ლეგიონის უქმეები: არაბულის დუბლი, ძალამიძისა და ბერიძის გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზამდე ქართულ ლეგიონს მოკრძალებული ტური ჰქონდა, ახლა კი ჩვენებურებმა 5 გოლი გაიტანეს. აღვნიშნავთ დონეცკის "შახტარში" დავით ხოჭოლავას დებიუტსაც. დუბლი მიითვალა უნგრეთში მოთამაშე ბაჩანა არაბულმა...

ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.
ოთარ კაკაბაძე "ხიმნასტიკის" სასტარტოში იყო "კადისთან" 0:2 წაგებულ შეხვედრაში, იგი 77-ე წუთზე გამოცვალეს.

გიორგი აბურჯანია სათადარიგო იყო "სევილიას" დუბლების საგარეო მატჩში "უესკასთან" - 0:0.

გიორგი პაპუნაშვილის (75-ე წუთზე შევიდა) "სარაგოსა" შინ "ალკორკონთან" დამარცხდა - 0:1.

იტალია, სერია B.
"სპეციამ" "ენტელა" 2:1 დაამარცხა, მაგრამ ამ გუნდის რიგებში ირაკლი შეყილაძეს ვერ ნახავთ -
გუნდმა ის საჩემპიონატო განაცხადში არ შეიყვანა, მას მერე, რაც იჯარის რამდენიმე ვარიანტზე თავად ფეხბურთელმა განაცხადა უარი.

"ემპოლი" სტუმრად "პალერმოს" დაუზავდა - 3:3. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ტრავმირებულ ლევან მჭედლიძეს, რა თქმა უნდა, არ უთამაშია.

იტალია, ლეგა პრო.
რომან ჭანტურიას (75-ე წუთზე გამოცვალეს) "პრატო" სტუმრად დაუზავდა (1:1) "კუნეოს".

გერმანია, II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიას "უნიონი" სტუმრად "დიუსელდორფთან" 2:3 დამარცხდა. ჩვენებური 75-ე წუთზე გამოცვალეს, მანამდე მან ყვითელი ბარათი მიიღო.

ლუკას ჰუფნაგელის "ნიურნბერგი" დღეს უმასპინძლებს "ზანკტ პაულის".

საფრანგეთი, ნასიონალი.
ამირან სანაიამ ყოფილი გუნდის, "ლერბიეს" წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა. "როდეზმა" სტუმრად 3:2 იმარჯვა.

ჰოლანდია, ერედივიზიე.
გურამ კაშია სათადარიგო იყო, მისმა "ვიტესმა" კი 3:0 მოუგო სტუმრად "ექსელსიორს". მწვრთნელმა კაპიტანი უბრალოდ დაასვენა სანაკრებო მატჩების შემდეგ.

ბელგია, ჟუპილერლიგა.
გიორგი ჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადში მოხვდა პირველივე მატჩში ("გენკთან" - 1:1), თუმცა ქართველი თინეიჯერის დებიუტი არ შემდგარა.

პორტუგალია, პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარიძე ("მორეირენშე") განაცხადში არ ყოფილა "ეშტორილთან" გასვლით მატჩში.

პორტუგალია, სეგუნდა ლიგა.
ავთო ებრალიძის "ვიზეუ" მადეირაზე "ნასიონალთან" 0:2 დამარცხდა. ავთო თამაშში 42-ე წუთზე ჩაერთო.

პოლონეთი, ექსტრაკლასა.
პლოცკის "ვისლა" სტუმრად "ზაგლებიესთან" 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ შესვენების შემდეგ მოედანზე გამოვიდა ნაკრებიდან დაბრუნებული გიორგი მერებაშვილი და ყველაფერი შეიცვალა - 57-ე წუთზე ის მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში და თანაგუნდელს 5 მეტრიდან გაატანინა, შემდეგ კი მისი დრიბლინგი აკრძალული წესით შეაჩერეს, სტუმრებმა პენალტით გაათანაბრეს და ქულა იხსნეს - 2:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტრავმირებული ლუკა ზარანდიას "არკამ" 3:1 მოუგო "ვისლას".

როგორც ჩანს, ნიკა კაჭარავამ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო და მას "კორონას" რიგებში "სანდეციასთან" მატჩში (1:0) არ უთამაშია.

ქართველთა "პოგონი" "ლეხს" 0:0 დაუზავდა. ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, მათე ცინცაძე კი მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა.

პოლონეთი, I დივიზიონი.
ლუკა ასათიანის (სათადარიგო) "სუვალკიმ" სტუმრად 1:0 აჯობა გკს-ს.

დანია, სუპერლიგა.
საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" სტუმრად 4:1 მოუგო "ორჰუსს". ქართველი შემტევი ნახევარმცველი შესვენებაზე შეცვალეს.

დანია, I დივიზიონი.
ქართველთა გარეშე ითამაშა "ესბიერგმა", რომელიც "როსკილდეს" დაუზავდა - მოედანზე არც ბუდუ ზივზივაძე გამოსულა და არც ლაშა პარუნაშვილი.

ავსტრია, ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაია სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალყურს თავისი გუნდის საგარეო მატჩს "ზალცბურგთან". "რაპიდი" მეტოქეს 2:2 დაუზავდა.

ავსტრია, ერსტე ლიგა.
ლევან ელოშვილის (არ უთამაშია) "კაპფენბერგერმა" 2:1 მოუგო "რიდს".

სლოვაკეთი, ფორტუნა ლიგა.
ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა გიორგი ბერიძემ, მისი "ტრენჩინი" "სლოვანს" 2:2 დაუზავდა. ამ შეხვედრაში ანგარიში ქართველმა შემტევმა გახსნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვახტანგ ჭანტურიშვილის "ტრნავამ" 2:1 მოუგო "ნიტრას". ჩვენებური მე-80 წუთზე, 0:1-ზე შეცვალეს, ერთი გოლი სწორედ მისმა შემცვლელმა გაიტანა.

რუმინეთი, ლიგა 1.
ნიკა ძალამიძემ პირველი გოლი გაიტანა "იუვენტუსის" რიგებში. მან მე-3 წუთზე დააწინაურა ბუქარესტელები "პოლი იაშთან" მატჩში, რომელიც 2:2 დასრულდა. ძალამიძე 71-ე წუთზე გამოცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" დღეს უმასპინძლებს "კონკორდიას".

უნგრეთი, OTP ბანკ ლიგა.
ბაჩანა არაბულმა დუბლი შეასრულა. მან ჯერ გახსნა ანგარიში "მეზოკოვეშდთან" შეხვედრაში, ბოლოს კი გაათანაბრა და "ბალმაზივაროში" წაგებისგან იხსნა - 2:2. არაბულმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი ირაკლი მაისურაძე მოედანზე მე-80 წუთზე გამოვიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შვედეთი, ოლსვენსკანი.
ზურაბ ცისკარიძე სათადარიგო იყო, მისი გუნდი "ესკილსტუნა" კი სტუმრად 0:3 დამარცხდა "ოსტერსუნდსთან".

ფინეთი, იუკონენლიგა.
ირაკლი სირბილაძის (90 წთ) კპვ შინ "იაროს" დაუზავდა - 0:0.

მაკედონია, I ლიგა.
ჯაბა ჯიღაურის (64-ე წუთზე შევიდა) "ვარდარმა" "სილეკსს" 3:1 მოუგო.

კვიპროსი, I დივიზიონი.
გიორგი ილურიძის (სათადარიგო) "ახნასი" სტუმრად "ომონიასთან" 1:2 დამარცხდა. წაგებულთა ერთადერთი გოლი რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანის ანგარიშზეა.

რუსეთი, პრემიერლიგა.
"ანჟი" სტუმრად "ტოსნოს" 2:2 ეთამაშა. "ანჟის" ქართველები, გიორგი ლორია და ჯაბა ლიპარტია სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.

ტრავმირებულ გია გრიგალავას არ უთამაშია "როსტოვთან" შეხვედრაში. ტულის "არსენალი" მეტოქეს სტუმრად დაუზავდა - 2:2.

ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" განაცხადშიც არ ყოფილა "რუბინთან" 1:0 დასრულებულ მატჩში. მწვრთნელის თქმით, მას მუხლის მცირე ტრავმა აქვს.

ჯიმი ტაბიძემ მეორე ტაიმი ითამაშა "უფას" შემადგენლობაში "კრასნოდართან" მატჩში - 0:1. სტუმართა რიგებში ჯერჯერობით არ თამაშობს თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმაში არ არის.

მოსკოვის "ლოკომოტივი" სტუმრად დაუზავდა "ახმატს" - 1:1. სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა საბა კვირკველიამ.

დღეს გიორგი ჭანტურიას "ურალი" გიორგი ნავალოვსკის "სკა-ხაბაროვსკს" მასპინძლობს.

უკრაინა, პრემიერლიგა.
გიორგი არაბიძე კვლავ "შახტარის" დუბლებში გამოჩნდა, რომელმაც "ზორიასთან" ქულები გაიყო - 1:1. არაბიძე მოედანზე 83-ე წუთამდე იყო, თავი არ გამოუჩენია, მაგრამ ერთხელ საჯარიმო დარტყმით კინაღამ უწია მიზანს - ბურთი ხარიხას მოხვდა.

როგორც იქნა, დავით ხოჭოლავას დებიუტიც ვიხილეთ "შახტარში". დონეცკელებმა 3:1 მოუგეს "ზორიას", ხოლო ჩვენებური მინდორზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.

"ამ მომენტს დიდხანს ველოდი. მჯეროდა, რომ შანსი მეც მომეცემოდა. კარგია, რომ სადებიუტო მატჩი გამარჯვების გამომივიდა. გავაგრძელებ შრომას ვარჯიშებზე, რომ შემადგენლობაში ხშირად მოვხვდე. ახლა ყველანი უკვე "ნაპოლიზე" ვფიქრობთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ ქართველმა დებიუტანტმა.

უკრაინაში დაბრუნების შემდეგ პირველად ითამაშა "ვორსკლაში" სანდრო კობახიძემ. მისი "ვორსკლა" 1:1 დაუზავდა "ოლიმპიკს". კობახიძე მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.

ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
ვაკო გვილიას (74-ე წუთზე შევიდა) ბატე-მ 2:0 მოუგო ოთარ ჯავაშვილის (90 წთ) "სლავიას".

ლიტვა, თასი.
ლევან მაჭარაშვილის "შტუმბრასი" ფინალში გავიდა, მას მერე, რაც დამატებით დროში 2:1 დაამარცხა "ვილნიაუსი".

ლატვია, ვირშლიგა.
"ლიეპაიამ" სტუმრად 5:2 მოუგო "მეტას". გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ერისთავმა (გააფრთხილეს).

ქართველთა "რიგასმა" 3:0 მოუგო "იელგავას". ლაშა შერგელაშვილმა 90 წუთი ითამაშა, გიორგი დიაკვნიშვილი სათადარიგო იყო.

ესტონეთი, მეისტრილიგა.
ზაქარია ბეგლარიშვილის (88-ე შეცვალეს) "ფლორამ" სტუმრად 3:1 მოუგო "ინფონეტს".

ფარერები, პრემიერლიგა.
"სკალამ" სტუმრად "რუნავიკს" აჯობა - 4:3. გამარჯვებულთა რიგებში ერთი გოლი მამუკა ტორონჯაძემ გაიტანა.

აზერბაიჯანი, პრემიერლიგა.
პირველ ორ ტურში მარცხის შემდეგ ზაურ სვანაძის "ინტერმა" ზედიზედ მეორე თამაში მოიგო, ამჯერად "ქიაფაზი" 3:2 დაამარცხა.

ყაზახეთი, პრემიერლიგა.
უჩა ლობჟანიძისა და ლადო დვალიშვილის "ატირაუ" ჩემპიონმა "ასტანამ" შეარცხვინა - 7:0. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა შეუცვლელად ითამაშეს.

გოგიტა გოგუას "ოკჟეტპესი" სტუმრად "აკჟაიკთან" დამარცხდა - 0:2. გოგუამ პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, 88-ე წუთზე ის შეცვალეს.

ნიკა კვეკვესკირის "ტობოლმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "ირტიში". ქართველი ამ მატჩის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო - 75-ე წუთზე მან შემთხვევით საკუთარი კარი დალაშქრა, მაგრამ თავადვე გამოასწორა ყველაფერი - საჯარიმოდან კასაის საგოლედ ჩაუწოდა.

უზბეკეთი, ოლიი ლიგა.
კახა მახარაძის "ლოკომოტივმა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "შორტანი" - 1:0. ჩვენებურმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.

შოთა გრიგალაშვილის
"ოლმალიქი" 0:1 დამარცხდა "ნასაფთან" საგარეო მატჩში. ჩვენებური უკვე მე-10 წუთზე გამოცვალეს.

შოთა არველაძემ პირველი საგარეო მოგება მიითვალა - "ფახთაქორმა" "მეტალურგი" 3:1 დაამარცხა.

აშშ, MLS.
"სან ხოსე" სტუმრად "ტორონტოსთან" 0:4 განადგურდა. ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენება არ აქვს არც ერთ ვიდეოს მხოლოდ ხმა,ხშირია ესეთი შემთხვევები თქვენს საიტზე და იქნებ გამოასწოროთ როგორმე!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული