"ვინმეს რომ ეთქვა, "დინამოს" ჩემპიონობა ერთ დარტყმაზე იქნება დამოკიდებულიო, არავინ დაიჯერებდა"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველი ლევან სალუქვაძე გაზეთ "ლელოსთან" საუბარში გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

სალუქვაძემ აღნიშნა, რომ მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას ხელმძღვანელობის სრული ნდობა აქვს და მუშაობას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო" ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" შინ დამარცხდა, რომლის შედეგადაც ჩემპიონები ქუთაისელები გახდნენ.

- 15 წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია [VIDEO]

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- სანამ სეზონის შეფასებაზე გადავალ, მინდა, ქუთაისის "ტორპედოს" თხუთმეტწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოგება მივულოცო. ამასთან, ვუსურვებ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს
პრესტიჟის ღირსეულად დაცვას...

რაც შეეხება სეზონის შეფასებას, ალბათ, უპრიანი იქნება, თუ ბოლოდან დავიწყებთ.

"ტორპედოსთან" შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და ჩვენ ახლა, როგორც იტყვიან, ცხელ გულზე ვსაუბრობთ. ყველამ ნახეთ, რა ლამაზი და დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. თბილისის "დინამოს" ძალიან დიდი შანსი ჰქონდა იმისა, რომ ჩემპიონი გამხდარიყო, მაგრამ... რას ვიზამთ... ამ შემთხვევაში, იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს...

- რა თქმა უნდა, "დინამო" ქართულ საფეხბურთო სივრცეში მუდამ პირველობისთვის იბრძვის, მაგრამ სეზონის დაწყების წინ, ხოლო შემდეგ, ზაფხულში, კიდევ უფრო გაახალგაზრდავებული გუნდისგან ასეთ შედეგსაც არ ელოდა ბევრი...
- სეზონის დასაწყისში "დინამო" გაახალგაზრდავდა ჩვენი კლუბის ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს აქცენტის გადატანას ჩვენი საკლუბო აკადემიის აღზრდილებზე. ბევრი სპეციალისტი და, მათ შორის, თქვენი კოლეგაც მიიჩნევდა, რომ არათუ ჩემპიონობისთვის ბრძოლა, უფრო მოკრძალებული მიზნების მიღწევაც გაჭირდებოდა.

ალბათ, საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე ვინმეს რომ ეთქვა, "დინამოს" ჩემპიონობის ბედი ერთ დარტყმაზე იქნება დამოკიდებულიო, არავინ დაიჯერებდა. კლუბის მთელმა პერსონალმა, სამწვრთნელო შტაბმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ "დინამოს" ბოლო ტურამდე ჰქონოდა საჩემპიონო შანსი...

კლუბის პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას არც საჯაროდ და არც უშუალო შეხვედრების დროს სამწვრთნელო შტაბისთვის მიზნად არ დაუსახავს ჩემპიონის ტიტულის უპირობოდ მოგება. ეს იმიტომ, რომ მიმდინარეობდა ყველასთვის ცნობილი გაახალგაზრდავების პროცესი. მერე და მერე, როცა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გუნდი ლიდერობდა, თავისთავად გაჩნდა ამის სურვილი...

რას ვიზამთ, მოხდა ის, რაც მოხდა. როგორც ჩანს, ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს სჭირდებათ ასეთი გამოცდილება, რათა კიდევ მეტი ისწავლონ და წარმატებით ითამაშონ როგორც "დინამოში", ისე საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ თუ ეროვნულ ნაკრებში.

ვინ წარმოიდგენდა, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში ტრავმების გამო დაგვაკლდებოდნენ ბაქარ ქარდავა და გიორგი ზარია, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა თოთაძე კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებდა "ტორპედოსთან" მატჩს...

- თავად ისაუბრეთ იმ მიზეზთა ნაწილზე, რის გამოც სამწვრთნელო შტაბს, ალბათ, უფრო ქების სიტყვები ეკუთვნის, ვიდრე საყვედური. რამდენად დიდია კახა კაჭარავასა და მისი შტაბის ნდობის ვოტუმი?
- ჩვენ უკვე შევაფასეთ განვლილი სეზონი და სრული პასუხისმგებლობით უნდა გითხრათ, რომ კახა კაჭარავას და ფიზმომზადების უკრაინელ მწვრთნელ ვიტალი შპანიუკს სრული ნდობა აქვთ კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან. ასე რომ, კაჭარავა აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას.

- ამას წინათ, კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას ვესაუბრეთ. მან თქვა, რომ საევროთასოდ გუნდს წერტილოვნად გააძლიერებს ისეთი ლეგიონერებით, რომლებიც "დინამოს" ევროთასებზე წარმატებით ასპარეზობაში დაეხმარებიან...
- დიახ, ასეა, ოღონდ ეს საკითხი დღის წესრიგში უფრო ევროთასების წინ დადგება, მანამდე კი ნახევარი სეზონია სათამაშო. ეს დრო გვაჩვენებს, რომელ ფეხბურთელებს შეგვიძლია დავეყრდნოთ ბოლომდე.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 29 /
წერტილოვნად გაძლიერებული გუნდი მძიმედ ითამაშებს
temida
22:10 04-12-2017
0
ფიფოს ერთგული ყმა სალუქვაძე!
Grisha
13:22 03-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული