ეროვნული ლიგა. II ტურის წინ: "ცეცხლოვანი" ტურის მოლოდინში

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის მეორე ტური ახლოვდება და ამ კვირაშიც არანაკლებად დაძაბული მატჩები გველოდება.

Sportall.Ge

მეორე ტური გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საინტერესო მატჩით გაიხსნება. გორელები საჩხერელებს უმასპინძლებენ და მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან.

პირველ ტურში "დილას" მიერ "ტორპედოს" დამარცხების შემდეგ გამოჩნდა, რომ ამ სეზონში "დილა" უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე წინა წელს იყო და კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დარჩება ეროვნულ ლიგაში ყოფნის საკითხი.

ამოს ნონდი, ანზორ სუხიაშვილი, ალვინ ფორტესი, ნოდარ ქავთარაძე და დავით რაჟამაშვილი - ეს ის ბიჭები არიან, რომლებმაც
განსაკუთრებული როლი ითამაშეს ქვეყნის ჩემპიონის დამარცხებაში.

რაც შეეხება "ჩიხურას", პირველ ტურში 6:1 გაანადგურეს "კოლხეთი" და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს. განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ საჩხერელთა სამეული: გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე და ირაკლი ლექვთაძე.

ეს გუნდები წინა სეზონში 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, "დილამ" ორივეჯერ დაამარცხა საკუთარ სტადიონზე, ხოლო "ჩიხურამ" ერთხელ გაიმარჯვა და ერთხელაც ფრე ეთამაშა.

მატჩში ფავორიტად მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ. გიორგი დარასელიას უფრო მეტად დარაზმული გუნდი ჰყავს, ვიდრე სოსო ფრუიძეს, თუმცა ეროვნულ ლიგაში ყველაფერი ხდება.

მსაჯები: არბიტრი - გ. ყრუაშვილი, პირველი ასისტენტი - ზ. მენთეშაშვილი, მეორე ასისტენტი - გ. ელიკაშვილი, მეოთხე მსაჯი - ი. ხერხაძე

Sportall.Ge

ტურის ცენტრალური მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე შედგება, რომელიც ბოლოს ქუთაისელებმა გამარჯვებითა და სუპერთასით დატოვეს.

"რუსთავის" საშინაო სტადიონი სეზონის პირველ ნახევარში "პეტრო არენა" იქნება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კლუბს ბოლომდე აქ მოუწიოს დარჩენა.

ეროვნული ლიგის დებიუტანტმა პირველივე მატჩში თბილისის "დინამოს" სძლია 2:1 და მშვენიერ განწყობაზეა. იმის მიუხედავად, რომ პირველი ტურის მატჩში გუნდი ბოლომდე შეთამაშებული არ ჩანდა, გარკვეული კომპონენტები საკმაოდ დახვეწილად გამოიყურებოდა.

საკმაოდ ნაყოფიერად ირჯებოდნენ: მათე კვირკვია, ბექა მიქელთაძე, ნუკრი რევიშვილი და გიორგი გაბულოვი.

"რუსთავმა" ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა შეკრიბა და გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა. ის რად ღირს, რომ დათა სიჭინავა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის "რუსთავის" უმაღლესში გადასვლაში, სათადარიგო იყო და 1 წუთიც არ მისცემია მოედანზე გასვლის საშუალება.

"რუსთავის" პლუსია, რომ კონკურენტუნარიანი სათადარიგო შემადგენლობა ჰყავს, რომლებსაც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეების ჩანაცვლება არ გაუჭირდებათ.

ქუთაისელებმა გახსნით მატჩში საკუთარ სტადიონზე "დილასთან" მატჩი დათმეს. იმის მიუხედავად, რომ "ტორპედომ" ბირთვი შეინარჩუნა, ახალ შეკრულ გუნდთან საკმაოდ გაუჭირდა.

ტაშის ღირსია გრიგოლ დოლიძე, რომელიც ამ ასაკშიც საუკეთესოა და გუნდს თითქმის ყველა შანსს ამ მატჩში სწორედ ის აძლევდა.

"რუსთავთან" შეხვედრაში, დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება ჯაბა ლიპარტია, რომელმაც წინა ტურში ვერ ითამაშა. ხოლო "რუსთაველთა" შემადგენლობაში მათე ცინცაძე კვლავ არ იქნება.

ამ დაპირისპირებაში რთულია ფავორიტის დასახელება, რადგან არავინ იცის, თუ რომელი გუნდი რა სიურპრიზს შემოგვთავაზებს. დიდი როლი ექნება მწვრთნელების დაპირისპირებას და მათ ტაქტიკურ მონახაზს. ვნახოთ, როგორი გამოვა გაზაევი vs ჩხეტიანი.

Sportall.Ge


ზესტაფონში ეროვნული ლიგა ბრუნდება, თუმცა არა "ზესტაფონით", არამედ "კოლხეთით". "დავით აბაშიძე" დროებით ფოთელების საშინაო სტადიონი იქნება. ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდის შეძლებს "კოლხეთი" ფოთში თამაშს.

"კოლხეთმა" წინა მატჩი 1:6 დათმო და ის ერთადერთი გოლიც პენალტით გაიტანა. ფეხბურთელების თამაში ბევრ კითხვას ბადებდა. თუ შეცდომები არაპროფესიონალიზმის ბრალია, ჯობია ამ კლუბში ახალგაზრდა ქართველ ტალანტებს დაუთმონ ადგილი და არა ლეგიონერებს, რომლებიც უმარტივესი ფინტებით ტყუვდებიან და სირბილი ეზარებათ.

რაც შეეხება "საბურთალოს", წინა მატჩში ორი სხვადასხვა თამაში შემოგვთავაზა. იყო მომენტი, როცა პირველ ნახევარში 0:1 მარცხდებოდა და მეორე ნახევარში 3:1 მოიგო. ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი შეცვლაზე შემოსული დავით ვოლკოვი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. ასევე გამოსარჩევები იყვნენ: ვაგნერ გონსალვეში, თედორე გრიგალაშვილი და ნოდარ იაშვილი.

ამ შეხვედრაში ფავორიტად სტუმრები უნდა მოვიაზროთ, თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ წინა სეზონში ურთიერთშეხვედრების ბალანსში უკეთესი შედეგი ფოთელებს ჰქონდათ: 2 მატჩი მოიგეს, 1 ფრე ითამაშეს და 1-იც დათმეს.

Sportall.Ge

თბილისური დერბი გველის "მიხეილ მესხზე", ორი გამორჩეული დედაქალაქური კლუბი, რომლებიც მეორე ტურს უქულოდ ხვდებიან.

პირველი ტურის შეხვედრა თბილისურმა კლუბმა "სამტრედიასთან" 1:2 დათმო. რომ არა სამტრედიელთა მეკარე ომარ მიგინეიშვილი, "ლოკო" ალბათ ქულას მოიპოვებდა.

"ლოკომოტივს" წინა მატჩში განსაკუთრებით ეტყობოდა ირაკლი სიხარულიძის დანაკლისი და სასწრაფოდ ესაჭიროება გამტანი ფორვარდი. თუმცა გარჯას ვერ დავუკარგავთ თეიმურაზ შონიას, ვატო არველაძეს, ზურიკო დავითაშვილს და დავით ჯიქიას, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს გოლის გასატანად.

არ არის გამორიცხული, რომ ამ მატჩში შედგეს რომან ჭანტურიას დებიუტი ეროვნულ ლიგაში, რაც "ლოკომოტივისთვის" ძალიან კარგი იქნება. აქვე დავაანონსებთ, რომ ახალ რუბრიკას ვიწყებთ - "ერთი დღე კლუბთან ერთად" და მატჩამდე "ლოკომოტივს" ვესტუმრებით.

განახლებული "დინამო" გასული წლის ამდროინდელ გუნდს საერთოდ აღარ ჰგავს. მაშინ ბევრად ეფექტური და ტალანტებით დახუნძლული გუნდი იყო.

გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. "რუსთავთან" წაგებულ მატჩში გამოჩნდა, რომ კლუბს თითქმის ყველა კომპონენტში გაძლიერება ესაჭიროება, რადგან თამაშს მხოლოდ ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი და ლაშა თოთაძე ვერ მოიგებენ.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "დინამომ" ნიკა ძალამიძე დაიმატა. თუ ძალამიძე საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს, თბილისური გუნდისთვის აშკარად დიდი ძალა იქნება.

2017 წლის სეზონში,  ორივე გუნდმა 4 მატჩი გამართა და 2-2 გამარჯვებით თანაბრად დაშორდნენ.

Sportall.Ge

ტურის დასკვნითი მატჩი "მიხეილ მესხზე" შედგება, სადაც ფორმალურად სამტრედიელები ბოლნისელებს უმასპინძლებენ. "სამტრედიაც" მშობლიურ ქალაქს მესამე წრიდან დაუბრუნდება.

"სამტრედიამ" პირველ შეხვედრაში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "ლოკომოტივი". შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს: ომარ მიგინეიშვილმა, ლუკას ვეილმა, გიორგი ერისთავმა და მაიკლ ოლაიტანმა.

იმერლები ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ და ეს განხორციელებული ტრანსფერებითაცაა გამოწვეული. კლუბში სათამაშოდ რამდენიმე წამყვანი კლუბის აღზრდილი ფეხბურთელი გამოჩნდა.

ბოლოს სამტრედიელებმა "სენტ ეტიენის" აღზრდილი სიდი სანია დაიმატეს.

ბოლნისელებმა "საბურთალოსთან" მატჩში პირველი ტაიმის უპირატესობა გაანიავეს და საბოლოოდ 1:3 დამარცხდნენ. კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდების მიზანი ამ სეზონში ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, რაც ნამდვილად არ იქნება მარტივი. თუმცა კლუბში საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები ირიცხებიან და ამიტომ შეუძლებელი არაფერია.

ამ შეხვედრაში ფავორიტად, რა თქმა უნდა, მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ და ამავდროულად, ძალიან ლამაზ ფეხბურთსაც უნდა ველოდოთ, რადგან ორივე გუნდი შეტევაზე აკეთებს აქცენტს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დილა მოიგებს, ლოკო მოიგებს, რუსთავი მოიგებს, სამტრედია მოიგებს და საბურთალო შემოიხევს კოლხეთს
qomaga
12:56 09-03-2018
8

სიახლეები პოპულარული