სოსო ფრუიძე: სწორედ ამ პირობების არარსებობის გამო გარბის ყველა საქართველოდან

AutoSharing Option
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში საჩხერის "ჩიხურა" ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა.

ამ ყველაფერს გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე მატერიალურ პრობლემებს აბრალებს.

მისი თქმით, წასულ ფეხბურთელებს სხვა კლუბებმა უკეთესი ხელფასები შესთავაზეს.

არადა, "ჩიხურამ" საქართველოს სახელი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა დაიცვას.

Sportall.ge-მ სოსო ფრუიძესთან საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

- სეზონის დასრულების შემდეგ საჩხერის "ჩიხურა" ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა... რას იტყოდით ამის შესახებ?
- პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ვინც წავიდნენ, იმათ სხვა გუნდებმა უკეთესი პირობები შესთავაზეს. ჩვენ არ გვაქვს ის პირობები,
რომლებიც სხვა გუნდებს აქვთ.

პირველ რიგში, ვგულისხმობ მატერიალურ თვალსაზრისს, ასევე, საშინაო თამაშებს სხვადასხვა ქალაქში ვატარებთ და საჩხერეში ვერ ვთამაშობთ და ეს ბიჭებიც, ვინც წავიდნენ, რა თქმა უნდა, სტაბილურ სიტუაციას არჩევენ.

- გუნდის ახალწვეულებზე რომ გვითხრათ, ვინ დაიმატეთ და ვისი ტრანსფერები იგეგმება მომავალში?
- მარტვილის "მერანიდან" დავით მაისაშვილი დავიმატეთ, გიორგი ბუხაიძე ფოთის "კოლხეთიდან", ასევე ვსინჯავთ 4-5 ფეხბურთელს და მათი საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება.

- თქვენს კლუბში მხოლოდ ერთი ლეგიონერია - მეკარე დინო ჰამზიჩის სახით. ხომ არ იგეგმება სხვა ლეგიონერების ჩამოყვანაც?
- იგეგმება ორი ბრაზილიელი ფეხბურთელის ჩამოყვანა, რომლებიც დაბალ ლიგებში ასპარეზობენ. ისინი ჩვენთან სინჯებზე ჩამოვლენ.

პირველი არის ალესანდრო დოს სანტოსი, რომელიც 20 წლისაა და პოზიციით ფორვარდია. მეორე კი 29 წლის დიეგო მარტინსია.

- გასულ სეზონში კლუბი საშინაო შეხვედრებს საჩხერეში ვერ ატარებდა. რა შეიცვლება ამ მხრივ მომავალ სეზონში?
- იგეგმება სტადიონის გაკეთება და როგორც ვიცი, მოედნის საფარი მალე გამოიცვლება. ამ ყველაფერს ჩვენთან ერთად ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს.

1-2 წრის თამაში, სავარაუდოდ, ან ზესტაფონში, ანაც თბილისში მოგვიწევს.

- თქვენ 2008 წლიდან ხართ საჩხერის "ჩიხურას" თავკაცი  და გუნდი საკმაოდ სტაბილურად ასპარეზობს. რა არის ამ სტაბილურობის ფორმულა?
- მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს, რომ ჩვენთან ყოველთვის იყო სტაბილურობა.

ჩვენ ფეხბურთელს არ ვატყუებთ და ვცდილობთ, რომ პირველ რიგში, მისთვის იყოს ყველაფერი გაკეთებული და გაუმჯობესებული.

ალბათ, ეს არის წარმატების და სტაბილურობის გარანტი, რომ ყველანაირად ვცდილობთ, მაქსიმალური კომფორტი შევქმნათ. ეს ყველაფერი კი კლუბის ხელმძღვანელობის კარგი მუშაობის შედეგია.

საჩხერის "ჩიხურა" კი ფეხბურთელებისთვის ერთგვარ ტრამპლინად იქცა...

- რა იქნება "ჩიხურას" მიზანი მომავალ ეროვნულ ლიგაში?
- ამჟამად რთული სათქმელია... ჩვენ ძირითადის ძალიან ბევრი ფეხბურთელი დავკარგეთ. მოგვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რადგან მატერიალური მდგომარეობა, რაც მაგალითად, შარშან გვქონდა, იმდენიც აღარ გაგვაჩნია.

ყველაფერს ვეცდებით, რომ ეს ბირთვი, რაც გუნდში დარჩა, ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად შევათამაშოთ და ვნახოთ, ამისგან რა გამოვა.

- გუნდი ძალიან დასუსტდა და ამის ფონზე რას უნდა ველოდეთ ევროტურნირებზე საჩხერის "ჩიხურასგან"?
- რა თქმა უნდა, საჩხერის "ჩიხურა" ყოველთვის მებრძოლ გუნდად წარმოაჩენდა თავს, ყოველთვის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებდით.

წინასწარ ძალიან რთულია საუბარი. თავს არ ვიზღვევ, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რაც შეგვეძლება იმ დროისთვის.

- თქვენ მრავალ ფეხბურთელთან გიმუშავიათ. ხშირად ხდება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები სათამაშოდ უცხოეთში მიდიან და იქ თავს ვერ იმკვიდრებენ. როგორ ფიქრობ, რატომ ხდება ეს?
- ეს საერთოდ რთული თემაა... პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ თუკი ვინმე გამოჩნდა ჩვენს ჩემპიონატში, ყველა წავიდა.

თანდათან ჩვენი ჩემპიონატი ორ კატეგორიად იყოფა - ვინც ვერ მიდის და ასაკოვანი ფეხბურთელები...

საფეხბურთო ბაზარი არ არის და ზოგიერთ გუნდში ისეთი ხელფასია, ფეხბურთელი თავს ვერ ირჩენს.

ფეხბურთელი მიდის და ნახულობს, რომ იქ უკეთესი პირობები აქვს. აქ ფეხბურთელს ელემენტარულად თამაშის შემდეგ ბევრ კლუბში აღდგენა არ შეუძლია...

ფეხბურთი მარტო ის არაა, გამოხვიდე და ითამაშო. თამაშის წინ და შემდეგაც ძალიან ბევრი პროცედურაა. სწორედ ამ პირობების არარსებობის გამო გარბის ყველა აქედან.

- თქვენ ფინანსურ მხარეს შეეხეთ... უეფა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრილ კლუბებს საკმაოდ სოლიდურ თანხას ურიცხავს. რაში იხარჯება ეს თანხები?
- ჩვენთან 500-მდე ბავშვი ვარჯიშობს. არის დაახლოებით 25 ბავშვთა მწვრთნელი, 2 სტადიონი თავისი დაცვით... ეს ყველაფერი კი თანხებს მოითხოვს.

ჩვენ, ძირითად კლუბს მთლიანი შემოსული თანხა არ გვხმარდება, თანხა ნაწილდება ასევე აკადემიაზე და სხვა რაღაცებზეც.

დასამალი არაფერი არ არის და ახლა ევროპის ლიგაზე გასვლისგან ნახევარი მილიონი მივიღეთ.

ამ თანხიდან დიდი ნაწილი წავიდა ისეთ ხარჯებზე, როგორებიც არის ევროთასებისთვის მომზადება, მგზავრობა და ა.შ. დარჩენილი თანხა კლუბის თანამშრომლებისა და ფეხბურთელების პრემიებზე წავიდა. კი პრემიებში წავიდა. არა მარტო მწვრთნელებს და ფეხბურთელებს, არამედ მთლიანად, ვინც კლუბთან კავშირშია, ყველას პრემიები დაურიგდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სოსოს კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვებს. ის კარგი სპეციალისტია და კარგ ბძოლის უნარიან გუნდს შექმნის, წარმატებები........
berbiqa
11:59 12-01-2018
0
vis rad unda. chixura vin iyidis ras itxovs es xalxi.10clis cin sachxereshi 30bavshvi tamashobda axla 500.esaa migceva am kacis da mtlianad klubis.am dadebits shexedet sul cud ro edzebt
Byrda
10:10 12-01-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული