მეტი არგუმენტი რაღა გინდა, ვეჟო?!

AutoSharing Option
...საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი ახალი დასრულებულია. ჟურნალისტები "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში შევიკრიბეთ. უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კრის კოულმენი გავისტუმრეთ და ჯერი ვლადიმირ ვაისზე მიდგა.

საქართველოს ნაკრების თავკაცს არაერთ საკმაოდ კრიტიკულ კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა. მათ შორის იყო ამ სტრიქონების ავტორის ერთი კითხვაც, რომელიც ადრესატამდე თავდაპირველად მთლად სწორად ვერ მივიდა. ამიტომ, თავს უფლებას ვაძლევ, ჩვენი გაზეთის ფურცლებზე კითხვა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო.

"ბატონო ვლადიმირ, თქვენ თქვით, რომ ფეხბურთში ძლიერი იგებს. ეს მთლად ასე არ უნდა იყოს და ამის მაგალითი თუნდაც თქვენი
გაწვრთნილი სლოვაკეთის ნაკრებია, რომელიც ფავორიტი თავის დროზე არც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ყოფილა და მუნდიალზეც აუტსაიდერად მიიჩნეოდა. ზუსტად ვიცით, რა რესურსიც აქვს საქართველოს ნაკრებს. თქვენი აზრით, მას იმაზე მეტი არ შეუძლია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაარტყას უელსის ნაკრების კარში"?

რა თქმა უნდა, ეს კითხვა უმიზეზოდ არ დასმულა. ვაისმა თქვა, რომ საქართველოს ნაკრებისგან უელსის, ირლანდიის, ავსტრიისა და სერბეთის დონის გუნდების დამარცხება არ უნდა მოვითხოვოთ, რათგან მათი ფეხბურთელები გაცილებით უკეთესი ლიგების უკეთეს კლუბებში თამაშობენ...

- "შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

ცოტა უკან დავიხევ და ვიტყვი, რომ ფეხბურთში ერთი ნაბიჯია სიმწარიდან სიტკბომდე და როცა შედეგი ასე თუ ისე მისაღებია, შეიძლება, თაფლშიც ჩააწო კალამი, მაგრამ როცა აგებ, მეტი კრიტიკა გიწევს, რაც, მერწმუნეთ, მაინცდამაინც არ მსიამოვნებს. ამ წერილის ტონიც სხვანაირი იქნებოდა, გიორგი მერებაშვილს ან ოთარ კაკაბაძეს მატჩის ბოლოს რომ შეეგდოთ, მაგრამ რას ვიზამთ - ვმსჯელობთ იმ შედეგზე, რომელიც მივიღეთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ვუყურებთ ტაბლოს და დასკვნები აქედან გამომდინარე გამოგვაქვს...

- საქართველო-უელსი 0:1 - დამთრგუნველი რეალობა [VIDEO]

ახლა ისევ მთავარზე. კითხვა რომ დავუსვი და ვაისმა თარგმანი მოისმინა, ჯერ ეგონა, ახლანდელ სლოვაკეთზე ვეკითხებოდი. მითხრა - ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებითო. მერე, როგორც იქნა, კითხვის არსს მიხვდა და დაამატა - ის ძველი სლოვაკეთიც კარგი გუნდი იყო, ჰამშიკი უკვე გვყავდა, დურიცა მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა, "რეინჯერსის" ფეხბურთელსაც ვწვრთნიდიო...

ზოგადად, ერთხელაც უნდა დავადასტურო ვაისისადმი დიდი პატივისცემა. კაცი ვერ დამაჯერებს, რომ ის არ არის სამართლიანი კაცი და ფეხბურთშიც ბევრი რომ იცის, ესეც ფაქტია. მაგრამ მე ასე მგონია: უელსთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თქმულის გათვალისწინებით, მას მომავალში ძალიან გაუჭირდება საქართველოს ნაკრების წარმატებით გაწვრთნა.

ზოგადად, მე ამ პრესკონფერენციაზე ვნახე ისეთი ვაისი, როგორიც არ მინდოდა, რომ მენახა. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ის მართალია - ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა დაბალი დონის კლუბში თამაშობს. მეორე მხრივ კი, მან საკუთარი თავიც გააკრიტიკა და თქვა, რომ, დიდი ალბათობით, კრის კოულმენი, სლავოლიუბ მუსლინი და მარტინ ო"ნილი მასზე მაღალი დონის სპეციალისტები არიან და ამიტომაც წვრთნიან უკეთეს ნაკრებებს...

ჩვენ ეს ყველაფერი ალილუიასავით ვიცით. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ჩვენი რესურსი არ არის ულევი და ჩვენი ფეხბურთელები არ თამაშობენ მაღალი დონის გუნდებში, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ რაღად გვინდა უცხოელი მწვრთნელი? თუ მაინც განწირულები ვართ და ჩვენზე ძლიერ გუნდებთან უნდა წავაგოთ, რაღად უნდა შევავსოთ სტადიონი?!

დღეს, თუნდაც ქართული ფეხბურთის არნახულად დაცემის ხანაში, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე რაღაცას მივაღწევთ და საშუალო დონის ნაკრებთა მარაქაში მაინც ჩავეწერებით. თუ მთავარი (ფაქტია, მნიშვნელოვანი ნამდვილად არის) ფაქტორი ის არის, თუ სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები, ამ საქმეს უნდა შევეშვათ, რადგან ახლო მომავალში, სამწუხაროდ, კლუბების ამბავში ვერც ირლანდიას დავეწევით, ვერც უელსს, ვერც ავსტრიას და, მით უმეტეს, ვერც სერბეთს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ისევ ჩვენი პირველი გუნდის მაგალითზე ვიმსჯელოთ. იყო დრო, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ძალიან კარგ კლუბებში თამაშობდნენ, მაგრამ იმ გუნდმა შედეგს ვერ მიაღწია. რატომ და როგორ, ეს ძალიან ვრცელი თემაა და ჩვენი წერილის ფარგლებს სცდება, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგი არ ყოფილა.

რამდენი მაგალითიც გნებავთ, იმდენია მსოფლიო ფეხბურთში, რომლის მიხედვითაც უარესად დაკომპლექტებულ ნაკრებსა თუ გუნდს უკეთესი მეტოქისთვის მოუგია. ვაისს კარგად უნდა ახსოვდეს 2010 წლის მუნდიალი, როცა მისმა გაწვრთნილმა სლოვაკეთმა ჯგუფური ეტაპი იტალიის დამარცხებით დაძლია. იმ სლოვაკეთის მიმართ ასევე დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ბატონ ვაისს მაშინ იტალიაზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა და არც სლოვაკი ფეხბურთელები თამაშობდნენ უკეთეს გუნდებში, ვიდრე - იტალიელები.

ფეხბურთი იმადაც არის სპორტის ნომერი პირველი სახეობა მთელ მსოფლიოში, რომ აქ ყველაზე ნაკლებადაა "იერარქიული კიბე". კი ბატონო, ძლიერი ძლიერია, მაგრამ ძალიან ხშირად სუსტი ზეობს ძლიერზე. თუ, რა თქმა უნდა, საქმე "ჯუჯებს" არ ეხებათ, თუმცა ამ ბოლო დროს "ფეხი" მათაც გამოიღეს.

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი რომ ამ ლოგიკას ემორჩილებოდეს, რა უნდა ისლანდიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე? ამ დროს კი თურქეთი უკვე ჩაეხსნა რუსულ მატარებელს. ისლანდიის ნაკრების ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი გილფი სიგურდსონია. დანარჩენების წვრილად ჩამოთვლაც შეიძლება, მაგრამ რად გვინდა - მათი გვარები არაფერს გვეტყვის...

ანუ, როგორც ზაალ ბარათაშვილი იტყოდა - ამაზე მეტი არგუმენტი რაღა გინდა, ვეჟო?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 36 /
რა აზრი აქვს ამდენი ფულის ყრას, როცა ვიცით, რომ არაფერი გამოვა?? თვითპნ უკეთ იციან ეს, მაგრამ გვატყუებენ, იმედს გვაძლევენ და სინამდვილეში ბიუჯეტის ფულს ხრავენ
რატომ ვაფინანსებთ??
17 ოქტომბერი 2017 23:04
0
საერთოდ რა ფეხბურთზე ვსაუბრობთ?ანანიძე რომ თურმე გუნდის თამაშს ალაგებსო(ნუ სატელევიზიო წამყვანებს ასე მიაჩნიათ).კაცი თავის გუნდში სეზონის განმავლობაში 2-3 ჯერ თუ გამოუშვეს მოედანზე,ხოლო ნაკრებში 30 წუთის მერე ფეხებს ვეღარ "ათრევს" დაღლილობისგან.კანკავას არც ტექნიკა,არც გამძლეობა,და არც მოედნის რაიმე ხედვა გააჩნია.აღარაფერს ვამბობ სხვა დანარჩენ ფეხბურთელებზე.საიდანღაც ჭორის დონეზე ვიძახით რომ ვითომდაც ტექნიკა ქართველ ფეხბურთელებს გენებში გააჩნიათო(ალბათ ანეგდოტს თუ მიეწერება).ასეთ ვითარებაში მიმაჩნია რომ ფეხბურთზე საერთოდ აღარ უნდა ბიუჯეტიდან კაპიკის გამოყოფა,თუ ვინმე კერძო ინვესტორი მოინდომებს-კი ბატონო.ისე რაში უნდა დაიხარჯოს ეგ ფული.ფედერაცის კი ფიფადან გამოყოფილი თანხის ჭამაც ეყოფა.ისე თუ ფეხბურთში,როგორც კალათბურთში,ევროპის ჩემპიონატზე ლამის ყველა ქვეყანას დაუშვებენ,მაშინ ჩვენ ნაკრებსაც ექნება შანსი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრონ,ერთი-ორი დაპირება მოგვცენ,იქნებ და შემთხვევით ვინმეს გოლი გაუტანონ, და მერე როგორც კალათბურთელები,წყნარად დაიშალონ და მიხედონ თავის თავს.არ არის სპორტი ქართველებისათვის,სპორტს ბევრი მუშაობა, ვარჯიში,მწვრთნელთა მაღალი ინტელექტუალური მომზადება სჭირდება.ჩვენ კი მხოლოდ კარგი ხინკალი,ქაბაბი და რუსის ტურისტებისათვის "რასცვეტაი გრუზია მოია"ს სიმღერა რესტორანში გვეხერხება.
simartle
15 ოქტომბერი 2017 18:38
3
შემომაქვს საქმიანი წინადადება: ცხადაძე, ცეცაძე და გეგუჩაძე წარვადგინოთ ნაკრების მწვრთნელის კანდიდატებად და საერთო სახალხო აღცევნების გზით ვუყაროთ კენჭი მათ ამ არჩევნების პარალელურად (ცესსკოს ხელმძღვანელობით). ვინც ამომრჩევლების უმრავლესობის მანდატს მოიპოვებს დავნიშნოთ! ან კიდევ სამივე დავნიშნოთ (ტრიუმვირატი!) როგორც ეს საბჭოთა კავშირის ნაკრებში იყო (ლობანოვსკი, ბესკოვი და ხახალკაცი). და აღარ დაგვჭირდება უხოელი მწვთნელი!
ზაზა
14 ოქტომბერი 2017 21:28
6
ეს არ არის სასაცილო. აქ მართლა მიდის ოლიტიკური ბატალიები. რასაც ეწირება ქართული ფეხბურთი.

აქვე ვიტყვი, რომ ცხდაძის დაბრუნება ნიშნავს ძველი ძმაბიჭური ყაიდის ნაკრებს და კიდევ უფრო დაგვემხობა ნაკრები თავზე...
კოტე
15 ოქტომბერი 2017 11:44
3
ვაისი საქართველოში არ ცხოვრობს ჩამოდის ერთი კვირით,საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს არ ესწრება,სანაკრებო მატჩი დამთავრდება თუ არა სახლში გაქცევაზეა გაფაციცებული.
მე სპეციალისტი არ ვარ,მაგრამ კარგი იქნება,რომ შედგებოდეს შიდა ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებიდან მეორე ნაკრები,ამ ნაკრებში მიწვეულ ფეხბურთელებს სტიმული მიეცემათ,რომ უფრო კარგად წარმოეჩინონ თავი და ა. შ.
ზასტაველი
14 ოქტომბერი 2017 20:22
3
კარგით რა მოეშვით ეროვნულ ლიგაზე ლაპარაკს!ეროვნული ლიგისგან შედგენილი ნაკრები არ იყო იანვარში იორდანიასთან რომ წააგეს!
Alex.F.
15 ოქტომბერი 2017 12:27
0
უსუსტესი სტატიაა!ზოგადად ეს ჟურნალისტი მოიკოჭლებს ფეხბურთის ცოდნაში,მაგრამ ამჯერად მას სხვა მისია აქვს ასე მგონია!გია ცეცაძის დანიშვნა ნაკრების მთავარ მწვრთნელად!მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმისა რომ,ქართველი მწვრთნელი მოვიდეს ერთი უმარტივესი მიზეზის გამო,ჩვენ ასეთი უბრალოდ არ გვყავს და მორჩა!რაც შეეხება ისლანდიას,კონკრეტული ქვეყნის ზომა ხშირად არაფერს არ ნიშნავს(და არამარტო სპორტში) ამის ნათელი მაგალითია პანამა,კოსტა რიკა,ლატვია,სლოვენია და ა.შ.,არამედ საქმისადმი სწორი და პროფესიონალური მიდგომა!ვაისის ტაქტიკური შეცდომები აშკარაა და მაინც რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ის ერთი თავით მაღლა დგას ჩვენს მწვრთნელებზე!
Alex.F.
14 ოქტომბერი 2017 19:53
2
იმხელა გამოხმაურება დავწერე და რატომ არ გამოაქვეყნეთ?! ყველაფერი წესრიგში იყო, ზრდილობა, წერტილ-მძიმე... საწყენია!
aburjga
14 ოქტომბერი 2017 19:11
0
ძალაინ არ მომეწონა ვაისის მინიშნება "თქვენი ფეხბურთელები"-ს შესახებ, რაც სამწუხაროდ იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ის "თავისად" არ მიიჩნევს. ასეთ კაცს მართლა გაუჭირდება სასურველი შედეგის მიღწევა.
P.შ. მისი როგორც სპეციალისტის კომპეტენციას არ ვგულისხმობ, აზროვნების პესიმისტურ-ნეგატიურ-უპასუხისმგებლო ტენდეცია არის შემაშფოთებელი
თემური
14 ოქტომბერი 2017 17:52
3
ვაისმა თუ 1-1 ან 0-1 ჩაიფიქრა ფეხბურთელი არასდროს არ გაიქცევა ქუდ მოგლეჯილი შესატევად და მაგიტომ იყო უელსთან ორჯერ რომ დაარტეყეს კარში ისიც ბურთის გაშვების მერე!! " უსტანოვკას" მწვრთნელი აძლევს მოთამაშეებს და ვინც არღვევს ის მოთამაშე დაჯდება ჯერ სკამზე და მერე საერთოდ მოაშორებენ ნაკრებს!! ვაისმა რა ტაქტიკური მონახაზიც გააკეთა ის ითამაშა ნაკრებმა ყველა თამაშში და არც დამინახია ის რომ ვაის ეყვიროს არიქა შეუტიეთ თორემ გულშემატკივარი უკმაყოფილოაო! აი ჯგუფში რომ გვყოლოდა გერმანია ან საფრანგეთი რომელიმე გრანდი ამ "უსტანოვკით" გაარღვევდა ვაისის ნაკრებს როგორც გერმანიამ აზერბაიჯანი გაგლიჯა ან და სომხეთის კონფუზი რად ღირს მაგალითად!! ბრძენი კაცი სხვის შეცდომებზე სწავლობს და ჩვენ ფედერაციას თავის შეცდომებზეც არ უნდა ისწავლოს რამე!!
poeti
14 ოქტომბერი 2017 14:56
4
კარგი წერილია.
მოუწოდებ პატიოსან ჟურნალისტებს (პატიოსან რადგან ბევრი ჟურნალისტი უკვე ნაყიდი ყავთ) მაქსიმალური ძალისმევა გამოიჩინოთ, თქვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ყველა ვხედავთ რომ ფედერაციისად მთავრობის მესვეურებს მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებთ, მადგან უკვე სიკეთეს არავინ ელის.
მაქსიმალური ზეწოლა, კრიტიკა და ბრძოლაა თქვენი მხრიდან აუცილებელი, რომ ბოლომდე ვერ გაიტანონ თავისი ამ მართლა ქართული ფეხბურთის მტრებმა.
ვაისი სასწრაფოდ უნდა მოშორდეს და დაიწყოს კამპანია ფედერაცია ჩაიბაროს მართლა პატიოსანმადა ღირსეულმა ხალხმა, რომელიც ნაკრების თამაშს უბრალოდ ტოტალიზატორზე არ კაყიდის
lashamax
14 ოქტომბერი 2017 14:50
10
ალეკო ბატონო მარტო მაღალი დონის კლუბებზე არაა საქმე, სადაც არიან იქაც, რომ ვერ თამაშობენ ეგაა პრობლემა.
ისე გაიგეთ, რომ ვაისზე მეტს ამ ეტაპზე და ამ გუნდით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს.
kml
14 ოქტომბერი 2017 14:41
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული