ევროპა ლიგაზე კაშია და ჯიღაური დამარცხდნენ, კვირკველიამ კი ფრეს მიაღწია

AutoSharing Option
გუშინ ევროპა ლიგის პირველ ტურში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა იასპარეზა. მივყვეთ თანმიმდევრობით.

ამ ტურნირზე ახალი სეზონის გათამაშება ქართველი ლეგიონერებიდან თუ შეიძლება ასე ითქვას, მცველმა საბა კვირკველიამ გახსნა, რომლის მოსკოვის "ლოკომოტივი" სტუმრად "კოპენჰაგენს" შეხვდა.

უნდა გითხრათ, მეტად უშნო ბურთაობა იხილა მაყურებელმა და თამაში ლოგიკური ანგარიშით 0:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მატჩი 42-ათასიან "ტელია არენაზე" შეუცვლელად და უშეცდომოდ ჩაატარა.

24-ე წუთზე ჯეფერსონ ფარფანს თქვენი მოწონებული პასი მისცა, მაგრამ ვეტერანმა პერუელმა თავდამსხმელმა გადაცემა ვერ შეირგო, 33-ე წუთზე მასპინძელთა კვიპროსელი ფორვარდის პიეროს  სოტირიუს დარტყმულ ბურთს
გადაეღობა და თავისი გუნდი გადაარჩინა, ხოლო 56-ეზე სოტირიუ კვირკველიასთან ბრძოლაში პენალტის მისაღებად "რკინიგზელთა" საჯარიმოში გაიშხლართა და მსაჯმა ყურადღებაც არ მიაქცია.

ეგ იყო და ეგ.

მეტად დაძაბული და საინტერესო მატჩი გაიმართა არნემში, სადაც "ვიტესი" რომის "ლაციოს" დაუხვდა და 2:3-ზე დამარცხდა. არადა, არ იმსახურებდნენ წაგებას. ისიც აღსანიშნავია, რომ რომაელები ამ სეზონში დიდებულად ასპარეზობენ და იტალიის სუპერთასზე "იუვენტუსს" სძლიეს, ხოლო ჩემპიონატზე "მილანი" გაანადგურეს.

ჰოლანდიური გუნდი ორჯერ დაწინაურდა და ამდენად, წაგება (2:3) უფრო ამიტომაა გულდასაწყვეტი. მისმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ურიგოდ როდი ითამაშა, არც ერთი გაშვებული გოლი მისი ბრალი არ ყოფილა, თუმცა სტუმართა სწრაფმა ეკვადორელმა ფორვარდმა ფელიპე კაისედომ პრობლემები შეუქმნა. ერთხელ ქართველ მცველს ტომას სტრაკოშას კარის აღებაც შეეეძლო, მაგრამ მის მიერ თავით დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

ჯაბა ჯიღაურის
"ვარდარი" სახლში გაბითურდა პეტერბურგის "ზენიტთან" (0:5), ჯაბამ 56-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ვალერიან გვალია კი "ბატეს" განაცხადში არ ყოფილა და მისმა გუნდმა საპატიო ყაიმს, 1:1-ს  მიაღწია ბელგრადში "ცრვენა ზვეზდასთან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული