ნაკრებს მიღმა დარჩენილების "სიმბოლური ნაკრები"

AutoSharing Option
ფოტოზე: ფეხბურთელთა პოზიციები პირობითია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 6 და 9 ოქტომბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკვე ცნობილია ვლადიმირ ვაისის რჩეული ის 27 ფეხბურთელი, ვინც საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს.
- ვლადიმირ ვაისმა უელსსა და სერბეთთან მატჩებისთვის 27-კაციანი სია გამოაცხადა

მაგრამ არიან სიის მიღმა დარჩენილი ფეხბურთელები, რომელთაც ნაკრებში ყოფნის ამბიცია გააჩნიათ. ასევე არიან გულშემატკივრებიც, რომლებიც ვაისის შემადგენლობას იწუნებენ...

მწვრთნელის კომპეტენციაში არ ვერევით, უბრალოდ, წარმოგიდგინთ განაცხადს მიღმა დარჩენილებისგან შემდგარ "სიმბოლურ ნაკრებს" და ვსვამთ, ჩვენთვის და არაერთი
გულშემატკივრისთვის ლოგიკურ კითხვებს.

მეკარე

Sportall.Ge
როინ კვასხვაძე (ქუთაისის "ტორპედო") - ქუთაისელთა მეკარე გაფართოებულ შემადგენლობაში კი მოხვდა, მაგრამ ჩვენი აზრით, ეს არ ეკადრება კვასხვაძის სათამაშო ფორმას. "ტორპედოს" მეკარეს ეროვნულ ლიგაში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული - 27 მატჩში 21 ბურთი, საშუალოდ ერთ მატჩში 0.77 გოლი. მისი უშუალო კონკურენტის ნუკრი რევიშვილის მაჩვენებელი 9 მატჩში 12 გოლია - საშუალოდ 1,33 გოლი. აი, თუ გადავხედავთ გიორგი ლორიასა და გიორგი მაკარიძის სტატისტიკას, მათ საერთოდ არ უთამაშიათ მიმდინარე სეზონში.

მცველები

Sportall.Ge
ჯიმი ტაბიძე ("უფა") - 21 წლის მცველს რუსეთის პრემიერლიგაში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. ამ სეზონში ტაბიძემ "უფას" შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა და შესანიშნავ ფორმაშია. ის საქართველოს ნაკრებში 4-ჯერ იყო გამოძახებული და აქედან სამში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

Sportall.Ge
გიორგი ქიმაძე (ქუთაისის "ტორპედო") - ნაკრებში პრობლემას წარმოადგენს ფლანგის მცველი, რომელიც სათადარიგოთა შემადგენლობაში გვეყოლება და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ. დიდი ხანია საუბრობენ ქუთაისელთა მცველის გამოძახებაზე, მაგრამ ის ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ეროვნული ნაკრების თავკაცის დაინტერესებას. ქიმაძე მხოლოდ ერთხელ იყო გამოძახებული იორდანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც 11 წუთი ითამაშა.

Sportall.Ge
ზურაბ ცისკარიძე ("ესკილსტუნა") - შესანიშნავ ფორმაშია ქართველი მცველი, რომელიც შვედეთის საფეხბურთო ლიგაში სათამაშო პრაქტიკას არ უჩივის. ამ სეზონში 20 ჩატარებული მატჩიდან 17-ში ძირითად შემადგენლობაში იყო. ცისკარიძეს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ორ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ნახევარმცველები

Sportall.Ge
გიორგი არაბიძე ("შახტარი") - საქართველოს ნაკრებს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთ ნიჭიერ ნახევარმცველზე უარი თქვას, მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ ვერ ხვდება დონეცკელთა ძირითად გუნდში. სამაგიეროდ, გიორგის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს 21-წლამდელებში. არაბიძის გამოყენება სტანდარტული მდგომარეობების დროს მშვენივრად შეიძლება და შეტევების გასამწვავებლად ის იდეალური კანდიდატურაა.

Sportall.Ge
გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო") - უკვე დროა დარჩენილი მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. თუ ნაკრების განაცხადში ხვდება გიორგი კიტეიშვილი, რომელმაც ტრავმის მოშუშების შემდეგ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, ლოგიკური კითხვაა, რატომ არ უნდა მიეცეს შანსი გიორგი ხარაიშვილს? 21 წლის ნახევარმცველი ძალიან ლამაზ გოლებს იტანს ეროვნულ ლიგაში და მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება სტანდარტული მდგომარეობის გამოყენებაა. გიორგიმ ეროვნული ლიგის ამ სეზონში 19 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge
გიორგი ბერიძე ("ტრენჩინი") - ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და უკვე სლოვაკური კლუბის ლიდერია. თუ გავიხსენებთ "ტრენჩინის" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე მონაწილეობას, ბერიძემ ორივე თამაშში გაუტანა ქუთაისის "ტორპედოს" გოლი. გიორგი სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში დუბლითაც გამოირჩა.
- გიორგი ბერიძემ "ტატრანს" ორი გოლი გაუტანა

Sportall.Ge
გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი") - ჩვენთვის დიდი იმედგაცრუება იყო ბელგიური კლუბის მხრიდან, რომ ჩაკვეტაძეს არა მთავარ გუნდში, არამედ 21-წლამდელებში ჰქონდა დებიუტი. გიორგიმ იქაც გამოიჩინა თავი და პირველივე თამაშში დუბლი შეასრულა. ჩაკვეტაძე ეროვნული ნაკრებისთვის ჯერ მზად მართლაც არ არის, უბრალოდ, მისი გამოძახება მოტივაცია იქნებოდა როგორც კლუბისთვის, ასევე თავად გიორგისთვის. ჩაკვეტაძის ტალანტზე არავინ არ დავობს და ნაკრებმა მას ხელი უნდა შეუწყოს, რომ გახდეს მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ევროპულ ასპარეზზე.
- გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტში" დებიუტი დუბლით აღნიშნა! [VIDEO]

ფორვარდები


Sportall.Ge
მათე ვაწაძე ("სილკებორგი") - თავდასხმის ხაზში თითქმის ყოველთვის პრობლემა გვაქვს და გვიჭირს შეტევების შედეგიანად დასრულება. ამ შემთხვევაში ლოგიკური კითხვა უნდა დაისვას: ნაკრებში უნდა გვყავდეს თავდამსხმელი, რომელსაც ყაზახეთის ჩემპიონატში 28 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი თუ დანიაში ბოლო 3 თამაშში 3 გოლის ავტორი? მათე ვაწაძე ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს აქტიურად დაუბრუნდა. ქართველ გულშემატკივარს მოეხსენება მისი გოლის ალღოს შესახებ - ის ყოველთვის საჭირო ადგილზეა და იცის, როგორ გაიტანოს კარში ბურთი.

Sportall.Ge
ბაჩანა არაბული ("ბალმაზივაროში") - 23 წლის ფორვარდს უნგრეთის პირველობაზე 9 თამაშში 4 გოლი დაუგროვდა. სულ ცოტა ხნის წინ, მე-8 ტურში, მან დუბლი შეასრულა და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. საჭიროების შემთხვევაში, არაბული გამოადგებოდა ნაკრებს.
- ბაჩანა არაბული უნგრეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის სიმბოლურში მოხვდა

Sportall.Ge
ზაქარია ბეგლარიშვილი ("ფლორა") - დიახ, ის ესტონეთის ჩემპიონატში თამაშობს, რომელიც მაღალი დონის ნამდვილად არ არის, მაგრამ მასზე გადაჭრით უარის თქმა რამდენად გამართლებულია მაშინ, როცა მის მიმართ ინტერესს ესტონეთის ეროვნულ ნაკრებში იჩენენ? დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაკარგი თავდამსხმელები არ გვყავს, მითუმეტეს, როცა ზაქარიამ ამ სეზონში 16 გოლი გაიტანა და ეს ყველაზე კარგი შედეგია ქართველ ლეგიონერებს შორის.
მკითხველის კომენტარები / 22 /
თვითონ ფედერაციას არ აწყობს ნაკრების წარმატებები, ვინც ვაის გაუგძელებს კონტრაქტს იმათ არ უნდათ ჩვენი პროგრესი.
ქუთაისელი-2
14:17 04-10-2017
0
რა ცვეიბა, ღადაობთ თუ საერთოდ გაგებაში არ ხართ არც ფეხბურთის და არც დანარჩენის. ახრიკ ცვეიბა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. როგორ წარმოგიდგენიათ შვილის დათანხმება?
nika
21:09 01-10-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული