[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა საბოლოო სანაკრებო სია დაასახელა. ჩვენ უკვე ვიცით იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც ჯერ ირლანდიას დაუხვდებიან საშინაო შეხვედრაში, მერე კი ავსტრიასთან გასვლაზე ჩაატარებენ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს...

- ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

რა აზრი აქვს?..
ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში სანაკრებო სიის დასახელებას თან სდევს ჭმუნვა, ფიქრი და კამათი. ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი. მართალია, სადღეისოდ ჩვენი საფეხბურთო რესურსი არნახულადაა დაშრეტილი და არჩევანიც არ არის დიდი, მაგრამ ჩვენი საქმე და საკეთებელი მუდამ ისაა, ახალი
ვეძიოთ და არსებულ ვითარებას არ შევურიგდეთ.

ჩვენს დღევანდელ წერილში დიდწილად მოვერიდებით კონკრეტულ ფეხბურთელებზე წერას, თუმცა ბოლომდე პერსონალიებს მაინც ვერ გამოვრიცხავთ. ამაზე ქვემოთ. მანამდე კი ის უნდა ვიკითხოთ, რა აზრი აქვს გაფართოებული სანაკრებო შემადგენლობის დასახელებას, როცა რამდენიმე დღეში ის მაინც იკვეცება, ისე, რომ ჯერ შეკრებაც არ დაწყებულა.

საინტერესოა, რას აძლევს ფეხბურთელს რამდენიმე დღით სანაკრებო სიაში ყოფნა? ხომ არ იქნებოდა უმჯობესი, ის მოთამაშეები, რომლებიც საქართველოს ნაკრების გაფართოებულ სიაში ხვდებიან, ვაისმა ამა თუ იმ შეხვედრისთვის მოამზადოს და დასკვნა მას შემდეგ გამოიტანოს, რაც სავარჯიშო პროცესს დააკვირდება და თითოეული ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ საფუძვლიან წარმოდგენას შეიქმნის?

ზოგადად, ამ დროისთვის დაწუნებულ ფეხბურთელებს თუ გადავხედავთ, პირველი, რაც თავში მოგვივა, ესაა - მათ უმრავლესობას მეტი სათამაშო პრაქტიკა აქვს, ვიდრე იმ მოთამაშეებს, რომლებიც "ძირითად" სიაში მოხვდნენ. რბილად რომ ვთქვათ, ეს უცნაურია.

ჩემი პირადი აზრია: ვაისი, რატომღაც, ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიცაა ფეხბურთელის სათამაშო პრაქტიკა. კარგად გვესმის, ქართველი ლეგიონერები, რომლებიც ეროვნული გუნდის ძირითად ბირთვს შეადგენენ, განებივრებულნი არ არიან ამით, მაგრამ მეტ-ნაკლები განსხვავება მაინც არის...

არის კიდევ ერთი, ძალიან სენსიტიური მომენტი. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ეროვნული ჩემპიონატიდან მხოლოდ... ერთი ფეხბურთელია. ისიც, დიდი ალბათობით, რანგით მესამე მეკარე იქნება - როინ კვასხვაძე ქუთაისის "ტორპედოდან".

საქართველოს ჩემპიონატი რა ხვითოცაა, ჩვენთვის ნაადრევად დასრულებულ ევროთასებზე კარგად ვნახეთ, მაგრამ ის მაინც ჩვენი საკლუბო ფეხბურთის სახეა და, ალბათ, ცოტა მეტ პატივისცემას იმსახურებს ეროვნული გუნდის მწვრთნელისგან.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენს პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელთა უმრავლესობა მზად არ არის იმ მოთხოვნებისა და ტემპისთვის, სანაკრებო ფეხბურთი რომ ითხოვს, მაგრამ თუნდაც ფორმალურად, თუნდაც საზოგადოებრივი აზრისთვის, უპრიანი იქნებოდა, ჩვენი პირველობიდან ნაკრებში ორი-სამი ფეხბურთელი მაინც ყოფილიყო.

ეს რწმენას და მეტ მოტივაციას მისცემდა იმ მოთამაშეებს, რომლებიც საქართველოს პირველობაზე აგორებენ ბურთს. მე არ ვიცი, მეტი რა უნდა ქნას, მაგალითად, ირაკლი სიხარულიძემ, რომ სანაკრებო შანსი მიიღოს. თამაში ისე არ გავა, გოლი არ გაიტანოს და...

როცა საქმე გაქვს ტალანტთან...

წერილის დასაწყისში დავწერე, კონკრეტულ ფეხბურთელებზე წერას მოვერიდები-მეთქი, მაგრამ ამას მაინც ვერ ავცდებით. სიხარულიძე იქით იყოს და, ვერაფრით ამიხსნია, რატომ მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე მხოლოდ ნაკრების გაფართოებულ სიაში.

ყველაფერი გასაგებია - ფეხბურთელის ასაკი, ის, რომ ახალგაზრდას უნდა მოვუფრთხილდეთ და ამის მიმყოლი რამეები, მაგრამ პირადად მე ასე მგონია: როცა საქმე ეხება საქართველოს ნაკრებს, როცა სასწორზე დევს ქვეყნის საფეხბურთო პრესტიჟი, ნაკრებში უნდა ითამაშოს იმ ფეხბურთელმა, რომელიც კონკრეტულ მომენტში სხვაზე უკეთესია.

არ აქვს მნიშვნელობა, ის 17 წლისაა თუ 40-ის. ოღონდ ეგაა: ფეხბურთელის შერჩევა უნდა მოხდეს ობიექტურად და არა ხელოვნურად, სხვადასხვა სუბიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც წინა წლებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერის ნგრევას შეუწყო ხელი... თუმცა ეს კიდევ ცალკე თემაა...

ასე მგონია - ჩაკვეტაძე დღეს ალალად იმსახურებს იმას, რომ იყოს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და ეს არის მინიმუმი. როცა საქმე განსაკუთრებულ ტალანტთან გაქვს და ხარ ისეთ დღეში, როგორშიც დღეს საფეხბურთო საქართველოა, დიდხანს ვერ მოიცდი.

ან რატომ უნდა მოიცადო, როცა ეს ბიჭი უბრალოდ საუკეთესოა ყველა თამაშში და ისეთ ფეხბურთს გვთავაზობს, როგორიც კარგა ხანია, არ გვინახავს ქართველი ფეხბურთელის შესრულებით. გასაგებია, ეს ქართველი ფეხბურთელი განსაკუთრებული ნატურაა, მაგრამ მე ჩაკვეტაძეზე არ გამიგია, რომ მას თავში ავარდნის რაიმე ნიშანი ეტყობოდეს.

ცოტა სქემატური...
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ადრეულ ასაკშივე ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს და თუ მათი ნიჭი თავიდანვე არ გამოიყენე, იმთავითვე არ მიეცი გასაქანი, მერე შეიძლება გვიან იყოს.

ზოგადად, ვლადიმირ ვაისი ცოტა ზედმეტად სქემატური მწვრთნელი მგონია. მას ჰყავს კარგა ხნის წინ არჩეული სანაკრებო ბირთვი და ბოლომდე ენდობა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც იმთავითვე მოხვდნენ მისი ყურადღების ქვეშ.

ცხადია, სანაკრებო მწვრთნელი დიდწილად ვერ ასცდება ამას და მუდმივად ვერ შეცვლის შემადგენლობას, მაგრამ ჩვენ დღეს ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ გვინდა თუ არა, ძიება უნდა გავაგრძელოთ და არც ექსპერიმენტებს უნდა მოვერიდოთ. შედეგი რომ ჰქონდეს საქართველოს ნაკრებს, ხმას ვინ ოხერი ამოიღებდა, მაგრამ არ არის შედეგი და...

დღეს ქართულ ფეხბურთში თითქოს აღარავის აღარაფრის იმედი არ აქვს. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ თუნდაც სანაკრებო ასპარეზზე შედეგი არ გვაქვს და იმასაც შევეგუეთ, რომ არ გვაქვს ამ შედეგის მისაღწევი რესურსიც, მაგრამ გვინდა თუ არა, დღეს ფეხბურთი ხშირად გვთავაზობს სიურპრიზებს და რატომ არ შეიძლება, ერთხელ ჩვენც "გავისროლოთ"?

ზოგადად, მეჩვენება, რომ ზედმეტად ტოლერანტულები ვართ ვაისის მიმართ. დარწმუნებული ვარ, სხვა ამპლუაში რომ იყვნენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი მესვეურები არ დაიშურებდნენ კრიტიკას სლოვაკი მწვრთნელის მისამართით - ამის მაგალითები წინა წლებში ჩვენ საკმარისად გვქონდა...

არ უარვყოფთ, რომ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა, მაგრამ თითქმის ვერ ვიხსენებ, ერთნაირად სტაბილურად ჩაგვეტარებინოს ორივე ტაიმი.

არავის შეუცვლია საფეხბურთო მუდმივა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი მწვრთნელის მუშაობა, ნებისმიერ გუნდში, შედეგით ფასდება და ამ შემთხვევაში ვერც ვაისი იქნება გამონაკლისი. ფაქტია, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებიდან მალევე დაკარგა პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე გასვლის რეალური შანსი.

შექმნილი ვითარება მწვრთნელს უბიძგებს ახალი გზებისა და ახალი საშუალებების ძიებისკენ. ჩვენ დღეს არ ვართ ისე, რომ აწყობილ ველოსიპედზე ვიჯდეთ და ახლის გამოგონების სურვილი არ გვკლავდეს.

ჩვენ ვითხოვთ ირლანდიის დამარცხებას, ავსტრიასთან ღირსეულ თამაშს და საინტერესოა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, როცა ჩვენი ფეხბურთელების მოზრდილი ნაწილი არ თამაშობს, ირლანდიელი და ავსტრიელი ფეხბურთელების უმრავლესობა კი სათამაშო პრაქტიკით განებივრებულია?!

ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შეცდომა არ დავუშვათ სანაკრებოდ ფეხბურთელების შერჩევისას. რა თქმა უნდა, ჩვენი საფეხბურთო რესურსი დღეს ისეთი არაა, რომ ნაკრებში თუნდაც ფეხბურთელთა ახალი ჯგუფის მიწვევით სიტუაცია უკეთესობისკენ ძირფესვიანად შეიცვალოს, მაგრამ ერთი ადგილის ტკეპნა და არსებულ რეალობასთან შეგუება კი არას გვარგებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 39 /
ბოლომდე წაკითხვაც კი დამეზარა ისეთი სისულელეები წერია საქართველოს პირველობიდან რომ გინდათ მოთამააშეები საქართველოს ჩემპიონატი გააქვთ საერთოდ? რა მოტივაციაზე ლაპარაკობ ქართველი მოტივირებული ფეხბურთელი გინახიათ სადმე? ვაისი რომ მოიყვანეს იმ დღესვე ვთქვი დედის გინებით გააგდებენ მეთქი და აი ნახავთ მალე მოვა ეგ დროც. გურჯებს ბურთი ყარფუზი გგონიათ და დამნაშავეებს სხვაგან ეძებთ ეს გენეტიკური ნაკლია თუ ერთხელ ერთი სიმართლის მთქმელი კაცი ვერ ვნახე ამ ნაქვეყნარში
ზურა
19:16 25-08-2017
0
Chakvetazeze amjerad tavs shevikavebdi da kucias da lakvexelians ki aucileblad gamovizaxebdi. Radgan zlivs Kaci gamochnda da gaushvas es navalovski tu maincdamainc guli unda wauvides uazro sirbilisas. Fexburtelebi gyavdes da AR atamashebde echvebs achens
vaso
16:36 25-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული