საბა კვირკველია: ევროპალიგის ჯგუფში მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეგვიძლია

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ რუსულ მედიასთან ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა, რის შედეგადაც მის გუნდს F ჯგუფში მეტოქეებად დანიური "კოპენჰაგენი", მოლდოვური "შერიფი" და ჩეხური "ზლინი" ერგო.

"ჯგუფი კარგია, მაგრამ მისი მოგებაა საჭირო - თუკი ქულებს დავკარგავთ, გაგვიჭირდება. ჩვენს გუნდს ნებისმიერ ამ მეტოქესთან შეუძლია მშვიდად ითამაშოს და მაქსიმალურ შედეგს მიაღწოს. ვინ იქნება ჯგუფში პირველობისთვის ჩვენი მთავარი მეტოქე? ამის შესახებ ლაპარაკი მხოლოდ მეორე ტურის შემდეგ შეიძლება.

საერთოდ, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე სუსტი მეტოქეები არ არსებობს. "კოპენჰაგენი" მოწინააღმდეგეთაგან ყველაზე სახელოვანია, დანიელები მუდმივად
თამაშობენ ევროთასებზე. თითოეულ შეხვედრას სერიოზულად მივუდგებით და მოსაგებად ვიბრძოლებთ. ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპულ დონეზე თამაში და ამაზე ყველა ოცნებობს.

ახლა კი მხოლოდ რუსეთის ჩემპიონატში "ურალთან" შეხვედრაზე ვფიქრობთ. როდესაც კარს ევროპალიგა მოგვადგება, მეტოქეებს მაშინ განვიხილავთ და მწვრთნელი მოგვცემს მითითებებს. ვფიქრობ, ჯგუფი ნორმალური გვერგო", - დასძინა მცველმა.

ევროპალიგის პირველი ტურის შეხვედრები 14 სექტემბერს გაიმართება, რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურის შეხვედრას კი "ლოკომოტივი" დღეს გიორგი ჭანტურიას "ურალთან" საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული