ავთო ებრალიძე: პორტუგალიაში ჩვენი ნაკრები ძალიან მოეწონათ

AutoSharing Option
ქართველი ფლანგელი ავთო ებრალიძე ახლახან გადავიდა პორტუგალიური "ჟილ ვისენტედან" ამავე ქვეყნის კლუბ "ვიზეუში". საქმეს ისეთი პირი უჩანს, "ვიზეუ" პრიმეირა (უმაღლესი) ლიგაში აღზევდება და ებრალიძე თანდათან კიდევ უფრო საინტერესო ფეხბურთელი გახდება საქართველოს ნაკრებისთვის, რომელშიც მას ადრე უკვე იწვევდნენ...

ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ მასთან არ გვისაუბრია და ეს ვაკუუმი ახლა შევავსეთ, როცა 25 წლის ფეხბურთელს პორტუგალიაში დავუკავშირდით...

- მოდი, ერთგვარად შევაჯამოთ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი. როგორც ვიცით, რამდენიმე კლუბისგან გქონდათ შემოთავაზება...
- გაიხსნა თუ არა სატრანსფერო "ფანჯარა", თავიდანვე იყო რამდენიმე ძალიან საინტერ
ესო წინადადება. ეს იყო თუნდაც პორტუგალიის უმაღლესი ლიგის 2-3 კლუბი. და ეს იყო ოფიციალური შემოთავაზებები. ასევე მქონდა პოლონური, ესპანური და კვიპროსული ვარიანტები.

იყო მომენტები, როცა კონტრაქტზე ვერ შევთანხმდით... ყოველთვის ცდილობენ, რომ კლუბისთვის უფრო ხელსაყრელი იყოს კონტრაქტი, ვიდრე ფეხბურთელისთვის. თავისუფალი აგენტი ვიყავი და ვიფიქრე, ცოტა მოვიცდი, იქნებ უკეთესი ვარიანტი გამოჩნდეს-მეთქი. ამასობაში, დრო გადიოდა და სერიოზული არაფერი არ ჩანდა. მერე რომ ვცადე უმაღლესი ლიგის გუნდებში წასვლა, ერთ-ორ კლუბში შეკრება უკვე დაწყებული ჰქონდათ, აყვანილი ჰყავდათ ფეხბურთელები...

მეორე ლიგის 20 გუნდიდან, რომ არ მოვიტყუოთ, 12-13 მირეკავდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. არ მინდოდა მეორე ლიგაში დარჩენა, მაგრამ... ხელიდან რომ გავუშვი შანსი, სხვანაირად აღარ გამოვიდა. "ვიზეუს" გარდა, "აკადემიკა", ნასიონალი" და სხვა კლუბებიც მეპატიჟებოდნენ. საბოლოოდ, "ვიზეუზე" შევაჩერე არჩევანი.

- მაინც რატომ ვერ მოახერხეთ უკეთეს კლუბში გადასვლა? იქნებ, მენეჯერებმა დააკლეს რამე, ან სხვა რამეში იყო საქმე?..
- მენეჯერს თავისი წვლილი აქვს ყოველთვის. ის პირდაპირ ელაპარაკება კლუბებს. უნდა გითხრათ, რომ ეს ძალიან არ მომწონს. ახლა უკვე მირჩევნია, პირდაპირ მე ველაპარაკო ჩემით დაინტერესებულ კლუბებს. ძნელია გარკვევა, თავის ინტერესს ხომ არ ატარებს ზედმეტად და ასეთი დეტალები...

ბევრჯერ მომხდარა, რომ მენეჯერის გამო, ფეხბურთელს კონტრაქტი გაფუჭებია. ასეთი რამ აქ ერთხელ მეც შემემთხვა...

- როდის დაინტერესდა თქვენით "ვიზეუ"? ალბათ, ამ კლუბმა გამოიჩინა თქვენ მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი, სხვებზე მეტად იაქტიურა...

- კი, მართლაც ძალიან იაქტიურეს, ივნისიდან მოყოლებული, მირეკავდნენ... უბრალოდ, მე ვეუბნებოდი, რომ ჩემი მთავარი მიზანი არ იყო მეორე ლიგაში თამაში და მინდოდა, უფრო ძლიერ ლიგაში გადავსულიყავი. მაგალითად, იყო შემოთავაზება რუმინეთის უმაღლესი ლიგის სუსტი გუნდიდანაც, მაგრამ მე აქ დარჩენა ვამჯობინე - თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ აქაურ მატჩებს გაცილებით დიდი ინტერესით უყურებენ სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლები.

- "ვიზეუ" როგორი კლუბია? ფინანსურად რამდენად მყარი მდგომარეობა აქვს?
- ტრადიციული კლუბია, არაერთხელ უთამაშია პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. ფინანსურ მდგომარეობას რაც შეეხება, ვხედავ, რომ მყარია. გამოცდილი ფეხბურთელებიც ჰყავთ. მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლაა.

- ვინ არის მთავარი მწვრთნელი? ან ლეგიონერები თუ არიან და რამდენად მეგობრული გარემოა?
- მთავარი მწვრთნელია ფრანსისკო ჩალო. ზოგადად, კლუბში ძალიან კარგი და მეგობრული გარემოა. ვინც აქ არის ნამყოფი და უცხოვრია, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ პორტუგალიაში ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. თან უაღრესად თავმდაბალი ხალხია და არავის უჭირს აქაურობასთან შეგუება. თითქმის ორი კვირაა, აქ ვარ. ორ-სამ ფეხბურთელთან ნათამაშები მქონდა ადრე. ლეგიონერებიც არიან...

- სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში აღზევება უნდა იყოს. არის საამისოდ რეალური საფუძველი?
- მთავარი მიზანი სწორედ ესაა. კლუბის ხელმძღვანელობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მწვრთნელი ისეთი გვყავს, კარგად რომ იცის მეორე ლიგის სპეციფიკა. გამოცდილი ფეხბურთელებიც არიან, რომლებიც არაერთხელ გადასულან უმაღლეს ლიგაში. ძლიერი კონკურენტები გვყავს "ნასიონალის", "აკადემიკას", "არუოკასა" და "სანტა კლარას" სახით...

მოკლედ, წინ საინტერესო ბრძოლა გველის. პირველ ადგილზე გვინდა გასვლა, მაგრამ არც მეორეზე ვიტყვით უარს, რადგან ესეც იძლევა უმაღლესი ლიგის საგზურს.

- საინტერესოა, მთავარი მწვრთნელი თუ გესაუბრათ? ალბათ, ფლანგზე ხედავს თქვენს ადგილს. რამდენად დიდი კონკურენციაა თქვენს პოზიციაზე?
- მწვრთნელი კარგად მიცნობდა. მისი გაწვრთნილი გუნდების წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია. თავიდანვე უნდოდა ჩემი აყვანა. ისე მოხდა, რომ მე არ ვიჩქარე და შეკრება არ გამივლია გუნდთან ერთად. ახლა საგანგებო პროგრამით ვვარჯიშობ, რომ ფორმაში მალე შევიდე. ბოლოს უკვე ოფიციალურ მატჩშიც შევედი შეცვლაზე...

ვფიქრობ, ორ-სამ თამაშში სრულად "ავკრეფ" ფორმას. ექვსი ნახევარმცველი ვართ. ყველა გამოცდილია და ზოგი ძლიერი გუნდებიდანაა განათხოვრებული. ყველაფერს ვაკეთებ, რომ თავი გამოვიჩინო და "ვიზეუში" ჩემი ადგილი დავიმკვიდრო.

- საინტერესოა, როგორ ფეხბურთს თამაშობს თქვენი ახალი გუნდი? ბევრი საშუალო და დაბალი დონის პორტუგალიური გუნდი დაცვით სტილს ანიჭებს უპირატესობას. "ვიზეუც" ასეა?
- ბოლო თამაშებს რაც ვუყურე, უფრო დაცვაში საიმედო თამაშსა და კონტრშეტევებზე კეთდება აქცენტი. ჩემი აზრით, ყველა ქვეყანაში გუნდის თამაშის სტილი მწვრთნელზეა დამოკიდებული. ყველამ იცის, რომ აქ ძალიან ბევრია ტექნიკური ფეხბურთელი, მაგრამ პორტუგალიაში უდიდეს ყურადღებას აქცევენ ტაქტიკურ ნიუანსებსაც. კარგი ფეხბურთელები არიან, მალე შევეჩვევით ერთმანეთს და თამაშის დროს უფრო მეტად გავაკონტროლებთ ბურთს.

- ვიცით, რომ თქვენი კონტრაქტი ერთწლიანია. ვთქვათ, თუ ზამთარში იქნება რეალური შეთავაზება უფრო ძლიერი კლუბისგან, შეგელევიან?
- იანვარში თუ რაიმე რეალური გამოჩნდა, კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, შეიძლება, ძალიან იაფად გამიშვან. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ჩემთვის კარგი ხელშეკრულება ყოფილიყო, სერიოზული ვარიანტის შემთხვევაში რომ არ შევფერხდე. თან შევხედავ, მაინც სხვანაირი სტიმულია, როცა უმაღლესში გადასვლისთვის იბრძვის გუნდი. ინდივიდუალურადაც, თუნდაც მეორე ლიგის მოგება ტიტულის მოგებას ნიშნავს. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ახლა ადრეა ამაზე ლაპარაკი.
საქართველოს ნაკრები

- ბოლოს, საქართველოს ნაკრების უკანასკნელი ორი მატჩიც შევაფასოთ. საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრი...
- რა თქმა უნდა, ორივე მატჩს ვუყურე და ძალიან მომეწონა ჩვენი გუნდი. აქ ყველა მელაპარაკება საქართველოზე, ჩვენი ნაკრების თამაშიც ბევრმა ნახა და ძალიან მოეწონათ...

ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ ორივე თამაშის მოგება შეიძლებოდა, მით უმეტეს ირლანდიასთან. იმათი გოლის ეპიზოდში აშკარა ჯარიმა იყო და ეს ყველამ იცის. ვიდეორეფერი რომ ყოფილიყო, იმ გოლს არც ერთ შემთხვევაში არ ჩათვლიდა.

იღბალიც გვაკლია, მაგრამ მე მაინც მჯერა ჩვენი ნაკრების. ირლანდიასთან ბურთის ფლობა როგორი იყო, თავადაც ნახეთ. ვითამაშეთ კომბინაციური ფეხბურთი... ერთი სიტყვით, სწორ გზაზე ვდგავართ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ავთოს საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. შარშან სტაბილურად თამაშობდა და ვაისს აშკარად უნდა გამოეძახებინა, როგორც ბარეორი. ფიზიკურად ძლიერი ბიჭია, ვნახოთ რას იზამს ამ სეზონში. მემგონი ნაკრებს იმსახურებს
vaso
17:03 16-09-2017
0
unaglesi ligis 2-3 gundi epatijeboda da vizeushi gadavida(20 welia fexburts tvals vadevneb da es gundi umagles ligashi ar minaxavs), kargi ra avtandil...:)
dato
13:32 16-09-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული