიახლეები პოპულარული