გურამ კაშია ისევ საქართველოს ნაკრების კაპიტანი უნდა იყოს?

AutoSharing Option
2024 წელი ახალდაწყებულია და ქართულ ფეხბურთში ისეთი რაღაცები მოხდა, რომ მთელი ქვეყნის ყურადღება უკვე მეორედ მიიპყრო.

ჯერ მამუკა ჯუღელის ინტერვიუ იყო, რომლის შემდეგაც ნახევარი საქართველო ვიქტორ ოსიმენის მხარდამჭერი და დამცველი გახდა, მოთამაშისა, რომელმაც სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ხმა საკუთარ თავს მისცა, ნაპოლის სხვა წევრებმა ხმა ხვიჩას მისცეს, კვარაცხელიამ - ოსიმენს. ოსიმენის ამ ქმედებაზე ჰაკან ჩალჰანოღლუმ იხუმრა, მეგონა, ფეხბურთში დაუწერელი წესი თანაგუნდელისთვის ხმის მიცემა იყო, თორემ არჩევანს მეც საკუთარი თავის სასარგებლოდ გავაკეთებდიო (თურქი საუკეთესო ნახევარმცველის პრიზზე იყო წარდგენილი და ხმა
ნიკოლო ბარელას მისცა).

ამ ამბავს ჩავლილი არ ჰქონდა, როცა გავიგეთ, რომ გურამ კაშიამ ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში პირველ ადგილზე ლიონელ მესი დაასახელა, მეორეზე კილიან მბაპე და მხოლოდ მესამეზე ხვიჩა კვარაცხელია. არ დაგავიწყდეთ, საქმე საქართველოს ნაკრების კაპიტანს ეხება. ხვიჩა საუკეთესოდ ვირჯინიის კუნძულებისა და მალტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა დაასახელეს (ზურაბ ფოცხვერიაზე აღარაფერს ვამბობთ), მტერი სახელმწიფოს, რუსეთის ნაკრების კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ კვარაცხელიას პირველი ადგილი არგუნა, ამირ რაჰმანიმაც, კოსოვოს ნაკრების კაპიტანმა, "კვარა" მეორე პოზიციაზე დაასახელა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა - მესამეზე...

მოდით ვთქვათ, რომ გურამ კაშია მერაბ მამარდაშვილის გამოთქმის ("ჭეშმარიტება სამშობლოზე მეტად მიყვარს" (რომელიც არისტოტელეს პერიფრაზია, ფაქტობრივად)) თანახმად მოიქცა და გადაწყვეტილება ობიექტური გარემოებების მიხედვით მიიღო. 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 2022 წლის 19 დეკემბრიდან (მსოფლიოს თასი აღარ შედის) 2023 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით მიღწეული შედეგების გათვალისწინებით უნდა გაცემულიყო. ამ პერიოდში ლიონელ მესიმ და კილიან მბაპემ პსჟ-სთან ერთად მოიგეს ლიგა 1 და საფრანგეთის სუპერთასი, ამ გუნდისთვის წარმოუდგენლად რთულად მოსაგები შეჯიბრებები (ცხადია, ხუმრობით). მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (ლაკაზეტს 2 გოლით აჯობა), მესი - საუკეთესო მეპასე. პლუს, ლეომ ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის თასი მოიგო, თუმცა მისი "ინტერ მაიამი" MLS-ის პლეი-ოფში ვერ გავიდა.

ხვიჩა კვარაცხელია გახდა იტალიის ჩემპიონი, იტალიის სერია "ა"-ს საუკეთესო მეპასე. ობიექტური გარემოებებით რომ ვიმსჯელოთ, პსჟ-სთან ერთად ლიგა 1-ისა და საფრანგეთის სუპერთასის მოგება უფრო რთულია თუ "ნაპოლის" რიგებში იტალიის ჩემპიონობის მოპოვება?! რასაკვირველია, მეორე. ამერიკის ლიგის თასის მოგებაზე არაფერს ვამბობთ, იმის გათვალისწინებით, რომ "ინტერ მაიამი" MLS-ის პლეი-ოფში ვერ გავიდა. პლუს, ხვიჩამ "ნაპოლისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშა, ხოლო მბაპესა და მესის პსჟ ტურნირს 1/8-ფინალში დაემშვიდობა. იმის თქმა გვინდა, რომ არანაირი ობიექტური საზომით, მბაპესა და მესის ხვიჩაზე მეტისთვის არ მიუღწევიათ. თუმცა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თანაგუნდელზე, თანამემამულეზე, თავისივე ეროვნული გუნდის მთავარ იმედზე წინ მესი და მბაპე დააყენა.

ამასთანავე, 2022 წლის ბოლოდან 2023 წლის ბოლომდე საქართველოს ნაკრებმა 10 შეხვედრა ჩაატარა. აქედან 2 მატჩი ამხანაგური იყო, 8 - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის თამაში. გურამ კაშიამ მონაწილეობა ათივე შეხვედრაში მიიღო, 9-ჯერ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ტაილანდთან მინდორზე 32 წუთი გაატარა. ამ მატჩებში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 21 გოლი გაუშვა, მათგან 9-ში მონაწილე კაშია იყო, რაც საბა კვირკველიას სტატისტიკასთან ერთად, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

კიდევ ერთი დეტალი არ გამოგვრჩეს - გურამ კაშიას კომენტარი ესპანეთთან 1:7 მარცხის შემდეგ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა და ისიც თქვა, რომ მოედანზე მყოფი ფეხბურთელებიდან ნაკრებში ყოფნას არავინ იმსახურებდა. ვთქვათ, ეგრეა და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებ, ამბობ, რომ ვინც ესპანეთთან ითამაშა, ნაკრებში ყოფნის ღირსი არაა, რა უნდა იყოს შენი მომდევნო მოქმედება? რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, თუ შენს სიტყვას ფასი აქვს და ნაკრების კაპიტანი ასეთი (მის სიტყვას ფასი რომ უნდა ჰქონდეს) რომ უნდა იყოს, ალბათ, დაგვეთანხმებით.

ერთადერთი, ვინც ესპანეთთან და ნორვეგიასთან ცუდი თამაშისთვის დაისაჯა და რეალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოუწია, გიორგი გოჩოლეიშვილი იყო. მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაშვებული 9 გოლიდან 6-ში მონაწილეობა გიორგიმ მიიღო და ამიტომ არ გამოვიძახეო. ფრანგმა ისიც დაამატა, რომ ცუდად ითამაშებ თუ კარგად, მაინც ნაკრებში რომ იყო, არასწორი იქნებაო. მაგრამ შესარჩევ ეტაპზე ყველაზე ცუდად მოთამაშე მცველი (ები) თითქმის ყველა შეხვედრაში შეუცვლელად თამაშობდნენ. გამოვიდა, რომ ბევრის ცუდად თამაშისა და კაშიას მიერ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შემდეგ მხოლოდ გოჩოლეიშვილი დაისაჯა. ძალიან უცნაური სიტყვა გამოდის პასუხისმგებლობა, ისეთი შინაარსის მქონე, როგორიც ჯერ არასდროს ჰქონია.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც გურამ კაშიას ეხებოდა, ეს ვაკო ყაზაიშვილთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალი იყო. თავად ყაზაიშვილმა ნათესავის სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა, თქვა, არასწორი იყოო და ნაკრების ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებო. ვაკომაც აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იმის გამო, რაც მისმა ცოლისძმამ გააკეთა, თუმცა თვითონ მას არაფერი დაუშავებია. სხვისი დანაშაულის გამო სხვა დაისაჯა, მაგრამ მაგასაც შევეგუეთ და არავის არაფერი უთქვამს, ყველამ სამართლიანად მიიჩნია. იმ ჩანაწერებში ნათლად ისმოდა ფიგურანტის ნათქვამი, რომ კაშიასაც ველაპარაკე, როგორც ნაკრების კაპიტანს და იცის ყველაფერიო. ამ შემთხვევაზე ვინმემ კომენტარი გააკეთა?! თავად გურამს არაფერი უთქვამს, თუმცა, როცა ნახევარი ქვეყანა კაშიას ლანძღავდა და მის ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვდა, ვაკო პირველი იყო, რომელმაც კაპიტანს მხარი საჯაროდ დაუჭირა.

ასეთი სურათი გვაქვს: გურამ კაშია (სტატისტიკით) საქართველოს ნაკრებში მყოფ მცველთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცუდია; თქვა, რომ პასუხისმგებლობას იღებდა და ნაკრებში თამაშის ღირსი არ იყო, თუმცა ისევ ნაკრებში თამაშობს; არ გაუკეთებია განმარტება იმ სკანდალზე, რომლის ირიბი მონაწილეც იყო; დაბოლოს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რომლის დარი ქვეყანას ბოლო 50 წელია არ ჰყოლია, გაუგებარი მიზეზებით მესამე ადგილზე დაასახელა და წინ ისინი დააყენა, რომლებსაც ხვიჩა კვარაცხელიაზე უფრო დიდი მიღწევები წინა სეზონში არ ჰქონიათ და იმ ნაკრებში თანაგუნდელს არ დაუჭირა მხარი, რომლის კაპიტნის სამკლავურსაც ატარებს. 

ამ ყველაფრის შემდეგ გურამ კაშია ისევ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების კაპიტანი?!
მკითხველის კომენტარები / 141 /
ეს გამომითხვა იყო 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელზე, თუმცა კაშია არ იყო ერთადერთი ვინც ვერ გაერკვა სიტუაციაში და 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, ვფიქრობ საქართველოს ნაკრების პრესცენტრის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და სხვა უწყებებს სერიოზული სასჯელი უნდა დაეკისროს იმის გამო, რომ კაპიტანს ვერ მიაწოდეს ინფორმაცია თუ რის შესახებ იყო გამოკითხვა. ხოლო თავად კაშია, როგორც ნაკლებ ერუდირებული პერსონა უნდა დაემშვიდობოს კაპიტნის სამკლაურს.

ფიფას წესდებაში გარკვევით ეწერა გათამაშების შესახებ: The selection criteria for the men's players and coaches was: respective achievements during the period from 19 December 2022 to 20 August 2023. ნაკრების ფეხბურთელებს არავინ დაელაპარაკა, რომ მომავალში წესდების წაუკითხავად არავინ იპროფესოროს?
უვიცი
22:33 26-02-2024
0
ხალხო გამოდი ბნელეთიდან რა დროს ამ სტატიაზე წერთ და ამკომენტარებს ამ მოახლოებული ფლეიობების დროს განადგურებით ფსიქოლოგიურად ფეხბურთელებს. Გეგმაზომიერად შეტევა ხდება ქართულ ფეხბურთზე. მოგიწოდებთ შეიკაოთ თავი და წავახალისოთ ნაკრების ფეხბურთელები. ამ ეტაპზე კაშია ზე უკეთესი მცველი არ გვყავს. Წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს.
ზურა
22:59 07-02-2024
4

სიახლეები პოპულარული