ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

AutoSharing Option
  • ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია
Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებს. საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის თერთმეტეული ჩვენი ვერსიით ასე გამოიყურება:

რევაზ თევდორაძე ("ლოკომოტივი") - პირველ სამ ტურში რევაზ თევდორაძის კარში 10 გოლი გავიდა, თუმცა "რკინიგზელთა" მეკარემ ბოლო ორ ტურში მოუმატა და ორ ბურთზე მეტი არ მიუღია. განსაკუთრებით აღსანიშნავია "საბურთალოსთან" მატჩი, როცა რამდენჯერმე საკუთარი გუნდის კარი გოლისგან იხსნა. გამოსარჩევია მისი "სეივები" თორნიკე გორგიაშვილის, ვაგნერ გონსალვეშისა და ბექა გვარაძის დარტყმების შემდეგ. თბილისურ დერბიში ერთადერთ გაშვებულ გოლსაც მას ვერ დავაბრალებთ, სათამაშო მომენტში
რომან ჭანტურიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ლევან ხარაბაძე ("დინამო") - თბილისელებს კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი ჰყავთ, რომელიც ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ხარაბაძე შეტევაშიც ერთვება და დაცვაშიც სტაბილურია. თუნდაც ნიკა ძალამიძის გოლი ლევან ხარაბაძის დამსახურებაა. თუმცა "ჩიხურასთან" მატჩში ერთი ჩავარდნაც ჰქონდა, ირაკლი ბუღრიძესთან პოზიციური ბრძოლა წააგო და პენალტი აიკიდა, რომელიც შემდეგ დემეტრე ბულისკერიამ აიღო.

ნიკა ჭანტურია ("ლოკომოტივი") - ნიკა შესაშურ ფორმაში შედის, ბოლო ორი შეხვედრაა, რაც საკუთარი გუნდის დაცვის ბურჯად იქცა და მისი დამსახურებაა, რომ "რკინიგზელთა" კარებს მეტოქე იმდენად ხშირად ვეღარ ემუქრება, როგორც წინა შემთხვევებში იყო. ფაქტია, ჭანტურიასთვის იდეალური პოზიცია ცენტრალური მცველობაა და წინა სეზონში მისი საყრდენ ზონაში გადაყვანას ფეხბურთელისა და გუნდისთვის უარყოფითი შედეგი მოჰქონდა.

მამუკა კობახიძე ("რუსთავი") - კობახიძე, გატანილ გოლზე მეტად, მისი აქტიურობითაა გამოსარჩევი. რუსთაველთა კაპიტანი მთელი შეხვედრის განმავლობაში მოედანზე ბევრს მოძრაობდა და მოტოქეთა შეტევებს იგერიებდა. 

ბექა ტუღუში ("ტორპედო") - ტუღუში ქუთაისელთა შორის მოედანზე ყველაზე გამოსარჩევი იყო. ბექა ყველაზე მეტად ამწვავებდა თავისი გუნდის თამაშს, ხოლო მეტოქის იერიშების ჩაშლაზეც კარგად მუშაობდა. საბოლოო ჯამში, 3 ქულის მთავარი შემოქმედიც გახდა, როცა ლევან კუტალიას პასს ზუსტად უპასუხა და ომარ მიგინეიშვილის კარი დალაშქრა.

ალვინ ფორტესი ("დილა") - ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ეროვნულ ლიგაში ისე დაიწყო, ბევრ ლეგიონერს შეშურდება: ხუთი ტურის შემდეგ ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა. გოლშიც არ არის მარტო საქმე, ის "დილას" შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მცველებისთვის დიდი თავის ტკივილი. თუ "კოლხეთი" დილას" მთელი პირველი ტაიმი უძალიანდებოდა, 56-ე წუთზე ალვინ ფორტესმა პირველმა დაიწყო მათი რბევა და შემდეგ გორელებს აღარ გასჭირვებიათ საქმის ბოლომდე მიყვანა.

ოთო კიტეიშვილი ("დინამო") - ტყუილი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ოთო კიტეიშვილი ხუთი ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში საუკეთესოა. ეს, პირველ რიგში, მისი სტაბილური და გამოსარჩევი თამაშით არის განპირობებული. ის მოედანზე ლიდერია და თავისი გუნდის წინამძღოლი, ხოლო 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ამის დასტურია. "ჩიხურასთან" კიტეიშვილმა საჯარიმოდან გოლი გაიტანა. თავიდან თითქოს საკამათო ეპიზოდი იყო, რამდენად იყო გოლი, თუმცა ვიდეოგამეორებაში კარგად გამოჩნდა გოლის მომენტი.

ლევან კუტალია
("ტორპედო") - "ტორპედოდან" ჯერჯერობით რთულია სტაბილურად მოთამაშე ფეხბურთელის მონახვა. ამ კომპონენტში ქუთაისელებიდან კი ლევან კუტალია საუკეთესოა. წლევანდელ სეზონში ის გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და "ტორპედოს" შემადგენლობაში გამოსარჩევი ფეხბურთელია. იმერულ დერბიში მის ანგარიშზე საგოლე გადაცემაა. ამ სეზონში მას 2 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა.

მამია გავაშელიშვილი ("ლოკომოტივი") - ახალგაზრდა შემტევი მიმდინარე სეზონში არ ჩანდა და მისი თამაში, ძირითადად, უფერული იყო. თუმცა "საბურთალოსთან" კარგად გამოიყურებოდა და გოლით საკუთარი გუნდის ფავორიტობა განამტკიცა.

ბექა მიქელთაძე ("რუსთავი") - 20 წლის თავდასხმელი დროთა განმავლობაში უშინაურდება ახალ გუნდს და "სიონთან" პირველი გოლის ავტორი გახდა. რუსთაველებს განსაკუთრებით ახლა სჭირდებათ მიქელთაძის საგოლე ალღო.

ვატო არველაძე ("ლოკომოტივი") - "რკინიგზელთა" ცუდი ასპარეზობის მიუხედავად, ვატო არველაძე მუდმივად ახერხებდა შეტევაში აქტიურობას. 20 წლის შემტევს კარგი შანსი აქვს, ამ სეზონში თავისი კვალი დატოვოს. "საბურთალოსთან" მატჩში მისი გოლი გამარჯვების საწყისი აღმოჩნდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელს აჯობა, მეკარე მოატყუა და გოლი გაიტანა.

ტურის საუკეთესო მწვრთნელი ლაშა ჭაღიაშვილი ("ლოკომოტივი") - გიორგი ჭიაბრიშვილი პირველ დუელში დამარცხდა "ლოკომოტივის" ახალ მწვრთნელთან. ჭაღიაშვილმა აქცენტი კონტრშეტევებზე გააკეთა და ფეხბურთელებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა, რის შედეგადაც პირველი სამი ქულა დაიმსახურა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბუღრიძე?
ნიკა
15:09 06-04-2018
0
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2018
#
გუნდი
6
3
2
1
6
11
6
3
2
1
3
11
6
2
1
3
-3
7
6
1
1
4
-11
4