ეროვნული ლიგა 2018. ქუთაისის "ტორპედოს" წარდგენა

AutoSharing Option
sportall.ge იწყებს 2018 წლის ეროვნულ ლიგაში მონაწილე გუნდების წარდგენას.

პირველ სეზონს "ტორპედო" და "ჩიხურა" იწყებენ, რომლებიც ქვეყნის სუპერთასზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შესაბამისად, ქვეყნის ჩემპიონით, "ტორპედოთი" ვიწყებთ.

"ტორპედომ" 2017 წელს 15 წლის შემდეგ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა და გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევის საგზური. ამავდროულად, საქართველოს თასზე ვერცხლის მედლებს დაეუფლა და პირველობა "ჩიხურასთან" დათმო.

კლუბი 2018 წლის სეზონს ბევრი სიახლით ხვდება: კლუბს ჰყავს ახალი სპონსორი, აქვს ახალი ლოგო და ეკიპირება, მზადდება ახალი საიტი, "ფანშოპი" და გაეშვა "ტორპედო TV".


ტრანსფერები

იმერულმა კლუბმა მაქსიმალურად შეინარჩუნა გუნდის ძირითადი ბირთვი, თუმცა ჰქონდა კლებაც, კლუბი დატოვა გუნდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა გუგა ფალავანდიშვილმა.

რაც შეეხება მომსვლელებს, ჩვენდა გასაკვირად, კლუბს არ უაქტიურია და ნამატს გაძლიერებას ვერ დავარქმევთ. თუმცა არ არის გამორიცხული, ქუთაისელებმა სიურპრიზიც შემოგვთავაზონ.

კლუბიდან წავიდნენ: გიორგი ბერიაშვილი ("სიონი"), მათე კვირკვია ("რუსთავი"), გუგა ფალავანდიშვილი ("პოძებისკიე"), გურამ ადამაძე (ბათუმის "დინამო"), კახაბერ მეშველიანი ("მერანი") და ვოლოდიმირ კორობკა (თავისუფალი აგენტი)

კლუბში მოვიდნენ: ევგენ ბოხაშვილი ("რუხი"), თენგიზ წიქარიძე ("დილა"), ტარიელ ხაინდრავა ("მეშახტე"), თორნიკე გრიგალაშვილი და მიხეილ სარდლიშვილი ("ჩიხურა"), მერაბ მეგრელიძე ("საბურთალოს" 19-წლამდელები)

შეკრება

იმედია, ქუთაისელთა ქომაგი არ გვიწყენს, მაგრამ ამ შეკრებას ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ კატასტროფული, რადგან ასეთი თამაშით მეტოქეებთან "ტორპედო" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში ფონს ვერ გავა. კლუბმა 4 მატჩიდან 3 წააგო და 1 მოიგო, 4 ბურთი მიიღო და მხოლოდ 1 გაიტანა.

პირველ შეხვედრაში იმერლები ყაზახურ "აქტობესთან" 0:2 დამარცხდნენ, მეტოქემ 2017 წლის სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა და არც სატრანსფერო ფანჯრის დროს გაძლიერებულა ისე, რომ საქართველოს ჩემპიონი დაემარცხებინა. სხვათა შორის, "აქტობეს" ქობულეთის "შუქურაც" ეთამაშა, რომელიც უკვე ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარია და 2:3 დამარცხდა.

მეორე შეხვედრა "ტორპედოსთვის" პოზიტიური და იმედისმომცემი იყო, რადგან ამ შემთხვევაში კლუბმა გამარჯვება მოიპოვა - 1:0. ამჯერად მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის ბინადარი "ოლექსანდრია" იყო, რომელიც მიმდინარე სეზონში მე-8 ადგილზეა.

მოულოდნელობა იყო მოსკოვის "ტორპედოსთან" მარცხი, რომელიც 0:1 დასრულდა. რუსული გუნდი რანგით მე-3 ლიგის ცენტრალურ ზონაში (სულ ასეთი 5 ზონაა) მე-3 პოზიციაზე იმყოფება. ამ შეხვედრაში განსაკუთრებით კარგი თავდამსხმელის არყოფნამ იჩინა თავი და რიგ მომენტებში ბავშვურმა შეცდომებმა.

კლუბმა ბოლო შეხვედრაც ყაზახურ გუნდთან გამართა. მეტოქე მეორეადგილოსანი "კაირათი" იყო და 0:1 დამარცხდა. ეს ალბათ ყველაზე ლოგიკური მარცხი იყო, რადგან მეტოქეს ნამდვილად კარგი გუნდი ჰყავს და საევროპალიგოდ ემზადება.

დასკვნა

2018 წლის სეზონში ქუთაისის "ტორპედო" ეროვნული ლიგის მოგების ან საპრიზო ადგილის დაკავების ფავორიტი კვლავ იქნება, თუმცა კენჭისყრაზე ძალიან უნდა გაუმართლოს, რომ შეძლოს ჩემპიონთა ლიგის მე-2 ეტაპის გადალახვა, რადგან არსებული შემადგენლობით საერთაშორისო წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა გახდა ლეგიონერის დამაატება? რა ლეგიონერები მიცა სამტრედიამ ნახეთ!
ჯუნგლი
11:29 20-02-2018
0
ეს ახალი ფლობელი ფულის საკეთებლად მოვიდა?
ჯუნგლი
11:28 20-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული