ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

როინ კვასხვაძე: როცა ემოციები გაცივდა კიტეიშვილს დავურეკე

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მეკარემ როინ კვასხვაძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ოთარ კიტეიშვილის მიერ შესრულებული პენალტის მოგერიებაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- თქვენ მიერ მოგერიებულმა თერთმეტმეტრიანმა "ტორპედოს" ჩემპიონობა არგუნა. საინტერესოა, თამაშამდე თუ ემზადებოდით სპეციალურად პენალტისთვის, თუ სწავლობდით მოწინააღმდეგის ფეხბურთელების მიერ თერთმეტმეტრიანების შესრულების მანერას?
- როცა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშია, შენს წარმოდგენაში ყოველთვის არის ეს მომენტი. ფიქრობ იმ რამდენიმე ფეხბურთელის შესრულების მანერაზე, რომელმაც შეიძლება პენალტი დაარტყას. ასე ვიყავი მეც.

მახსოვს, პენალტი რომ დაინიშნა, მსაჯთან მივედი და რაღაცას ველაპარაკებოდი. ვიცოდი, არ შეიცვლებოდა გადაწყვეტილება...უბრალოდ, თავში მქონდა აზრი, რომ
არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამეშვა გოლი.

თავდაჯერებული ვიყავი ძალიან. მქონდა შეგრძნება, რომ გმირი უნდა გავმხდარიყავი. მართლა ვერ ვიტყვი ახლა, რატომ იყო ასე. არადა, ნამდვილად არ ველოდი, თუ ოთარ კიტეიშვილი შუაში დაარტყამდა

- ვიცით, რომ კიტეიშვილს დაურეკეთ და გაამხნევეთ...
- იმ მომენტში ოთოსთვის არაფერი მითქვამს. როცა ემოციები ცოტა გაცივდა, მერე დავურეკე. ეს ფეხბურთია... შეიძლება, დღეს შენ იყო გმირი, ხვალ სხვას გაუღიმოს ბედმა... ზუსტად ვიცი, ოთარს რომ გაეტანა, ისიც დამირეკავდა, გვერდში დამიდგებოდა, გამამხნევებდა... ჩვეულებრივი მომენტია.

ადამიანები გვერდით უნდა დავუდგეთ ერთმანეთს. სულაც არ მიმაჩნია, რომ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთე. ოთარს ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან კარგი ფეხბურთელია... თან ემოციურია და ვიცი, როგორ განიცადა. ამასთან, მჯერა, რომ ძალიან დიდი წარმატებები ელოდება კარიერაში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე