"ლოკომოტივის" ამბები: წამსვლელ-მომსვლელები და შეკრება საქართველოში

AutoSharing Option
დედაქალაქელები მომავალი სეზონისთვის მზადებას საქართველოში გადიან და საწვრთნელად უცხოეთში არ წასულან.

საინტერესოა, რატომ მიიღო გუნდმა აღნიშნული გადაწყვეტილება. ასევე ბევრი სიახლეა კლუბში წამსვლელ და დამატებულ ფეხბურთელთა შორის.

Sportall.ge ამასთან დაკავშირებით თბილისის "ლოკომოტივის" სპორტულ დირექტორ თამაზ ბოკერიას დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- სად გადის გუნდი მომავალი სეზონისთვის მზადებას? როგორც ვიცით, გუნდი უცხოურ შეკრებაზე არ წასულა...
- უცხოეთში გუნდი არ გაემგზავრა, რადგან როგორც მწვრთნელებმა, ისე სპორტულმა დირექტორატმა გადაწყვიტა, გუნდი საქართველოში უნდა მომზადებულიყო.

- ვინ დაიმატა თბილისის "ლოკომოტივმა" და რომელმა ფეხბურთელებმა დატოვეს კლუბი?
-
გუნდი დატოვეს - გიორგი რეხვიაშვილმა, ნოდარ ქავთარაძემ, გიორგი დიასამიძემ, მამუკა კობახიძემ, ირაკლი სიხარულიძემ, რევაზ ჩიტეიშვილმა, ირაკლი გუღრიძემ, ლუკა ვარძელაშვილმა და ბექა ქურდაძე დაბრუნდა "საბურთალოში".

რაც შეეხება დამატებულ ფეხბურთელებს... დავიმატეთ - თეიმურაზ შონია ბათუმის "დინამოდან", ზუბა დავითაშვილი თბილისის "დინამოდან", ოთარ კობახიძე "შევარდენიდან" და დავით ჯიქია "სამტრედიიდან". აგრეთვე დავიმატეთ ახალგაზრდა მეკარე ზურაბ გუგუშვილი "ვიტ ჯორჯიიდან" და შოთა შეყილაძე, 17-წლამდელთა ოქროს ლიგის ბომბარდირი "ზესტაფონიდან".

- ამ ყველა ტრანსფერის ფონზე, რა იქნება თბილისის "ლოკომოტივის" მიზანი ეროვნულ ლიგაში?
- "ლოკომოტივი" ყოველთვის ამბიციური გუნდია და ყოველთვის აქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ მოწინავეთა შორის იყოს, მაგრამ უპირველესი მიზანი რაც იყო და დღესაც ასე რჩება, იყო ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა აღვზარდოთ და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებს მივაწოდოთ.

- გიორგი დევდარიანის შესახებაც გკითხავთ... რატომ აღარ გაუხანგრძლივდა დევდარიანს კონტრაქტი?
- კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით აღარ გახანგრძლივდა... გიორგისთან კონტრაქტი აღარ გაგრძელდა, თუმცა მისი წვლილი ამ გუნდის ჩამოყალიბებაში და ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებაში ძალიან დიდია. იგივე, ვატო არველაძის მაგალითი. გიორგის ღვაწლს ძალიან ვაფასებთ და ჩვენ მეგობრებად დავრჩით, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრებაა და ყველაფერი ხდება.

- თქვენ ვატო არველაძე ახსენეთ, იგი თქვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია; ასევე, დავით სამურკასოვიც... თუ არის რაიმე ინტერესი მათ ტრანსფერზე?
- იცით რა, ინტერესი ზოგადად ნიჭიერი ფეხბურთელის მიმართ ყოველთვის არის, მაგრამ ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ორივე ფეხბურთელმა ამ ეტაპზე გადაწყვიტა "ლოკომოტივში" დარჩენა, რადგან მათი ზრდისთვის ეს უფრო ხელსაყრელი იქნებოდა. ასე რომ, იმედი გვაქვს და გვსურს, რომ "ლოკომოტივიდან" ფეხბურთელებმა ევროპულ საფეხბურთო კლუბებში გააგრძელონ კარიერა.

- ვასილ მაისურაძე იყო "ლოკომოტივის" 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი, ხოლო გიორგი დევდარიანი - ძირითადი გუნდის დამრიგებელი... ორივე საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა და ორივემ გუნდი დატოვა. რატომ ხდება, რომ წარმატებული მწვრთნელები გუნდიდან მიდიან?
- ვასილ მაისურაძის შემთხვევაში, იგი 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელია და ფედერაციამ მიიღო კანონი, რომ ნაკრებში მომუშავე მწვრთნელს კლუბში მუშაობის უფლება არ აქვს. სწორედ ამიტომ წავიდა მაისურაძე. ჩვენ ძალიან გვსურდა მასთან შეთანხმების გაგრძელება, მაგრამ აღნიშნული მიზეზის გამო შეთანხმება ვერ შედგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული