ავსტრია VS საქართველო - ვენაში ვალსი არ იქნება

AutoSharing Option
დღეს, 5 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები ვენაში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გასვლით შეხვედრაში, ავსტრიას დაუპირისპირდება. თამაში ვენაში, "ერნსტ ჰაპელის" სტადიონზე თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ავსტრიის დედაქალაქში მატჩისწინა დღეს ჩარტერული რეისით ჩაფრინდა. გუნდმა 25 მოთამაშის შემადგენლობით ივარჯიშა. ნიკა კვეკვესკირს ჯერ კიდევ აწუხებს ირლანდიასთან დაშავებული ფეხი და, დიდი ალბათობით, დღევანდელი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

- საქართველოს ნაკრებმა "ერნსტ ჰაპელის" სტადიონზე ივარჯიშა [VIDEO]

გუშინვე საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა და ვენის "რაპიდის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ მატჩისწინა
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

- ვლადიმირ ვაისი: ჩვენ ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ

ამ დროისთვის ავსტრიის ეროვნული ნაკრები 8 ქულით საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, საქართველოს ნაკრები კი, 4 ქულით, მეხუთე პოზიციას იკავებს. დღესვე D ჯგუფში, ჩვენი მატჩის პარალელურად, ირლანდიის ნაკრები სერბეთს უმასპინძლებს, მოდლოვა კი - უელსს.

- ჩვენი მეტოქეები D ჯგუფში: ეპიცენტრი დუბლინშია

როცა მეტოქეს ბოლო შანსი აქვს...
თქმა რად უნდა, ურთულესი შეხვედრა გველის. ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი ცუდ დღეშია და შეიძლება ჩვენთან გამარჯვებამაც ვერ უშველოს და მუნდიალს მიღმა დარჩეს, რაც ავსტრიელთათვის დიდი წარუმატებლობა იქნება. მით უმეტეს, იმ თაობის ფონზე, რომელიც იქაურ ფეხბურთში დღეს დომინირებს და ბოლო წლებში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება...

მთავარი ამოცანა
ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრებს ამ შეხვედრაში ერთი მთავარი ამოცანა აქვს: როგორმე შეძლოს და შეინარჩუნოს თამაშის ის ხარისხი, რომელიც გუნდმა ირლანდიასთან საშინაო მატჩში აჩვენა. თუ გავითვალისწინებთ ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდის ხასიათსა და ზნეს, ეს ძალიან რთული ამოცანაა და საამისოდ სლოვაკ სპეციალისტს ბევრი შრომა მოუწევს.

მეორე მხრივ, თუ ჩვენმა გუნდმა ამის გაკეთება შეძლო, ჩვენს მოწინააღმდეგეს ბევრი პრობლემა შეექმნება. მიმდინარე შესარჩევ ციკლში ავსტრია სულაც არ ტოვებს დაუმარცხებელი გუნდის შთაბეჭდილებას...

დიდი პლუსი
კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ საქართველოს ნაკრების პრობლემები. არა, ამჯერად ეროვნული გუნდის ერთ-ერთ მთავარ სატკივარზე, ფეხბურთელების სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაზე არაფერს ვიტყვით, შევეხებით მხოლოდ საკადრო პრობლემებს.

ყველამ ვიცით, რომ თუნდაც ირლანდიასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა - თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე, ნიკა კაჭარავა და ჯაბა კანკავა.

ქვეთავის სათაური შემთხვევით არ შეგვირჩევია: საქართველოს ნაკრებს უბრუნდება ჯაბა კანკავა - კაპიტანი, რომლის ყოფნაც მინდორზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის. მისი გამოცდილების მქონე ფეხბურთელი დიდი სტიმულია ნებისმიერი ჩვენი მოთამაშისთვის.

იქნება თუ არა ცვლილებები?
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობას მწვრთნელი ძალიან იშვიათად ცვლის - ეს აქსიომაა. საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან შეხვედრაში არ გაუმარჯვია, მაგრამ თამაშის ხარისხი კარგი იყო. ამის მიუხედავად, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ავსტრიასთან მატჩისთვის გარკვეული ცვლილებები რომ მოხდეს.

ამის ალბათობა "სამყურებთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ არც თავად ვაისმა გამორიცხა. მაგალითად, დღეს ქართულ საფეხბურთო თემში ბევრი მიიჩნევს, რომ გიორგი მერებაშვილი ისეთ ფორმაშია, საქართველოს ნაკრებში მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.

ერთადერთი, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ცვლილებები არ შეეხება დაცვის ხაზს და, დიდი ალბათობით - მეკარის პოზიციას. ნახევარდაცვაში ამ წუთისთვის ხელშეუხებლები არიან ვაკო ყაზაიშვილი და ჯანო ანანიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამოკვეთილ ფორვარდად, ალბათ, კვლავ გიორგი ქვილითაია ითამაშებს. მოგეხსენებათ, ის ვენის "რაპიდში" თამაშობს და ავსტრიულ ფეხბურთს ძალიან კარგად იცნობს.

ბოლო იმედი
თუ გადავხედავთ ავსტრიის ნაკრების სატურნირო მდგომარეობას, მივხვდებით, რომ საქართველოს ნაკრებთან შეხვედრა მეტოქისთვის ბოლო იმედია იმისთვის, რათა შეინარჩუნოს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსი მაინც. მოგების გარდა, მასპინძლები არაფერზე ფიქრობენ.

აქამდე ვიცოდით, რომ მარსელ კოლერის გუნდში არ იქნებოდნენ "აუსტრიას" მეკარე რობერტ ალმერი, "ვერდერის", "ჰერტასა" და "შალკეს" ნახევარმცველები - ზლატკო იუნუზოვიჩი, ვალენტინო ლაზარო და ალესანდრო შიოპფი.

ბოლო ინფორმაცია კი ასეთია - დანაკლისს დაემატნენ ცენტრალური მცველი სებასტიან პრიოდლი ("უოტფორდი", ინგლისი) და ნახევარმცველი მარსელ ზაბიტცერი ("ლაიპციგი", გერმანია). მათ ნაცვლად საქართველოსთან მატჩისთვის ემზადებიან ფილიპ ლინჰარტი ("ფრაიბურგი", გერმანია) და მაქსიმილიან ზაქსი ("ადმირა ვაკერი").

და მაინც, ავსტრიის ნაკრებში საკმარისად არიან ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ, ამა თუ იმ შეხვედრის ბედი სათავისოდ გადაწყვიტონ. რა თქმა უნდა, გამოვარჩევთ "ბაიერნის" ვარსკვლავ დავიდ ალაბას. ის მიუნხენური გრანდისთვის შეუცვლელი მოთამაშეა და ავსტრიის ნაკრებშიც დიდი წონა აქვს. თუ "რეკორდმაისტერში" ალაბა ძირითადად მცველის როლშია, ავსტრიის ნაკრებში მას მეტწილად ნახევარდაცვაში ვხედავთ.

ავსტრია
მეკარეები: დანიელ ბეხმანი (უოტფორდი, ინგლისი), მარკუს კუსტერი (მატერსბურგი), ჰაინც ლინდერი (გრასჰოპერსი, შვეიცარია);
მცველები: მორიტც ბაუერი (რუბინი, რუსეთი), კევინ დანსო (აუგსბურგი, გერმანია), ალექსანდრ დრაგოვიჩი (ლევერკუზენი, გერმანია), მარტინ ჰინტერეგერი (აუგსბურგი, გერმანია), შტეფან ლაინერი (ზალცბურგი), ფილიპ ლინჰარტი (ფრაიბურგი, გერმანია), მაქსიმილიან ვობერი (რაპიდი);
ნახევარმცველები: დავიდ ალაბა (ბაიერნი, გერმანია), მარკო არნაუტოვიჩი (ვესტ ჰემი, ინგლისი), იულიან ბაუმგარტლინგერი (ლევერკუზენი, გერმანია), ფლორიან გრილიტში (ჰოფენჰაიმი, გერმანია), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი, გერმანია), ფლორიან კაინცი (ვერდერი, გერმანია), შტეფან ილსანკერი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), კონრად ლაიმერი (ლაიპციგი, გერმანია), მაქსიმილიან ზაქსი (ადმირა ვაკერი), ლუის შაუბი (რაპიდი);
თავდამსხმელები: გვიდო ბურგშტალერი (შალკე, გერმანია), მიხაელ გრეგორიჩი (აუგსბურგი, გერმანია), მარკ იანკო (სპარტა, ჩეხეთი);
მწვრთნელი: მარსელ კოლერი

საქართველო
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ჟიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯაბა კანკავა (უგუნდოდ), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), გიორგი მერებაშვილი (პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი თბ).
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.

მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო. ევროპა. D ჯგუფი
ავსტრია-საქართველო 22:45
მოლდოვა-უელსი 22:45
ირლანდია-სერბეთი 22:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯერ ერთი კანკავა უთამაშებელია :) და სულ რომ თამაშობდეს და ფორმაში იყოს, მაგის ადგილი ნაკრების ძირითადში აღარ არის. პატივს ვცემ და ვაფასებ მაგრამ მისი ადგილი თადარიგშია, როცა ანგარიშში წინ გავალთ, შეიძლება მისი შემოყვანა ანგარიშის შესანარჩუნებლად :) თუ ბურთის ფლობა და აზრიანი შეტევები გვინდა კვეკვესკირი და გვილია ნახევარ დაცვის ცენტრში, აუცილებლად! :)
tbiliseli
14:29 05-09-2017
0
მორჩით კანკავაზე ასეთ აღმატებულ ფორმაში ლაპარაკს დღეს კვეკვესკირი გაცილებით კარგად გამოიყურება და ნაკრები რევერანსების ადგილი არ არის ვინც იმსახურებს იმან უნდა ითამაშოს და კვეკვესკირმა ეს დაიმსახურა გუნდმა ტექნიკურად გამართული ჩამშლელების ხარჯზე მთელი თამაში შეტევაში გაატარა და რაც მთავარია უშეცდომოდ სწორედ ეს იყო თითქმის 80 % ბურთის ფლობა ირლანდიასთან ტექნიკურ ჩამშლელებს ირლანდიელები ისე აქტიურად ვერ აწუხებდნენ როგორც შეაწუხებდნენ დაუშვილს და კანკავას ან ისეთ პასებს გააკეთებდნენ ორ გოლს მაიც მოიტანდნენ საკუთარ კარში ასე რომ იდეალური წყვილია დღეისთვის გვილია + კვეკვესკირი და ეს წყვილი ჩვენ შანსებს გაზრდის ყველა შეხვედრაში
LIVE
13:28 05-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული