ეს რეალობაა, სამწუხარო რეალობა!.. გელა სანაია საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
საქართველოსა და ირლანდიის მატჩი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. მისი შეფასება ვთხოვეთ გელა სანაიას, თვითმყოფად მწვრთნელს, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა ანალიტიკური აზროვნებით. ვფიქრობთ, 2 სექტემბრის დაპირისპირების მისეული შეფასებაც საინტერესო უნდა იყოს ჩვენი მკითხველისთვის...

- საქართველო-ირლანდია 1:1 - მოგებაც შეიძლებოდა [VIDEO]

- მოდი, ჯერ ზოგადი შეფასებით დავიწყოთ. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა თბილისურ მატჩზე?
- კმაყოფილი დავრჩი იმ თამაშით, რომელიც საქართველოს ნაკრებმა აჩვენა. ნუ დავივიწყებთ იმას, რომ ირლანდია არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი და არც არასდროს ყოფილა. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძლიერ ნაკრებებსაც
უჭირთ.

- ...თან ეს ის გუნდია, რომლის ფეხბურთელების უმრავლესობა ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს...
- რა თქმა უნდა, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და ამით ძალიან ბევრი რამაა ნათქვამი. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ირლანდიამ თბილისში ვერ ითამაშა კარგად, გავიხსენოთ ფეხბურთში არსებული ზოგადი ჭეშმარიტება, რომლის მიხედვითაც - "შენ თამაშობ იმდენად კარგად, რამდენადაც ამის საშუალებას გაძლევს მოწინააღმდეგე". მართალია, ირლანდიის ნაკრებსაც ჰქონდა შანსები, მაგრამ ჩვენ არ მივეცით მას საშუალება, გამოეყენებინა თავისი ძლიერი მხარეები.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ სატურნირო თვალსაზრისით, ამ შეხვედრის მოგება ირლანდიელებს უფრო სჭირდებოდათ, ვიდრე ჩვენებს, მაგრამ ამას მთელი მატჩის განმავლობაში ვერ შეატყობდით. საქართველოს ნაკრები ბოლომდე იბრძოდა სასურველი შედეგის მისაღწევად.

- რა იყო ის მთავარი კომპონენტი, რაც ყველაზე მეტად მოგეწონათ საქართველოს ნაკრების თამაშში?
- ეს იყო თავდაჯერებულობა მთელი მატჩის განმავლობაში. ნუ დაგვავიწყდება, რა საკადრო პრობლემების წინაშე იდგა ვლადიმირ ვაისი ამ შეხვედრის წინ. საქართველოს ნაკრებს ხომ რამდენიმე ლიდერი აკლდა - ჯაბა კანკავა, თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე... დანაკლისი იყო სხვა ფეხბურთელების არყოფნაც. ამის მიუხედავად, გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში ეტყობოდა საკუთარი ძალების რწმენა.

- ...და რომელი იყო ის კომპონენტი, რომლითაც უკმაყოფილო დარჩით?
- მე მაინც გამოვარჩევდი გუნდურ დაცვას. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს ბევრი რამ აქვს დასახვეწი, მაგრამ პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, სწორედ ესაა.

- როგორ ფიქრობთ, ირლანდიელთა გოლის ეპიზოდში იყო თუ არა თამაშის წესების დარღვევა გიორგი მაკარიძეზე?
- ვეთანხმები ზოგიერთების მოსაზრებას, რომ არბიტრს შეეძლო, დაესტვინა ამ ეპიზოდში, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და ახლა გვიანია ამაზე ლაპარაკი. ვფიქრობ, მსაჯი აუცილებლად დანიშნავდა ჯარიმას რომელიმე პირველხარისხოვანი ნაკრების სასარგებლოდ. ქვეცნობიერად, ასეთ დეტალებსაც მნიშვნელობა აქვს და ეს ყველამ ვიცით.

- საინტერესოა თქვენი მოსაზრება ზოგადად, ვლადიმირ ვაისის მუშაობაზე. ქართულ საფეხბურთო თემში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა დიდი სხვადასხვაობაა...
- კოლეგიალობის პრინციპიდან გამომდინარე, მოვერიდები ამ თემაზე ვრცლად საუბარს. უბრალოდ, დავსვამ ერთ კითხვას - არსებობს კი ისეთი მწვრთნელი, რომელსაც მოვიყვანთ საქართველოს ნაკრებში და გუნდის თამაშის ხარისხი ეგრევე გაუმჯობესდება? ვიცით ზუსტად, რომ ასეთი მწვრთნელი არსებობს?

- საინტერესოა, გჯერათ თუ არა ამ თაობის პერსპექტივის? შეიძლება მთები ვერ გადავაბრუნოთ, მაგრამ შეუძლიათ თუ არა მათ, რაღაც დონეზე მაინც გაახარონ გულშემატკივარი?
- სწორად აღნიშნეთ კითხვაში - დიახ, ჩვენ არ უნდა მოვითხოვოთ მათგან მთების გადაბრუნება. ანუ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ. აი, დანარჩენი კი წარმოუდგენელი ნამდვილად არ არის. ჩვენ გვაქვს იმის ცოცხალი მაგალითები, თუ როგორ მიუღწევია ჩვენზე არასაფეხბურთო ქვეყანას წარმატებისთვის. ამიტომაც მგონია, რომ ეს ჩვენც შეგვიძლია.

- საქართველოს ნაკრებში ჩვენი პირველობიდან მხოლოდ ორი ფეხბურთელი იყო და არცერთს არ უთამაშია ირლანდიასთან. გასაგებია, რომ ჩვენი ჩემპიონატი სუსტია, მაგრამ არიან თუ არა იქ თუნდაც ინდივიდუალურად ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებს გამოადგებიან?
- მოდით, შევთანხმდეთ ერთ რამეზე - სანაკრებო რეალობა მაინც სხვაა. ჩემთვის და, ალბათ, თქვენთვისაც სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატში მასობრივად ვერ მოიძებნებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც დააკმაყოფილებენ სანაკრებო დონეს. ერთი და ორი ფეხბურთელი, ცხადია, შეიძლება იყოს. ეს რეალობაა, სამწუხარო რეალობა!..

ავიღოთ იგივე ირლანდია. ის არ არის გრანდი, მაგრამ პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ძნელია, მას კონკურენცია გაუწიო საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებით. აგერ, ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდული ნაკრების მატჩი პოლონეთთან. ეს ნაკრები ხომ ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. იმ შეხვედრაში პოლონელთა უპირატესობა აშკარა იყო.

- ზოგი მწვრთნელი გუნდში არ მიესალმება ლიდერის ყოფნას. საინტერესოა თქვენი აზრი ამ საკითხზე და ხედავთ თუ არა ლიდერს საქართველოს ნაკრებში?
- არ მესმის მწვრთნელის, რომელიც ამას არ მიესალმება. რომელი სპეციალისტი იტყვის უარს, გუნდში ჰყავდეს მესი და რონალდო, ან ადრე რომ ჰყოლოდა ზიდანი? საქართველოს ნაკრებში მე ვხედავ ლიდერებს. მაგალითად, დაცვის ხაზში ესაა გურამ კაშია, წინ - თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე, რომელმაც შესანიშნავად ჩაატარა ირლანდიასთან შეხვედრა.

- დაბოლოს, ვისარგებლებ შემთხვევით, თქვენზეც გკითხავთ. ცოტა ხნის წინ დატოვეთ ფოთის "კოლხეთი". ხომ არ გაქვთ რაიმე კონკრეტული შეთავაზება?
- არა, ნამდვილად არა. იმდენი დრო გავატარე "კოლხეთში", იმხელა ენერგია დავხარჯე, რომ ახლა, ფეხბურთელებს რომ დავესესხოთ, აღდგენითი პერიოდი მაქვს, დასვენება მჭირდება და მერე განვიხილავ ახალ შეთავაზებებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული