კვასხვაძე, სიხარულიძე და სხვები - ყველაზე გამორჩეულები ეროვნულ ლიგაში

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა.

ქვეყნის ყველაზე ძლიერი კლუბი ქუთაისის "ტორპედო" აღმოჩნდა, რომელმაც ნანატრი ტიტული 15 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.

Sportall.ge დღეს იმ გამორჩეულ ფეხბურთელებსა და გუნდებს გაგაცნობთ, რომლებიც გასულ ეროვნულ პირველობაზე გამოვლინდნენ.

დავიწყოთ ყველაზე მეტი გატანილი გოლით, რომელიც თბილისის "დინამოს" ანგარიშზეა. კახა კაჭარავას გაწვრთნილებმა მეტოქეთა კარი გასულ სეზონში 79-კერ დალაშქრეს.

რა თქმა უნდა, აქედან უმრავლესობა იმ პერიოდზე მოდის, როდესაც გუნდში ლიდერები ასპარეზობდნენ. იყო შეხვედრები, სადაც დედაქალაქელები 5 გოლსაც კი უპრობლემოდ იტანდნენ.

გიორგი პაპუნაშვილის, ბაჩანა არაბულის, საბა ლობჟანიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის
წასვლის შემდეგ კი კახა კაჭარავას თავიდან მოუხდა გუნდის აწყობა.

Sportall.Ge

კლუბში ფოთის "კოლხეთიდან" მივიდა მიკოლა კოვტალიუკი, რომელსაც გოლედაროს ფუნქციები უნდა ეკისრა, თუმცა უკრაინელმა "დინამოს" შემადგენლობაში გოლის გატანაც კი ვერ შეძლო.

საბოლოოდ, გუნდის ბომბარდირი ბექა მიქელთაძე გახდა, რომელმაც მეკარეთა კარი 15-ჯერ აიღო.

ყველაზე ცოტა, 28 გოლი ჩემპიონატში ბათუმის "დინამომ" გაიტანა. ერთადერთი გასახარი,  ამ კლუბის გულშემატკივარს რაც (და არამარტო მათ) დარჩა, ისაა, რომ ბათუმში უახლოეს პერიოდში ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება.

კლუბში მთელი სეზონის განმავლობაში არეულობა იყო. ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ ზღვისპირელებმა 4 მწვრთნელი შეიცვალეს.

ბევრს აქტიურობდა და ცდილობდა უკრაინელი ფორვარდი იაროსლავ კვასოვი, რომელიც თავის კლუბს 8 გატანილი გოლით შეეწია.

Sportall.Ge

ბათუმელები ძალიან დააღალატა მათმა მეორე უკრაინელმა ლეგიონერმა ანატოლი ტიმოფეევმა. 25 წლის კარის დარაჯი ბევრ სიტუაციაში ცდებოდა, ერთ-ერთ ასეთად კი ბოლნისის "სიონის" წინააღმდეგ დაშვებული შეცდომა შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელმაც, როგორც შემდეგში გაირკვა, გადაწყვიტა კიდეც "დინამოს" მე-2 ლიგაში დაქვეითების საკითხი.

საინტერესოა, როგორი გუნდი იქნება და რა შემადგენლობით ითამაშებს ბათუმური კლუბი ქვეყნის რანგით მეორე საფეხბურთო ჩემპიონატში.

ერთი რამ კი აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდი უკვე დატოვა კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ.

ჩემპიონატში ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა მაყურებელმა "დავით პეტრიაშვილის" სახელობის სტადიონზე იხილა. იმ შეხვედრაში "საბურთალომ" კოლხეთი"6:3 დაამარცხა.


საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში დუბლი სამმა ფეხბურთელმა (დაჩი ცნობილაძემ, ოლექსანდრ დერებჩენკიმ, ლაშა შინდაგორიძემ) შეასრულა.

"საბურთალო" გასულ სეზონში ბევრსაც იტანდა და უშვებდა. მათი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი ასეთი ფეხბურთის მოყვარულია.

ჭიაბრიშვილს ასევე უყვარს, როდესაც ბურთს მისი გუნდი აკონტროლებს. სწორედ "საბურთალო" გავიდა ამ კომპონენტში პირველ ადგილზე.

ეს კლუბი ბურთს საშუალოდ შეხვედრაში 55,7%-ით აკონტროლებდა.

ყველა მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში შეუცვლელად ჩაატარა როინ კვასხვაძემ.

გამოცდილმა კარის დარაჯმა, რომლის მიერ მოგერიებულმა პენალტმაც საბოლოოდ ქვეყნის ჩემპიონის ვინაობის ბედი გადაწყვიტა, ასევე ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა.  28 წლის კარის დარაჯი საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა.


კვასხვაძე კი ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის ნამდვილი გმირი გახდა. მისმა ერთა ნახტომმა იმერლების 15-წლიანი ლოდინი დაასრულა. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კი აღნიშნა, რომ კვასხვაძის ვაჟკაცობა ფასდაუდებელია.

Sportall.Ge

ყველაზე მეტ გადაცემას ჩემპიონატში "სამტრედია" (532,5 საშ) ასრულებდა.

სამტრედიელებმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეს და გია ცეცაძემაც თავისი სურვილით პოსტი მალევე დატოვა და იგი უჩა სოსიაშვილმა ჩაანაცვლა.

Sportall.Ge

ალბათ, სწორედ სოსიაშვილის დამსახურებაა, გუნდი რომ ამ კომპონენტში ლიდერობს. ახალგაზრდა სპეციალისტმა ერთხელ უკვე იზეიმა ჩემპიონობა გორის "დილასთან" ერთად.

დაბოლოს, ჩემპიონატის ბომბარდირდზე, ირაკლი სიხარულიძეზეც ვთქვათ.

გასულ სეზონში თბილისის "ლოკომოტივის" ფორვარდმა მეტოქეთა კარი 25-ჯერ აიღო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ფეხბურთელის ბომბარდირობას ძალიან ცოტა ადამიანი თუ ელოდა.

Sportall.Ge

ახლა კი სიხარულიძის ტრანსფერის გარშემო ხმები არ წყდება. ითქვა, რომ მისი შეძენა ავსტრიულ და პოლონურ კლუბებს სურთ, თუმცა ფეხბურთელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის.

სიხარულიძემ წელს ასევე კარგი შთაბეჭდილება დატოვა ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ შეხვედრებშიც, მან ბელორუსთან მატჩში სადებიუტო გოლიც მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რუსთავი ყოველთვის მებრძოლი გუნდი იყო და გამიხარდა რომ დაბრუნდა უმაღლესში.კილასონიასთან ვვარჯიშობდი რაგაც პერიოდი და მართლა მომთხოვნი მწვრთნელია და უყვარს ფიზიკურად ძლიერი და მომზადებული ფეხბურყელები.და იმიტომაც შეძლო ამდენი..წარმატება რუსთაველებს
Toko
20:29 14-12-2017
0
ცეცაძემ მალევე კი არა 3 წრის შემდეგ დატოვა კლუბი ,მალევე რომ დაეტოვებინა კლუბი,მესამე ადგილსაც ვერ დაიკავებდა "სამტრედია".
სოსიაშვილის დამსახურება არაა გადაცემათა ოდენობის მატება,პირიქით მის დროს ბურთის თრევა უფრო ხანგრძლივი და უაზრო გახდა,დახედეთ მატჩებს ყურადღებით.
agfa
14:41 14-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული