ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

აკაკი დევაძე: მერე, ცუდია, ვაისი რომ დარჩეს?

AutoSharing Option
საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე აკაკი დევაძე მომჯობინდა, ყოველდღიურობას დაუბრუნდა და მისთვის უფრო კარგად ნაცნობ თემაზე, ფეხბურთსა და საქართველოს ნაკრებზე ლაპარაკობს. დევაძე ეროვნული გუნდის ბოლოდროინდელ თამაშებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს...

- ავსტრია-საქართველო 1:1 - კოლერის კილერი [VIDEO]
- საქართველო-ირლანდია 1:1 - მოგებაც შეიძლებოდა [VIDEO]

- ირლანდიასა და ავსტრიასთან გამართულ ბოლო შეხვედრებს როგორ შეაფასებთ?

- ცხადია, მოგება გაგვიხარდებოდა, მაგრამ ჯგუფიდან არასოდეს გავსულვართ და მოდი, ახლა ვაისსაც ისე ნუ მოვთხოვთ შედეგს, თითქოს, ინგლისი ან ესპანეთი ვიყოთ. მიმაჩნია, რომ ამ ციკლში მთავარი ის იყო,
რა ცვლილებებს წამოიწყებდა ვაისი. ამიტომ, შედეგებზე მეტ ყურადღებას მე თამაშის ხარისხს ვაქცევდი.

- და რა დასკვნა გააკეთეთ?
- ბოლო ორ შეხვედრაში ჩვენი ნაკრები კი არ წვალობდა, ფეხბურთს თამაშობდა და ამან დამაიმედა. ეს იყო შეცვლილი და გაზრდილი გუნდი, რომელიც უფრო ორგანიზებული ჩანდა, ვიდრე წინა წლებში. ჩანს, რომ გუნდში სწორი და პროფესიული მიდგომაა. კიდევ შევნიშნე, რომ ფეხბურთელების მიდგომებია შეცვლილი.

- რას გულისხმობთ?
- მათ პასუხისმგებლობა იგრძნეს.

- აქამდე არ ჰქონდათ?
- ჰქონდათ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ახლა თითოეული ბურთისთვის მეტი მონდომებითა და ჟინით იბრძოდნენ. ყველა ფეხბურთელი ხედავს, რომ ამდენი წარუმატებლობის მიუხედავად, ხალხი სტადიონზე მაინც დადის, ეროვნული ნაკრების თამაშებზე ტრიბუნები სავსე თუ არ არის, დაცარიელებულიც ნამდვილად არ ეთქმის. ამან ბიჭებს ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა გაუძლიერა და ეტყობათ, რომ გულშემატკივრის გრძნობებს უფრთხილდებიან.

- შესარჩევი ციკლი დასასრულს მიუახლოვდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი გაორებულ გრძნობებს გვიტოვებს - ჯერ ჯგუფში თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ არც ხშირად ვაგებთ და ნაკრებიც უიმედოდ არ გამოიყურება...
- მეც სწორედ ამას ვფიქრობ, რომ გუნდში პროგრესი არის და თამაშს თუ ასე გააგრძელებენ, შემდეგ ციკლში უკეთესი გუნდი გვეყოლება. ეს ყველაფერი ვაისის დამსახურებაა, რომელმაც უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხში მოახერხა და ჩვენი ხასიათი, ბუნება და ავ-კარგი გაიგო. კი ბატონო, ჯერ თამაში არ მოგვიგია, მაგრამ გუნდში პერსპექტივა და უკეთესი თამაში გამოჩნდა. ვინც ამას ვერ ხედავს, ბრმაა.

რომ გავიხსენოთ, ამ შესარჩევ ციკლში გუნდმა ან პირველი ტაიმი ითამაშა კარგად, ან მეორე, მაგრამ სამარცხვინოდ და დიდი ანგარიშით არცერთ მეტოქესთან არ წაუგია. მიმაჩნია, რომ ირლანდიასთან თბილისში და უელსთან გასვლაზე ძალიან კარგი ფეხბურთიც აჩვენეს, ბურთი გააგორეს და მეტოქეს "დაუმალეს".

მეც მინდა, რომ მსოფლიოზე ან ევროპაზე გავიდეთ, მაგრამ უფრო რეალურად უნდა ვუყუროთ ყველაფერს, ვაისის ხელში პროგრესი რომ ჩანს, ეს დასაფასებელია. ის ჩემი არც მეგობარია, არც ნათესავი, მაგრამ ასეა და სხვაგვარად ხომ არ ვილაპარაკებ?

- ფეხბურთის ფედერაციამ ვაისს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება უკვე გასაგებია...
- მერე, ცუდია, რომ დარჩეს? მე ამის მომხრე ვარ. ვაისი ახლა რომ წავიდეს, ეს ჩვენი ნაკრებისთვის დიდი დარტყმა იქნება. ვიღაც იტყვის, მეტი უკან დახევა რაღა უნდა იყოსო, მაგრამ გუნდს რომ ახალი მწვრთნელი ეყოლება, ისიც საქმეს ნულიდან დაიწყებს, სანამ გუნდს გაუგებს და შეეჩვევა, მანამდე დრო დაიკარგება და მეშინია, ხელში უარესი გუნდი არ შეგვრჩეს.

ვაისმა ნაკრებს მისაღები სათამაშო სქემა, სტილი და ტაქტიკური მონახაზი მოუძებნა და მიმაჩნია, რომ მუშაობა უნდა ვაცალოთ, 2-3 წელი მაინც უნდა დარჩეს და ამ შემადგენლობისგან მაქსიმუმს გამოწურავს.

ირლანდიასა და ავსტრიასთან შეხვედრების შემდეგ რამდენ ვეტერანსა და მწვრთნელსაც არ ველაპარაკე, ყველა ამ აზრზეა. ბოლოს და ბოლოს, ხომ აშკარაა, რომ ყოველი ციკლის შემდეგ მწვრთნელის შეცვლამ არაფერი მოგვიტანა და ჩვენივე შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"