ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

AutoSharing Option
  • ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია
  • ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებულია სანაკრებო ან სხვა საკლუბო ფოტო. მიზეზი არის ფეხბურთელის მაღალი ხარისხის ფოტოს არარსებობა.
Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებს. საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის თერთმეტეული ჩვენი ვერსიით ასე გამოიყურება:

ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო") - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე საოცარ პროგრესს განიცდის. ოთხი ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ყველაზე ცოტა - 2 ბურთი აქვს მიღებული და ბოლო ორი მატჩი მშრალი სერია აქვს. მისი სტაბილური ასპარეზობა "რუსთავთანაც" გამოჩნდა და კარს საიმედოდ იცავდა .

ლაშა ჩიკვაიძე ("ჩიხურა") -
ლაშა ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ფეხბურთელია ეროვნულ ლიგაში, ის და "ჩიხურა" განუყოფლები არიან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩიკვაიძის სტაბილური თამაში და საიმედოობაა. "ლოკომოტივთან" მატჩშიც მეტოქეთა შეტევებს კარგად მუხტავდა, ასევე, "რკინიგზელებთან" მატჩის მიწურულს მისი პასით დემურ ჩიხლაძემ წონასწორობა აღადგინა და გუნდს ქულა მოუტანა.

ნიკა ჭანტურია ("ლოკომოტივი") - "რკინიგზელებს" კაპიტანმა იმედები არ გაუცრუა. ჭანტურია საჩხერელებთან დაპირისპირებაში საუკეთესო იყო. როდესაც მოედანი გავაშელიშვილს დაატოვებინეს, ნიკამ ორი ფეხბურთელის საქმე ითავა და ამას თავი საკმაოდ წარმატებულად გაართვა. გამოსარჩევი იყო ის მომენტები, როცა ნიკამ რამდენჯერმე საჩხერელთა სახიფათოდ ჩამოწოდებული ბურთი უკუაქცია და გუნდი საფრთხისგან იხსნა. ასევე მისი აქტიურობის შედეგია გოლიც. მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა, რის შემდეგაც დამატებაზე ვატო არველაძემ გაიტანა.

დავით კობოური ("დინამო") - 20 წლის მცველმა ქართულ "კლასიკოში" მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, ბურთით ძალიან ბევრს მოძრაობდა და შეცდომებსაც თითქმის არ უშვებდა.

თორნიკე გორგიაშვილი ("საბურთალო") - გორგიაშვილის სახით თბილისელებს კარგი შენაძენი გამოუვიდათ. "საბურთალოს" ნახევარმცველი თითქმის ყველა მატჩში კარგად ირჯება და მისი ასპარეზობაც შედეგიანია. დიდი წვლილი მიუძღვის "რუსთავთან" მოგებულ მატჩში. მისი ზუსტი პასის წყალობით დიმიტრი ტატანაშვილმა გუნდის წინ გაყვანა შეძლო. გორგიაშვილმა ასევე რამდენჯერმე საინტერესო კომბინაცია წამოიწყო და მინდორზეც ბევრს მოძრაობდა.

ვაგნერ გონსალვეში ("საბურთალო") - 21 წლის ფრანგი გიორგი ხარაიშვილის წასვლის შემდეგ მის საქმეს თავობს და არცთუ ისე ურიგოდ. თბილისელთა ლეგიონერი გუნდის ლიდერად ყალიბდება და კიდევ უფრო მეტ ელფერს სძენს საბურთალოელთა შეტევებს. "რუსთავთან" მატჩში მეორე გოლი მის ანგარიშზეა, კარგად მიიღო პასი ბექა გვარაძისგან და გამოზომილი დარტყმით ნუკრი რევიშვილის კარი აიღო.

ალვინ ფორტესი ("დილა") - ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ეროვნულ ლიგაში გადმობარგებულ ლეგიონერებს შორის საუკეთესოა. ჯერ ხომ ერთი სიამოვნებაა ჰოლანდიელის თამაშის ყურება, რიგ შემთხვევაში ძალიან ლამაზ ფინტებს გვთავაზობს და მისი მოძრაობები ბევრი მცველისთვის თავბრუდამხვევია. ყველას ახსოვს მის მიერ "ტორპედოსთან" გატანილი გამარჯვების გოლი, ამჯერად კი მისი ნაყოფიერი გარჯით ორი საგოლე გადაცემა შესრულდა.

ოთო კიტეიშვილი ("დინამო") - თბილისელთა კაპიტანი მესამეჯერ ხვდება ჩვენს სიმბოლურ ნაკრებში. ოთხი ტურის შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისელთა ნახევარმცველი ეროვნულ ლიგაში საუკეთესოა.  სავარაუდოდ "დინამოს" მისი შენარჩუნება ზაფხულში გაუჭირდება. ქართულ "კლასიკოში" მის მიერ წამოწყებული ბევრი შეტევა ვიხილეთ, ერთ-ერთ ესეთი მომენტის დროს მე-12 წუთზე კიტეიშვილის პასით ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

ნოდარ ქავთარაძე ("დილა") - ოთხ ტურში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა, 25 წლის შემტევი მშვენიერ ფორმაშია. "სიონთან" მატჩში მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა, თამაშის დასაწყისში კი ალვინ ფორტესის პასი გოლად აქცია.

ბუდუ ზივზივაძე ("დინამო") - თბილისელთა თავდამსხმელი ნელ-ნელა შედის ფორმაში. "ტორპედოსთან" მატჩში დუბლი შეასრულა, თუმცა მეტიც შეეძლო. იყო შემთხვევები, როცა პასის გაკეთება გაუჭირდა და უკეთესი მოქმედება მართებდა.

ვლადიმერ გოგბერაშვილი ("კოლხეთი") - გოგბერაშვილის დამსახურებაა, რომ ფოთელებმა "სამტრედია" დაამარცხეს. იმერელთა მცველებს 30 წლის ფეხბურთელის შეჩერება ძალიან უჭირდათ. მატჩის მეორე ნახევარში გოგბერაშვილმა ორჯერ შეძლო მეტოქეთა კარის დალაშქვრა და "კოლხეთს" აქტივში პირველი სამი ქულა ჩაუწერა.

ტურის საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი ("საბურთალო") - თბილისელთა მწვრთნელმა ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია დააგროვა და "საბურთალო" მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე შემდგარი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი დამსახურებაა "რუსთავთან" მოგებული მატჩი, რადგან მისმა ცვლილებებმა გაამართლა და მოედანზე შეყვანილმა ტატანაშვილმა გოლი გაიტანა, ხოლო ბექა გვარაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
"კიტეიშვილის შენარჩუნება გაუჭირდებაო"......მალმალე შეახსენეთ ფიფიას გუნდის ისევ დაშლა არ გამორჩეს, ან არ დააგვიანოს.
levani kaxeti
17:54 02-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული