გიორგი არაბიძე: ბევრ არასწორ საქციელს ვხედავ, მითუმეტეს საქართველოში

AutoSharing Option
19 წლის გიორგი არაბიძე უდავოდ ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება. ქართველი გულშემატკივარი მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

გიორგის დიდი ხანია მედიასთან არ უსაუბრია და მის შესახებ ინტერესიც შესაბამისად გაზრდილია.

Sportall.ge გიორგის უკრაინაში დაუკავშირდა და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.

- გიორგი, როგორც ვიცით, ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე მცირე ტრავმით ჩამოხვედი. როგორია ამჟამად შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- თავს სრულიად ჯანმრთელად ვგრძნობ.

- გასულ სატრანსფერო პერიოდში იყო საუბარი იმის შესახებ, რომ "შახტარს" დატოვებდით და კარიერას სხვა კლუბში განაგრძობდით. თუ შეგიძლიათ გვითხრათ რომელი კლუბებიდან იყო შემოთავაზება და რატომ არ
შედგა ტრანსფერი?

- ტრანსფერს ხელი "შახტარმა" შეუშალა. მათ ჩემი გაშვება არ უნდოდათ. კონტრაქტის დასრულებამდე 6 თვე დარჩა და გუნდს დიდი ალბათობით ზამთარში დავტოვებ.

- რომელი გუნდებიდანაა ინტერესი?
- ინტერესი ბევრი გუნდიდანაა, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი უმაღლესი ლიგის საშუალო დონის გუნდია, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მექნება.

- მირჩა ლუჩესკუს მწვრთნელობის პერიოდში "შახტარში" თამაშის და თავის გამოჩენის საშუალება გეძლეოდათ, რასაც ვერ ვიტყვით პაულო ფონსეკაზე. რატომ არ გენდობათ პორტუგალიელი სპეციალისტი და როგორი ურთიერთბა გაქვთ მასთან?
- მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ლუჩესკუს სხვანაირი მიდგომა ჰქონდა, ის შანსს ახალგაზრდა ფეხბურთელებს აძლევდა, ფონსეკა კი ამ საქმეს სხვანაირად უყურებს.

- აქვს თუ არა "შახტარს" თქვენთან კონტრაქტის გაგრძელების სურვილი?
- მათ ახალი კონტრაქტის გაფორმება დიდიხანია სურთ, მაგრამ ამ გუნდში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ... დალოდებას და დროის დაკარგვას არ ვაპირებ.

- ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ძალიან ცუდად დაიწყო, გულშემატკივარმა კი განსაკუთრებულად მწვავედ ფარერის კუნძულებთან მარცხი განიცადა. ევროშესარჩევის ჯგუფში ჩარჩა 19 წლამდელთა ნაკრებიც...
- ბევრი პრობლემაა ნაკრებში ფეხბურთის და მოედნის გარდა, რის აღოფხვრასაც დიდი დრო დასჭირდება.

- რა პრობლემებს გულისხმობთ?
- ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ბევრ არასწორ საქციელს ვხედავ, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში. ისეთი რაღაცები ხდება სხვა ქვეყნის გუნდებში ან ნაკრებებში გამორიცხულია და ამიტომ არიან ჩვენზე წინ. ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია და სხვისი არავის.

- ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავთ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ მოგების გრაფაში ნული გვიწერია. ამის ფონზე, რას იტყოდით საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე?
- მართალია შესარჩევი ეტაპი მოგების გარეშე დავასრულეთ, მაგრამ პროგრესი აშკარად არის. მჯერა, რომ უახლოეს პერიოდში შედეგი აუცილებლად იქნება. მთავარია სწორი მიდგომა და მუშაობა, ნაკრებს ჰყავს ისეთ ფეხბურთელები, რომლებსაც შედეგის დადება შეუძლიათ.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმერს ვაისს კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაუგრძელა. უნდა დარჩენილიყო თუ არა სლოვაკი სპეციალისტის გუნდის მთავარ მწვრთნელად?
- როგორც უკვე ავღნიშნე ნაკრების თამაშში პროგრესს ვხედავ. ვაისი სწორად მუშაობს და ვფიქრობ, ფედერაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

- საქართველოს ყოველთვის ჰყავდა და ახლაც ჰყავს ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელები, მაგრამ ამის ფონზე წარმატებას ვერ ვაღწევთ, რატომ ვტკეპნით ერთ ადგილს?
- არასწორი მიდგომა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან და სათამაშო პრაქტიკა, რომელიც კლუბებში საკმარისი არაა.

- რატომ არ გამოგიძახათ ამხანაგურ შეხვედრებში ვლადიმერ ვაისმა?
- ახალგაზრდულ ნაკრებს ოფიციალური თამაში ჰქონდა, ეროვნულს კი ამხანაგური. ეს მათი გადასაწყვეტია და მე არაფრის თქმა არ შემიძლია.

- როგორ ფიქრობთ, ეძლევა ყველა იმ ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება, ვინც ამას იმსახურებს?
- ვერც კის ვიტყვი, ვერც არას.

- რთულია საქართველოში ფეხბურთელად გაზრდა? რა პრობლემებს აწყდება ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი?
- პირველ რიგში უსამართლობას. არ არის განვითარების დონე, ინფრასტრუქტურა, რაც უმნიშვნელოვანესია და კიდევ ბევრი რამ.

- იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა უსამართლობაზეა საუბარი?
- არც კლუბში და არც ნაკრებში არ ეძლევა იმ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალება, ვინც მართლა ნიჭიერი და ღირსია. ასე ვთქვათ ბევრი იჩაგრება...

- ერთთა ლიგის სახით საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად დამატებითი შანსი გაუჩნდა...
- დიახ, ძალიან კარგია. ვფიქრობ, რომ ჩვენი გასვლის შანსი ახლა უფრო გაზრდილია.

ავტორი: ლაშა ბეგიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 25 /
ძალიან მიკვირს არაბიძის თამაში იყენებს კაცის მოტყუების მხოლოდ ერთ ფინტს გარბის მარცხნივ,თუ გამოუვიდა გადააქვს ბურთი მარცხენა მცველზე და ამის შემდეგ იმის ნაცვლად რომ თავქუდმოგლეჯილი გარბოდეს საჯარიმოში და ცდილობდეს გოლის გატანას ....ის ჩერდება ადგილზე.ბურთზე არ იხსნება თხოულობს ფეხში მესხის სტილში ის ერთი იყო თანაც დღის სხვა ფეხბურთია. მოკლედ თუ არდაიწყებს ორივე მხარეს პოდსიდენიების გაკეთებას,ბურთის სისწრაფეში მიღებას და საგოლე პასების გაკეთებას არაფერი გამოუვა და ის დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს ნუთუ ყველა მწრთვნელი უვიცია და ამას არ ავალებს,მე პირიქით მგონია და ნეტავი ვცდებოდე
რეხო
18:40 16-12-2017
0
საქართველოს ყავს ევროპაში უძლიერესი დაცვა და სხვა რგოლის ფეხბურთელებიც არავიზე ნაკლები არ არიან.საუბედუროდ არასოდეს გვყოლია ძლიერი,მოაზროვნე მწვრთნელი ჩვენს შემდეგ მათ თავი ვერსად გამოიჩინეს ისინი ყველა გაყარეს და დღეს ყველა უმუშევარია.ვაისი ყველაზე უარესია სად ნახეთ პროგრესი მას არა აქვს გეგმა თუ როგორ უნდა გავიტანოთ გოლი.მე ვერ დავინახე ვერცერთი დამუშავებული შეტევა ვერცერთი დამუშავებული სტანდარტი ყველა გუნდი გვჯობდა თამაშის ორგანიზაციით.ესპანეთისთვის მომგები გუნდი მოლდოვას რომ ვერ მოუგებს ეს ნამდვილად მწრთველის უნიათობის ბრალია და მას კონტრაქტი არ უნდა გაუგრძელდეს.
რეხოს
18:07 16-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული